საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.02.2001
საქმის ნომერი
2კ-9დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
13.02.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 9დად 13 თებერვალი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი

განიხილა მ. ვ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული საბურთალოს რაიონის პროკურორის მოადგილის 2000 წლის 18 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. ვ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, სადაც იგი მიუთითებდა, რომ 1999 წლის 22 ივლისს მისი შვილი დ. ვ-უა დაკავებულ იქნა საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა თანამშრომლების მიერ, როგორც ავტომანქანის აკუმულატორის ქურდობაში ეჭვმიტანილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამომძიებელმა მ-შვილმა, ჯერ მისი ვაჟიშვილის მ. ვ-საგან, ხოლო შემდეგ პირადად მისგან ქრთამის სახით მოითხოვა 1500 ამერიკული დოლარი, დ. ვ-ას მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისათვის, მაგრამ 200 დოლარზე მეტი ვერ იშოვა, რაც შესთავაზა გამომძიებელ მ-შვილს, მაგრამ ამ უკანასკნელს ფული ეცოტავა და არ აიღო.

მ. ვ-ამ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ, რადგან გამომძიებელთან ვერ შეძლო შეთანხმება, სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ლუტიძემ შესთავაზა, მიეცა მისთვის 500 დოლარი და იგი მოსამართლის მეშვეობით შეძლებდა დ. ვ-სათვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, მაგრამ მან ვერც ამ თანხის შოვნა შეძლო.

მ. ვ-ს აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ გარემოებათა შესახებ მოკვლევა ჩაატარა ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურორის მოადგილე მ. გ-ამ, რომელმაც 2000 წლის 18 მაისს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მ. ვ-საგან ქრთამის გამოძალვის მცდელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო.

მ. ვ-ამ პროკურატურის აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, სადაც საჩივარი განხილულ იქნა 2001 წლის 22 იანვარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება კანონიერი იყო და დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით მ. ვ-უა ითხოვს პროკურორის მოადგილე გ-ას მიერ 2000 წლის 18 მაისს მიღებულ დადგენილების გაუქმებას; მიაჩნია, რომ მასალებში მოიპოვება საკმაო საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის. ასევე, მიუთითებს, რომ უხეშად იქნა დარღვეული მასალების მოკვლევისა და სასამართლო განხილვის ვადები.

პალატის სხდომაზე მ. ვ-ამ მხარი დაუჭირა თავის საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ პროკურორისა და სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებები არის უკანონო, საკითხის სრულყოფილი გარკვევისათვის აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, პალატის წინაშე იშუამდგომლა საბურთალოს რაიონის პროკურორის მოადგილე გ-ას 2000 წლის 18 მაისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 იანვრის დადგენილებების გაუქმებისა და მასალების, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, პროკურატურისათვის გადაცემის შესახებ.

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ მასალებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და მასალები, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: მ. ვ-ამ საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა განცხადებით, სადაც კონკრეტულად მიუთითა ქრთამის გამოძალვის შესახებ. ამ ფაქტზე მოკვლევა ჩატარდა ზერელედ და ცალმხრივად, მხედველობის გარეშე დარჩა იმ პირთა განმარტებები, რომლებიც მიუთითებენ ქრთამის გამოძალვის თაობაზე.

პალატა თვლის, რომ პროკურატურამ დეტალურად უნდა შეამოწმოს მ. ვ-ას განცხადებაში, ახსნა-განმარტებაში და პრესაში მითითებული გარემოებები და ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ვ-ას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 იანვრისა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურორის მოადგილე მ. გ-ას 2000 წლის 18 მაისის დადგენილებები და მასალები, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.