საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 27.03.2001
საქმის ნომერი
2კ-2აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2001

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 2აპ 27 მარტი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

წევრები გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ივნისის განაჩენში ს. ჭ-ძის მიმართ და მას სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია) განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია აგრეთვე ნ. ჯ-შვილი, რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით ს. ჭ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1999 წლის 3 სექტემბერს, ნ. ჯ-შვილთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, შეაღწიეს საავიაციო ქარხნის პროფსასწავლებლის შენობაში, სადაც ქანჩების გამოყენებით, საამქროდან მოხსნეს 4 ცალი ელექტროძრავა, ამოიღეს 25 კგ სპილენძი და გაყიდეს 30 ლარად. დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენეს მნიშვნელოვანი _ 800 ლარის ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ს. ჭ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ს-შვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ს. ჭ-ძეს შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: ს. ჭ-ძემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩანადენი, ნებაყოფლობით აანაზღაურა მიყენებული ზარალი და დაზარალებულ ორგანიზაციას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებანი, კერძოდ, ჭ-ძის მეუღლემ დაბადა მკვდარი ბავშვი, არ ჰქონდა მეუღლის მკურნალობის თანხა, რის გამოც ჯ-შვილთან ერთად გადაწყვიტა ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, მეუღლის სიცოცხლის გადასარჩენად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ს-შვილმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას; ამასთან, აღნიშნა, რომ პალატამ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, სარევიზიო წესით, განაჩენი უნდა გადასინჯოს, აგრეთვე, მსჯავრდებულ ნ. ჯ-შვილის მიმართაც და ორივე მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუცვალოს პირობითი მსჯავრით.

მსჯავრდებულმა ს. ჭ-ძემ მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ, აღნიშნა, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარკვეულწილად გამოწვეული იყო მძიმე ოჯახური მდგომარეობით.

მსჯავრდებულმა ნ. ჯ-შვილმა აღნიშნა, რომ ავადმყოფობის გამო დროულად ვერ შეძლო საკასაციო საჩივრის შეტანა; ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაეცვალა ძმა, რძალი და ძმისშვილი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ნებაყოფლობით აანაზღაურა ზარალი.

პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა, რომ ორივე მსჯავრდებულს განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოთ 3-3 წელი.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების ს. ჭ-ძის და ნ. ჯ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მათი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც შეფარდებული აქვთ სანქციის ფარგლებში. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ს. ჭ-ძის მიერ დანაშაულის ჩადენა გარკვეულწილად გამოწვეული იყო მძიმე ოჯახური მდგომარეობით, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. ნებაყოფლობით აანაზღაურა მიყენებული ზიანი, კმაყოფაზე ჰყავს 29 კვირის ორსული მეუღლე, ხასიათდება დადებითად, დანაშაულის ჩადენის დღიდან გასულია წელიწადნახევარზე მეტი დრო, ამ ხნის განმავლობაში იგი არ ყოფილა შემჩნეული ცუდ საქციელში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-65-ე მუხლების შესაბამისად, განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით და განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა.

პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა გადაისინჯოს მსჯავრდებულ ნ. ჯ-შვილის მიმართაც.

მსჯავრდებულ ჯ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჯ-შვილი სამართალში პირველადაა, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩანადენი, ნებაყოფლობით აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაეცვალა ძმა, რძალი და ძმისშვილი. აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, თანახმად სსკ-ის 63-65-ე მუხლებისა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება. მსჯავრდებულებს _ ს. ჭ-ძეს და ნ. ჯ-შვილს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით, თანახმად საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლებისა, თითოეულს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.

პირობითი მსჯავრის დროს მსჯავრდებულებმა ჭ-ძემ და ჯ-შვილმა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ დაამყარონ ურთიერთობა იმ პირებთან, ვინც ისინი შეიძლება ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

სხვა ნაწილში განაჩენი არის კანონიერი და დარჩეს უცვლელად.