კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 301-დად 25 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ უ. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ნოემბრის განაჩენით უ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმდების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით.
იმავე განაჩენით მასვე დაეკისრა ვალდებულება, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაზარალებულის სასარგებლოდ 2450 ლარის გადახდაზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში.
მსჯავრდებულმა უ. ლ-მა 2003წ. 28 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომლითაც, საქართველოს სსსკ-ს 607-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ითხოვდა მის მიმართ სამოქალაქო ნაწილში 2002წ. 21 ნოემბრის განაჩენის აღსრულების გადავადებას ან განაწილვადებას იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი განიცდის გაჭირვებას და არა აქვს მთელი თანხის ერთდროულად გადახდის საშუალება.
გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ქ. სულაბერიძე) განიხილა მსჯავრდებულ უ. ლ-ს შუამდგომლობა და 2003წ. 31 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ცდილობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურებას.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილების თაობაზე მსჯავრდებულმა უ. ლ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა კერძო საკასაციო საჩივრით, რომლითაც ითხოვს ამ დადგენილების გაუქმებასა და სასამართლოს განაჩენით მასზე დაკისრებული ვალდებულების, კერძოდ, დაზარალებული მხარის სასარგებლოდ 2450 ლარის გადახდის განაწილვადებას.
პალატის სხდომაზე განხილვაში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და მიიჩნია, რომ იგი შეიძლება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ იმ თვალსაზრისით, რომ მსჯავრდებულ უ. ლ-ს, მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიეცეს შეღავათი დაზარალებულის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული თანხის გადახდისათვის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გარკვეული ზომით გაგრძელების სახით. თუ რა ზომით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ვადა, ამ საკითხის გადაწყვეტას პროკურორი ე. ქ. ანდობს პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძველი, მისი მოტივები და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემობათა გამო:
პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვადა, რომელიც სასამართლომ განუსაზღვრა უ. ლ-ს მასზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (2450 ლარი) გადასახდლად, უკვე ამოწურულია, მაგრამ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მან ვერ შესძლო მისი გადახდა. საჩივრიდან და სხვა მასალებიდან გამომდინარე, უ. ლ. გამოთქვამს მზადყოფნას გადაიხადოს ხსნებული თანხა, მაგრამ, ამასთანავე, ითხოვს გადახდის ვადებში შეღავათს, რათა რეალურად შესძლოს თანხის გადახდა. პალატას, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიაჩნია უ. ლ-სათვის შეღავათის მიცემა, მაგრამ არა იმ ზომით, როგორც ის ითხოვს საჩივრით, რომ კრედიტორ მ. პ-ს გადაუხდის 100 ლარს ყოველ სამ თვეში ერთხელ, რადგან ეს გამოიწვევს დავალიანების დაფარვის გაუმართლებელ გაჭიანურებასა და კრედიტორის დაზარალებას.
პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ნოემებრის განაჩენით დაკისრებული ვალდებულების შესრულების _ კრედიტორ მ. პ-სათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხის (2450 ლარის) გადახდის _ ვადა, კერძოდ, 3 თვე, აღნიშნული განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან, უ. ლ-ს გაუგრძელდეს იმავე განაჩენით მის პირობით მსჯავრდებასთან დაკავშირებით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის (ორი წელი) ამოწურვამდე, რომლის დინება დაიწყო ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის დადგენილებაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ უ. ლ-ს სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ უ. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის დადგენილებაში შევიდეს ცვლილება: მსჯავრდებულ უ. ლ-ს კრედიტორ მ. პ-ს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის (2450 ლარი) გადასახდელად დადგენილი დრო გაუგრძელდეს შემდეგი ვადით: არაუგვიანეს ორი თვისა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ნოემბრის განაჩენით მისთვის გამოსაცდელად განსაზღვრული 2 წლის გასვლამდე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.