განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 18.10.2001
საქმის ნომერი
2კ-141დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.10.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 141-დად 18 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ლ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ჩოხატაურის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2001 წლის 7 მარტის დადგენილება თ. მ-ს გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

ლ. მ-ა საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების შეცვლას და ჩოხატაურის რაიპროკურატურის დასახელებული დადგენილების გაუქმებას.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 16 იანვარს მოქალაქე ლ. მ-მ განცხადებით მიმართა ჩოხატაურის რაიონის პოლიციის უფროსს იმასთან დაკავშირებით, რომ საკარმიდამო ნაკვეთის სარგებლობასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის დროს, 12 იანვარს, მის მეუღლეს _ თ. მ-ს მოკვლით დაემუქრა ბიძა კ. მ-. მუქარა იმდენად რეალური იყო, რომ თ. მ-ს შიშისა და ნერვიულობისაგან გული გაუხდა ცუდად და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ითხოვა გამოძიების ჩატარება. პოლიციაში შეგროვილი მონაკვლევი მასალები შემდგომი შემოწმებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 2001 წლის 2 თებერვალს გადაეგზავნა ჩოხატაურის რაიონის პროკურატურას.

პოლიციაში და პროკურატურაში ჩატარებული შემოწმების დროს ლ. მ-მ დამატებით მიუთითა იმის შესახებ, რომ თ. მ-სა და მის შვილთან კამათის დროს კ. მ-მ გაამჟღავნა როგორც თ. მ-ს, ასევე, ამ უკანასკნელის შვილის შვილად აყვანის საიდუმლოება, რაც თ. მ-ს სიკვდილის ძირითადი მიზეზი გახდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი იქნა, რომ თ. მ-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია მიოკარდიუმის მარცხენა პარკუჭის ვრცელი ინფარქტი და მის ფონზე განვითარებული გულის უკმარისობა.

ჩოხატაურის რაიონის პროკურატურამ საჩივრის შემოწმებით ვერ ჰპოვა რა კ. მ-ს მოქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედება, 2001 წლის 7 მარტს გამოიტანა თ. მ-ს სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

აღნიშნული დადგენილება ლ. მ-მ მიიჩნია რა დაუსაბუთებლად და უკანონოდ, მისი გაუქმების მიზნით საჩივრით მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს საჩივრის განხილვა დაუქვემდებარა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 ივლისის დადგენილებით ლ. მ-ს საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა ითხოვა ჩოხატაურის რაიპროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ დადგენილებაში ნამსჯელი არ არის კ. მ-ს მხრიდან განხორციელებული დასჯადი მუქარის და შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნების თაობაზე.

პროკურორი ე. ქ. მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას.

პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა არაღძრული მასალები, სასამართლოს დადგენილების კანონიერება, კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში მის ავტორს საერთოდ არ უმსჯელია კ. მ-ს ქმედებაში იყო თუ არა საქართველოს სსკ-ის 151-ე და 175-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების: დასჯადი მუქარისა და შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნების შემადგენლობა. ეს საკითხები მომჩივნის მიერ პროკურატურაში მასალების შემოწმების დროს განსაკუთრებული სიმწვავით იყო დასმული. მართალია, აღნიშნულთა შესახებ სასამართლომ იმსჯელა თავის დადგენილებაში და მიუთითა, რომ მოკვლევათა და სასამართლო განხილვით მუქარა და შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნება არ დასტურდება, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ ამის თაობაზე პროკურატურას უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი გამოკვლევა და შედეგის მიხედვით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოს არ გააჩნდა იმის კომპეტენცია, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცა და დადგენილად მიეჩნია ესა თუ ის ქმედება, რომლის თაობაზე პროკურატურის დადგენილებაში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი.

ამდენად, საკითხი იმის თაობაზე, კ. მ-მ ჩაიდინა თუ არა სისხლის სამართლის წესით დასჯადი მუქარა, შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნება ან სხვა დანაშაული, გამოკვლეული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს პროკურატურის მიერ დამატებითი შემოწმებითა და გამოძიებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ე” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. თ-ძე-მ-უას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

შეიცვალოს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2001 წლის 24 ივლისის დადგენილება ლ. მ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გაუქმდეს ჩოხატაურის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2001 წლის 7 მარტის დადგენილება კ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები, დამატებითი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნოს ჩოხატაურის რაიონის პროკურატურას.