საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.12.2003
საქმის ნომერი
2კ-300დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 300-დად 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ვ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ქ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 3 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ. ბ-ს მოტაცებისა და ფულის გამოძალვის ფაქტზე, სსკ-ს 133-ე მუხლით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაულის ჩადენაში იმხილებოდა ტ. კ. მაგრამ ვინაიდან გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები, გამომძიებელმა რ. ჩ-მა 1997წ. 27 ოქტომბერს გამოიტანა დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

დაზარალებულმა ვ. ბ-მა 2003წ. 18 აგვისტოს საჩივრით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გამომძიებლის დადგენილების გაუქმება, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლება. სასამართლომ 2003წ. 6 ნოემბერს მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გასული იყო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებული ვ. ბ. და მისი ადვოკატი ა. ქ. ითხოვენ სასამართლოსა და გამომძიებლის დადგენილებების გაუქმებას, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას. საჩივარში ისინი მიუთითებენ, რომ გამომძიებლის დადგენილების გასაჩივრების ვადა არ გაუშვიათ, მათთვის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ცნობილი გახდა 2003წ. მაისში, დადგენილების ასლი მიიღეს იმავეწ. 6 აგვისტოს და იგი სასამართლოში გაასაჩივრეს 18 აგვისტოს. საჩივარში მითითებულია ისიც, რომ წინასწარმა გამოძიებამ უკანონოდ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ტ. კ-ს მიმართ, გამომძიებელმა მხედველობაში არ მიიღო მტკიცებულებები, რომლებიც ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში და ა.შ.

პალატის სხდომაზე ვ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა ა. ქ-მა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა თ. პ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბერის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ვ. ბ-ს საჩივარი ტ. კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებელ ი. ჩ-ის 1997წ. 27 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებაზე იმ მოტივით, რომ მან გაუშვა ამ დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვ. ბ-ს არა ერთხელ ეცნობა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, მას 2003წ.წ. ივნისის თვეში პირადად ჩაბარდა დადგენილების ასლი, რასაც ადასტურებს მიმართვის ბლანკზე არსებული მისი ხელმოწერაც. მიუხედავად ამისა, მან მხოლოდ 2003წ. 18 აგვისტოს მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, როდესაც გასული იყო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადა. პალატა თვლის, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. ბ-ს საჩივარი ტ. კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებელ რ. ჩ-ს 1997წ. 27 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებაზე, დასაბუთებულია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ვაკე-საბურთლოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. ბ-ს საჩივარი ტ. კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყევტის შესახებ გამომძიებელ რ. ჩ-ს 1997წ. 27 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.