საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 264-დად 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ გ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მ. ჭ. პირობით ვადამდე განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებასა და მ. ჭ-ს დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენილი მოუხდელი სასჯელის მოსახდელად.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996წ. 19 თებერვლის განაჩენით მ. ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს 1960წ. სსკ-ს 154-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 133-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 19 აპრილის განჩინებით მ. ჭ-ს სასჯელის ზომა შეუმცირდა 2 წლით. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 15 აგვისტოს ¹1001 განკარგულებით მას ერთი წლით შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი, რომლის სამი-მეოთხედი მოიხადა 2003წ. 7 მარტს.
2003წ. 28 აგვისტოს ხონის ¹9 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს სასჯელის მოხდისაგან მ. ჭ-ს ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ. სასამართლომ ზემოაღნიშნული წარდგინება დააკმაყოფილა.
პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მსჯავრდებულ მ. ჭ-ს პირადი საქმის მონაცემები არ მიუთითებენ მის გამოსწორებაზე, მას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი _ 2 წელი, 2 თვე და 20 დღე.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
განთავისუფლებულმა მსჯავრდებულმა მ. ჭ-მა მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას. აქცენტის გამახვილება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული მ. ჭ. დასჯილი იყო ორჯერ და ხასიათდებოდა უარყოფითად, არ მიუთითებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ირკვევა, რომ მ. ჭ-ს ,,1996წ. მაისსა და 1997წ. ივლისში სამოქალაქო ფორმის ტარებისა და დილის შემოწმებაზე არგამოსვლისათვის” გამოცხადებული ჰქონდა საყვედური, ხოლო ამის შემდეგ კი ხასიათდება დადებითად, გამოცხადებული აქვს მადლობა, დანაშაულის ჩადენამდე იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია თვლის, რომ იგი მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე, მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამ-მეოთხედზე მეტი. ყოველივე ეს სასამართლოს აძლევდა საფუძველს, მიეჩნია, რომ მ. ჭ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამის საწინააღმდეგო რაიმე მოსაზრება პროკურორის საჩივარში მითითებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 სექტემბრის დადგენილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულ მ. ჭ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.