საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 231-აპ 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულების _ ა. ვ-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. წ-ს, მსჯავრდებულ ლ. ფ-ს ადვოკატ ც. ბ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავედ არიან ცნობილი: ა. ვ. და გ. კ. _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით და მისჯილი აქვთ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ლ. ფ.E _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტებით, 171-ე მუხლით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მისჯილი აქვს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გ. კ. და ა. ვ. სასჯელს იხდიან 2001წ. 9 ნოემბრიდან, ლ. ფ. კი _ 2002წ. 2 ივლისიდან.
იმავე განაჩენით არასრულწლოვანი ო. ფ. მსჯავრდებულია პირობითი სასჯელით. მის მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით ლ. ფ-ს, გ. კ-სა და ა. ვ-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში:
ლ. ფ. 2000წ. 28 სექტემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ. ჯ-ს, გ. კ-ს, ა. ვ-ს და წინასწარი შეთანხმებით, იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათსა და 20 წუთზე, გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ხელყუმბარით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ქ. სამტრედიაში მცხოვრებ ა. გ-ს ოჯახს, რა დროსაც ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით გაიტაცეს 1620 ლარის ღირებულების ქონება და 450 ამერიკული დოლარი.
ლ. ფ-ს ჩადენილი ჰქონდა რა ზემოაღნიშნული ყაჩაღობა, 2002წ. 20 აპრილს დანაშაულებრივად დაუკავშირდა სამტრედიის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრებ ვ. ვ-ს და ამავე სოფელში სტუმრად მყოფ არასრულწლოვან ო. ფ-ს, რომლებიც დაითანხმა, მოეხდინათ იმავე სოფელში მცხოვრებ ე. კ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. იმავე დღეს, დაახლოებით 24 საათზე, სამივე, შეიარაღებული დანებითა და ხელკეტებით, თავს დაესხნენ და უკანონოდ შეაღწიეს ე. კ-ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ძალადობითა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ე. კ-ს კუთვნილი 1223 ლარის ღირებულების ქონება.
ადვოკატ ვ. წ-ს საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და ა. ვ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) და არა იმავე კოდექსის 179-ე მუხლით. ადვოკატ ც. ბ-ს საკასაციო საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულ ლ. ფ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ. წ-მ ითხოვა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ე. ქ-M და იშუამდგომლა ყველა მსჯავრდებულის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა ადვოკატსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
ადვოკატ ვ. წ-ს საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ გ. კ-სა და ა. ვ-ს ყაჩაღობის ჩადენაში უშუალო მანაწილეობა არ მიუღიათ და Mმათ მხოლოდ ჩადენილი დანაშაული დაფარეს, საქმის მასალებით არ დასტურდება. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოკვლევის მასალებით უდავოდ დადგენილია ა. გ-ს ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღობაში გ. კ-სა და ა. ვ-ს მონაწილეობა.
პალატა თვლის, რომ კანონიერი და სამართლიანია ლ, ფ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის ღონისძიება და, ამდენად, ადვოკატ ც. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე მიაჩნია უსაფუძვლოდ. სააპელაციო პალატამ ლ. ფ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ამ დანაშაულში თვით ლ. ფ-ს აქტიური როლი და მას შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სასჯელის თითქმის მინიმუმი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატების _ ვ. წ-სა და ც. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის განაჩენი ლ. ფ-ს, გ. კ-სა და ა. ვ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.