დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 28კოლ 2000 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე შ. ასათიანი
წევრები: მ. გოგელია, რ. შველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ც. ს-ძის საკასაციო საჩივარი და საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 3 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ც. ს-ძე, ქართველი, არასრული საშუალო განათლებით, ქვრივი, სამართალში არყოფილს, უმუშევარი, მცხოვრები ბორჯომში ..., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,91-ე მუხლის მესამე ნაწილით და 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის შ. ასათიანის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ც. ს-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ე. გ-შვილთან და სხვა პირთან ერთად ჩაიდინა სხვისი ქონების - თ. მ-შვილის პირადი ქონების ქურდობის მცდელობა სადგომში შეღწევით, რაც სისრულეში ბოლომდე ვერ იქნა მოყვანილი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ამასთან, ც. ს-ძემ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩაიდინა მოქ. თ. მ-შვილის განზრახ მკვლელობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 17 მარტს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ც. ს-ძემ, ე. გ-შვილმა და სხვა პირმა, გადაწყვიტეს ...-ში მცხოვრები თ. მ-შვილის სახლის პირველ სართულზე მოწყობილი საქათმიდან ქათმების მოპარვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, ისინი მივიდნენ ...-ში, თ. მ-შვილის სახლთან საქათმის კარის გასაღებად სპეციალურად მომარჯვებული ნაჯახით. ე. გ-შვილი დარჩა ეზოში, შესასვლელ ჭიშკართან მეთვალყურედ. ც. ს-ძე და სხვა პირი მივიდნენ პირველ სართულზე მოწყობილ საქათმესთან, სადაც ც. ს-ძემ ნაჯახით გამოგლიჯა საქათმის კარი, რომლის ჩამოგლეჯვის გამო ქათმები ხმაურით გამოცვივდნენ.
ხმაურზე გარეთ გამოვიდა თ. მ-შვილიც, რომელმაც ლამპის შუქზე იცნო ქურდები. იგი თმებში სწვდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას, დაუწყო ლანძღვა-გინება და არ უშვებდა ხელს. აღნიშნულმა პიროვნებამ დახმარებისათვის მოუხმო ც. ს-ძეს. ამ უკანასკნელმა, ე. გ-შვილთან და სხვა პირთან შეთანხმების გარეშე, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, განიზრახა თ. მ- შვილის მკვლელობა. მან ხელთ არსებული ნაჯახი რამდენიმეჯერ ძლიერად ჩაარტყა თ. მ-შვილს თავის მიდამოებში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ნ. ბ-ძის მიმართ.
ე. გ-შვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17, 91-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 46-ე მუხლის გამოყენებით სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული 5 წლის საგამოცდო ვადით.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ს-ძე მოითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას შემდეგი გარემოებების გამო: თ. მ- შვილს განზრახ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. მკვლელობის დღეს საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. აღიარებითი ჩვენებები მიცემულია ბორჯომის პოლიციის თანამშრომლების ზეწოლის შედეგად.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს-ძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც მასზე ზეწოლას ახდენდნენ ვერ ასახელებს, მათი გვარები არ იცის. თუ რატომ ამხელენ მას გ-შვილი და ბ-ძე, არ იცის, ალბათ იმიტომ, რომ მათზეც განახორციელეს ზეწოლა.
გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებულმა ს-ძემ განაცხადა, რომ იგი ქალია, პირველად არის სამართალში, ქმარი არ ჰყავს, უპატრონოდ დარჩნენ მცირეწლოვანი შვილები სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ეს გარემოებები და ნაკლები სასჯელი დაენიშნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს სასამართლო პალატას სასჯელის შემსუბუქების მიზნით.
საკასაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი მოითხოვს ც. ს-ძის მიმართ დადგენილი ზემოაღნიშნული განაჩენის გაუქმებას სიმსუბუქის გამო და საქმის ხელახალ განხილვას შემდეგი საფუძვლებით:
დაზარალებული თ. მ-შვილი შემთხვევის დროს მოქმედებდა სრული მართლზომიერებით და იცავდა პირად საკუთრებას. ც. ს-ძეს ნაცვლად იმისა, რომ ხელი აეღო დანაშაულზე და წასულიყო შემთხვევის ადგილიდან, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
გასათვალისწინებელია, რომ ც. ს-ძე, მტკიცებულებათა უტყუარობის მიუხედავად, გულწრფელი არ იყო სასამართლოს წინაშე.
განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულ ც. ს-ძის განმარტება, პროკურორის დასკვნა, რომელმაც მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, პალატა თვლის, რომ განაჩენი ც. ს-ძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რომელნიც ც. ს-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის არსებობასა და ბრალეულობას ადასტურებენ.
გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო არა მარტო ც. ს-ძის წინასწარ გამოძიებაში მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თანდასწრებით მიცემული აღიარებითი ჩვენებები, არამედ საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები, რის შესახებაც მითითებულია განაჩენში. საქმის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები იმისა, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე ადგილი ჰქონდა ძალადობას თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.
რაც შეეხება ც. ს-ძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი პირველადაა სამართალში, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და ა. შ. პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის დროს, ფაქტობრივად გაითვალისწინა ზემო-აღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და სწორედ ამიტომ დაუნიშნა სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით (სსსკ-ის 104-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი).
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ ნ. ს-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი მსუბუქია, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს.
პალატა თვლის, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რის შესახებაც მითითებულია ზემოთ და თვით განაჩენში, სასამართლომ სწორად განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც თავისი ზომით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მსუბუქი.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე და 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 3 თებერვლის განაჩენი ც. ს-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.