საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 75-კოლ 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-უას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის წლის 7 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ა. ჩ-უა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით, ა. ჩ. გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით წარდგენილ ქმედებაში.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ა. ჩ-უას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
1996 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16 საათზე, ა. ჩ-უა შეხვდა ბ. ბ-შვილს, კ. კ-ძეს, გ. მ-ძეს და გ. ს-შვილს, რომლებმაც ამ უკანასკნელის ბინაში, ქ. თბილისში, სასმელების მიღება გადაწყვიტეს.
ქეიფის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. ს-შვილმა ა. ჩ-უას საჯდომზე ,,დეზადორი” შეასხა და გაუკუღმართებული გზით სქესობრივი კავშირი შესთავაზა. ა. ჩ-უამ, კ. კ-ძემ და ბ. ბ-შვილმა ასეთი შეურაცხყოფისათვის, შურისძიების მიზნით განიზრახეს გ. ს-შვილის მოკვლა. კ. კ-ძემ მას თავდაპირველად ბოთლი გადაატეხა თავზე, შემდეგ კი სამივემ ა. ჩ-უამ, კ. კ-ძემ და ბ. ბ-შვილმა გ. ს-შვილი გაიყვანეს სამზარეულოდან მეზობელ ოთახში, სადაც მან, ე.ი. ა. ჩ-უამ გ. ს-შვილს დანა დაარტყა გულის არეში, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. მათ ასევე მიაყენეს გ. ს-შვილს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომელთაგან წინა ზედაპირზე არსებული ოთხი ჭრილობიდან ორი შემავალია და აზიანებს გულ-მკერდის არეს, ხოლო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით კეფისა და მარცხენა თვალბუდის არეში მიაყენეს სისხლნაჟღენთი ჭრილობები.
ამდენად, ა. ჩ-უამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებების გარეშე (ძველი რედაქცია).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 2 თებერვლის განაჩენით დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე კ. კ-ძე, საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 78-ე მუხლით, 104-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბ. ბ-შვილი _ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 78-ე მუხლით და ერთობლივად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. მ-ძე საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით, 206-ე მუხლით და ერთობლივად მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი ჯ. ჯ. უთითებს, რომ ა. ჩ-უას არ მოუკლავს გ. ს-შვილი, არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულს. კ. კ-ძეს და ბ. ბ-შვილს მხოლოდ წინასწარ გამოძიებაში აქვთ მიცემული ჩვენებები ჩ-უას საწინააღმდეგოდ.
ადვოკატი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ა. ჩ-უას ჩვენებები, რომლებშიც იგი ხსნის, თუ რატომ ემალებოდა გამოძიებას და თავს ცნობს დამნაშავედ მხოლოდ სსკ-ის 205-ე (ძველი რედაქცია) მუხლით ჩადენილ დანაშაულში, ადვოკატი უთითებს, რომ სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ ა. ჩ-უას გ. ს-შვილმა მხრიდან მიყენებული ჰქონდა მძიმე შეურაცხყოფა. ასეთ ვითარებაში კი სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი აფექტის მდგომარეობას.
ადვოკატი ჯ. ჯ. საბოლოოდ ითხოვს, რომ ა. ჩ-უას მოეხსნას სსკ-ის 105-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება და მსჯავრი დაედოს სსკ-ის 205-ე მუხლით (ძვ. რედაქციით), ხოლო სასჯელად განესაზღვროს არასაპატიმრო ღონისძიება.
პროკურორი გ. მ. ითხოვს ა. ჩ-უას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულება, მოუსმინა მსჯავრდებულ ა. ჩ-უას და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ე. ს-ს, რომლებიც მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს, პროკურორს და მიაჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
მსჯავრდებულმა ა. ჩ-უამ სასამართლო გამოძიების დროს თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განმარტა შემდეგი: აწ გარდაცვლილი გ. ს-შვილი გაიცნო ბ-შვილის მეშვეობით. შემთხვევის დღეს, 1996 წლის 7 აგვისტოს, მათ გადაწყვიტეს ექეიფათ გ. ს-შვილის ბინაში, რა დროსაც შემოუერთდნენ კ. კ-ძე და გ. მ-ძე. ქეიფის დროს გ. ს-შვილმა მას (ჩ-უას) შესთავაზა გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი. აწ გარდაცვლილის ასეთი ქცევა ვერ მოითმინა კ. კ-ძემ და გ. ს-შვილს ბოთლი გადაამტვრია თავზე, ატყდა ჩხუბი. ა. ჩ-უას განმარტებით, იგი მხოლოდ აშველებდა მოჩხუბრებს, შემდეგ კი გამოერიდა მათ და წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ უკანდაბრუნებულს გზაში შეხვდა კ. კ-ძე, რომლისგანაც შეიტყო, რომ მას მოუკლავს ს-შვილი.
