დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.02.2001
საქმის ნომერი
2კ-134აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 134აპ 1 თებერვალი, 2001 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი

განიხილა ქალაქ ქუთაისის პროკურორის თანაშემწის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პა-ლატის 2000 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 აგვისტოს განაჩენში ჟ. ც-ძის მიმართ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ძველი რედაქცია) ჟ. ც-ძე იქნა გამართლებული, ხოლო სსკ-ის 112-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული მსჯავრდების ეპიზოდში რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

პალატამ მოისმინა მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ჟ. ც-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის მეორე ნაწილით და 120-ე მუხლით (ძველი რედაქცია). ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით, რაც შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა ორი წელი.

განაჩენით ჟ. ც-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1997 წლის 13 ნოემბერს, მისი სახლის კიბესთან მისულ 10 წლის ლ. კ-ძეს ხელი მოხვია მხრებზე, მერე ხელი ააფარა პირზე და ძალდატანებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილში განლაგებულ ოთახში. კარები შიგნიდან ჩაკეტა, წელქვევით გაშიშვლდა, ლ. კ-ძეს რეიტუზი და ტრუსი ჩაუწია, დააწვა ზევიდან და სასქესო ასო ჩაუდო ფეხებს შორის, რა დროსაც მოქმედებდა გარყვნილი ქმედების გზით სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების განზრახვით. გარყვნილი ქმედების ჩადენის პროცესში ჟ. ც-ძე სახეზე ჩქმეტდა ლ. კ-ძეს, ამასთან, რომ არ ეყვირა, ხელს აჭერდა პირზე, რითაც მარჯვენა და მარცხენა ლოყების არეში, ხაზოვანი ნაჭდევისა და ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მხარემ.

სააპელაციო პალატამ ჟ. ც-ძე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში გაამართლა, სხვა ნაწილში კი თერჯოლის რაიონული სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწე შ. ვ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა არასრულ-წლოვან ლ. კ-ძის ჩვენება, რომელიც ამხელდა ც-ძეს გარყვნილი ქმედების ჩადენაში; ასევე, დაუსაბუთებლად არ იქნა მხედველობაში მიღებული სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასებით სავსებით დადასტურებული იყო ჟ. ც-ძის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი, მითუმეტეს, ლ. კ-ძეს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მისი ჩვენების რეალობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, თითქოს ლ. კ-ძის ლოყაზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო ჟ. ც-ძის მიერ მადლიერების ნიშნად მოფერებისა გამო, არ შეიძლება შეფასებული ყოფილიყო დანაშაულად.

წარმოდგენილი შესაგებელით ჟ. ც-ძე ითხოვს, უარი ეთქვას პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, კანონიერად მიიჩნევს სააპელაციო პალატის განაჩენს და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

გამართლებულმა ჟ. ც-ძემ კანონიერად მიიჩნია სააპელაციო პალატის განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. მან აღნიშნა, რომ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მოკვლევა, გამოძიება და სასამართლო განხილვა, ლ. კ-ძე უკვე გაიზარდა და გახდა 14 წლის, მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქ-მეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქ-მების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1997 წლის 28 ნოემბერს თერჯოლის რაიონის პროკურო-რის თანაშემწემ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძრაზე უარის თქმის დადგენილება, ჟ. ც-ძის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გა-მო, რასაც დაეთანხმა რაიონის პროკურორიც. აღნიშნული დადგენილება იმერეთის სამხარეო პროკურატურამ 1998 წლის 8 იანვარს გააუქმა და დამატებითი შემოწმება დაევალა იმავე რაიონის პროკურატურას.

დამატებითი შემოწმების შესახებ 1998 წლის 6 მარტს თერჯოლის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა კვლავ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება, რასაც დაეთანხმა რაიონის პროკურორი. მიჩნეულ იქნა, რომ ჟ. ც-ძის ქმედებაში არ იყო დანაშაულის შემადგენლობა.

იმავე წლის 12 მარტს ზემოაღნიშნული დადგენილება გაუქმდა იმერეთის საოლქო პროკურატურის მიერ და ჟ. ც-ძის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 120-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა წინასწარი გამოძიება, რის შემდეგ თერჯოლის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა 1998 წლის 12 ივნისს საქმე წარმოებით შეწყვიტა ჟ. ც-ძის ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, რასაც დაეთანხმა რაიონის პროკურორი.

ზემოაღნიშნული დადგენილება იმერეთის ოლქის პროკურორმა 1998 წლის 4 აგვისტოს გააუქმა და საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებარა ქალაქ ქუთაისის პროკურატურას.

ქუთაისის პროკურატურის მიერ ჩატარებულ იქნა დამატებითი გამოძიება, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქმეზე წინასწარი გამოძიება რამდენჯერმე იქნა შეჩერებული პასუხისგებაში მისაცემი პირის დაუდგენლობის მოტივით. საბოლოოდ, შემთხვევის ფაქტიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგ, ჟ. ც-ძის მიმართ, საბრალდებო დასკვნის საქმე განსახილველად გადაეცა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თერჯოლის რაიონული სასამართლოს განაჩენით ჟ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და 112-ე მუხლის მეორე ნაწილით. ერთობლივად შეეფარდა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, 2 წლით გამოსაცდელი ვადით. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა თვით მსჯავრდებული ჟ. ც-ძე და განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით ქუთაისის საოლქო სასამართლო-ში. საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენით ჟ. ც-ძე სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გამართლდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა პროკურორი, რომელმაც სააპელაციო პალატის განაჩენი გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის საჩივრის მოთხოვნას, რადგან მასში მითითებული გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, დეტალურად დაკითხა არასრულწლოვანი ლ. კ-ძე და სხვა მოწმეები, რის შემდეგაც მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, რომ ჟ. ც-ძეს გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

რაც შეეხება სსკ-ის 112-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრდებას, ეს გარემოება არც ერთ მხარეს არ გაუხდია სადავოდ, რის გამოც პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში განაჩენის გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 566-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის განაჩენი ჟ. ც-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.