საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.07.2003
საქმის ნომერი
2კ-171აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 171-აპ 24 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 21 აპრილის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი შ. გ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით შ. გ. გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

შ. გ-ს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხა მის მართლზომიერ განმგებლობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, ჩადენილი ორანიზებული ჯგუფის მიერ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული გამოიხატა მასში, რომ მუშაობდა რა იგი სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის” დირექტორად მადნეულის გამდიდრებისა და ეკოლოგიის საკითხებში და იმყოფებოდა რა მის მართლზომიერ, სამსახურებრივ განმგებლობაში საზოგადოების მატერიალური ფასეულობა (ქონება), ამავე საზოგადოების გენერალურ დირექტორთან, აწგარდაცვლილ თანამზრახველ პირთან წინასწარი შეთანხმებით, 1999წ. 21 მაისს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) “ნოკინტერნის" საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულება 250 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, “ბელაზის” მარკის ორი თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანის საფასურად სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების ნაწილის _ 11.900 ათასი ლარის ღირებულების, 700 ათასი მანგანუმის მადნის გამდიდრების შედეგად მიღებული (ერთი ტონისა 0,357 აშშ დოლარის ღირებულებით) ნარჩენის გადაცემის შესახებ, რაც შეთანხმებული არ ყოფილა საწესდებო კაპიტალში შეტანილი მატერიალური ფასეულობების განკარგვის კომპეტენციის მქონე ორგანოებთან _ საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებასა და სამეთვალყურეო საბჭოსთან. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერდა სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის”დირექტორი შ. გ. და მისივე განკარგულებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, შპს “ნოკინტერნის”საქართველოს ფილიალს გადაეცა 11900 ათასი ლარის ღირებულების 700 ათასი ტონა მანგანუმის მადნის გამდიდრების შედეგად მიღებული ნარჩენები, რის სანაცვლოდაც სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმმა” 1999წ. 21 აგვისტოს მიიღო 492500 ლარის ღირებულების ორი ცალი “ბელაზის” მარკის თვითმცლელი ავტომანქანა. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის სააქციო საზოგადოება “ჭიათირმანგანუმს” მიადგა 11. 425.444,5 ლარის, აქედან სახელმწიფოს (როგორც აქციათა პაკეტის 79,9 პროცენტის მფლობელს) _ 9.128.939 ლარის მატერიალური ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნ. ჩ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებული განაჩენის გაუქმებას და მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: მართალია, გაფლანგულად შერაცხული ქონება მესაკუთრის (სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის") ფონდიდან ფაქტობრივად ამოღებული არ ყოფილა და ასევე ხელშეკრულებით მიღებული “ბელაზის” მარკის თვითმცლელი ავტომანქანები იმყოფებიან სააქციო საზოგადოება “ფეროს” საწყობში განბაჟებამდე, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ შ. გ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან საქმეში არსებული 1999წ. 21 მაისის სმ-1 ხელშეკრულებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შპს “ნოკინტერნის” საქართველოს ფილიალისა და სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმი” (გენერალური დიექტორი ო. ბ.. დირექტორი შ. გ.) შეთანხმდნენ, ერთმანეთისათვის გადაეცათ 250000 აშშ დოლარის ღირებულების “ბელაზის” ორი თვითმცლელი და იმავე ღირებულების 700.000 ტონა მანგანუმის მადნის გამდიდრების ნარჩენები, მანგანუმის არანაკლებ 13 პროცენტის შემცველობით.

საქმეში არსებული 1999წ. 16 აგვისტოს განკარგულებით დადგენილია, რომ საზოგადოების დირექტორის შემსრულებელი, შ. გ., მთავარ მარკშეიდერს გ. ბ-ს ავალებს მანაგანუმის მადნის გამდიდრების ნარჩენებიდან 700 ათასი ტონის შესაბამისი ფართის ესკიზურ შემოკონტურებას და “ნოკინტერნისათვის” მისი ჩაბარების უზრუნველყოფას. დადგენილია ის გარემოებაც, რომ 700 ათასი ტონა მანგანუმის გამდიდრების ნარჩენები სააქციო საზოგადოების წესებო კაპიტალის ქონების აქტივის ნაწილია, რაც საწესდებო კაპიტალში შეატანინა ქონების მართვის სამინისტრომ.

რადგან დადგინდა, რომ ხელშეკრულებას ხელს აწერს ორი პიროვნება _ ო. ბ. და შ. გ., ასევე ისინი დაკავშირებული არიან სატელეფონო კომუნიკაციებით, აღნიშნული მიჩნეული უნდა იქნეს ორგანიზეული ჯგუფის მიერ დანაშაუალის ჩადენის მაკავალიფიცირებელ გარემოებად, რადგან გაირკვა, რომ გაფლანგულად შერაცხული ქონება მესაკუთრის (სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმი”) ფონდიდან ამოღებული და ადგილმონაცვლებული არ ყოფილა, ამიტომ შუქრი გრიგალაშვილის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდერს სსკ-ს 19, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

წარმოდგენილია გამართლებული შ. გ-ს შესაგებელი, რომლითაც ის ითხოვს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილბის შესახებ.

გამართლებულმა შ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად მის მიმართ არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურის დაინტერესებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მას სხვისი ქონება არ გაუფლანგავს და არც ჰქონდა ასეთი განზრახვა. მან კანონიერად მიიჩნია დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შემოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა აღნიშნავს, რომ როგორც პირველმა ინსტანციამ, ასევე სააპელაციო სასამართლომ მთელი სისრულით გამოიკვლია საქმის მასალები და სავსებით კანონიერად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივარი თვითონ მიუთითებს, რომ ადგილი არ ჰქონია შ. გ-ზე გაფლანგულად შერაცხული ქონების მისი მესაკუთრის (სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმი”) ფონდიდან ამოღებას ან ადგილმონაცვლეობას. მიუხედავად ამისა საკასაციო საჩივრის ავტორი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითებს, რომ შ. გ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 19,182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, როგორც მოცემული დანაშაულის ჩადენის მკვლელობა. საკასაციო საჩივარში არაა მითითებული, თუ რაში გამოიხატა სხვისი ქონების გაფლანგვის მცდელობა, რამ შეუშალა ხელი დანაშაულის ბოლომდე მიყვანას ან რით დგინდება, რომ შ. გ-ს განზრახული ჰქონდა სხვისი ქონების გატაცება.

საკასაციო პალატა აღიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გმოიკვლია საქმის ყველა გარემოება და სავსებით სწორი შეფასება მიცა მას, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლლად, ხოლო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 200წ. 21 აპრილის განაჩენი შ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.