რაც შეეხება მიმალვას, ა. ჩ-უა ამას ხსნის იმით, რომ შეეშინდა, გ. ს-შვილის მკვლელობა მისთვის არ დაებრალებინათ, ამიტომ წავიდა საქართველოდან და ოთხი წელი დაჰყო ვლადიკავკაზში, შემდეგ კი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში.
არ გაიზიარა რა მსჯავრდებულ ა. ჩ-უას ზემოთ მოყვანილი ჩვენება, სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორი შეფასება მისცა, როგორც მოწმე გ. მ-ძის, ასევე ამავე დანაშაულისათვის მსჯავრდებულების – კ. კ-ძის და ბ. ბ-შვილის ჩვენებებს – სასამართლომ ა. ჩ-უას მსჯავრდებას საფუძვლად დაუდო გ. მ-ძის, კ. კ-ძის და ბ. ბ-შვილის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი გ. ს-შვილის მკვლელობაში ამხელდნენ ა. ჩ-უას.
სახელდობრ, წინასწარი გამოძიების დროს კ. კ-ძე აჩვენებდა, რომ ჯერ მან ჩაარტყა გ. ს-შვილს ბოთლი თავში, შემდეგ კი ა. ჩ-უამ დაარტყა დანა გულის არეში.
ბ. ბ-შვილის ჩვენებით წინასწარი გამოძიების დროს ირკვევა, რომ სახლში შესვლისას მან დაინახა, როგორ მოიქნია ხელი ა. ჩ-უამ და როგორ დაარტყა დანა გულ-მკერდის არეში გ. ს-შვილს.
მოწმე გ. მ-ძემ წინასწარ გამოძიებაში აჩვენა, რომ ის და ა. ჩ-უა ჩხუბის შემდეგ ერთად წამოვიდნენ, რა დროსაც ა. ჩ-უამ მას უთხრა, რომ ს-შვილს დანა გულ-მკერდის არეში მან დაარტყა და მოკლა.
მართალია, სასამართლო პროცესზე კ. კ-ძემ განაცხადა, რომ გ. ს-შვილი მან მოკლა, რაც ბ. ბ-შვილმაც დაადასტურა, ხოლო გ. მ-ძემ განმარტა, რომ მისთვის ა. ჩ-უას არ უთქვამს, ვინ მოკლა გ. ს-შვილი, მაგრამ სასამართლომ ეს ვერსია არ გაიზიარა და საფუძვლიანად მიუთითა განაჩენში, რომ ზემოთ მითითებული პირები ცდილობენ ა. ჩ-უას დახმარებას და გამოკვეთილად იგრძნობა, რომ მათ შორის ამასთან დაკავშირებით არის წინასწარი შეთანხმება. საკასაციო პალატა მთლიანად ეთანხმება სასამართლოს ასეთ შეფასებას.
ის, რომ კ. კ-ძემ, ბ. ბ-შვილმა და გ. მ-ძემ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ა. ჩ-უას სასარგებლოდ შეცვალეს მისთვის დახმარების გაწევის მიზნით, სასამართლო კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებითაც:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 2 თებერვლის განაჩენით კ. კ-ძე და ბ. ბ-შვილი მსჯავრდებული არიან ზემოთ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და მისჯილი აქვთ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამ დანაშაულის განუცხადებლობისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გ. მ-ძეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ განაჩენში მიუთითა, რომ კ. კ-ძისათვის, რომელიც უკვე მსჯავრდებულია გ. ს-შვილის მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისათვის (მას ამავე განაჩენით შეფარდებული აქვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა), აღარაფერს ნიშნავს გ. ს-შვილის მკვლელობის თავის თავზე აღება და იქიდან ა. ჩ-უას გამოთიშვა, საკასაციო პალატა განაჩენის ამ მტკიცებას დამაჯერებლად მიიჩნევს.
სასამართლო კოლეგიამ ა. ჩ-უას მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით ასევე საფუძვლიანად დაუდო ა. ჩ-უას მეუღლის ნ. ქ-შვილის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ჩ-უას ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული შეფასება და არ იზიარებს ადვოკატ ჯ.ჯ-ს საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდება ქმედების სსკ-ის 205-ე (ძვ. რედაქცია) მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე. ამასთანავე, პალატა სწორად მიიჩნევს ა. ჩ--სათვის შეფარდებულ სასჯელს და ვერ ხედავს რაიმე საფუძველს მისი შემსუბუქებისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ 561-ე, 562-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ჩ--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 სექტემბრის განაჩენი ა. ჩ--ს მიმართ დარჩეს უცვლელად.