გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 08.05.2001
საქმის ნომერი
2კ-35აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ 35აპ 8 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი

განიხილა სამოქალაქო მოსარჩელის სპს “გოგიბერიძე და კომპანიის” წარმომადგენელ ზ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ტ. ს-ძე - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით. ბრალდებიდან ამოერიცხა 1200 ლარის მითვისება. მსჯავრი დაედო 3034 ლარის მითვისებაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის უფლება 2 წლის ვადით. იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულ ტ. ს-ძის გამოსწორება შეიძლება დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 წლით პირობით გამოსაცდელ ვადად.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ტ. ს-ძეს დაეკისრა მოვალეობა იმისა, რომ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა _ გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან. მასვე დაეკისრა სპს “გოგიბერიძე და კომპანიის” სასარგებლოდ 4234 ლარის გადახდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ძალაში დარჩა იმ ცვლილებით, რომ ტ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქციით), ნაცვლად მოქმედი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებისა. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მსჯავრდებულ ტ. ს-ძის ქონებას დაედო ყადაღა.

განაჩენით ტ. ს-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვა, რომელიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ გამგებლობაში, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. კერძოდ, 1999 წლის დეკემბრის თვიდან 2000 წლის 6 ივნისამდე ტ. ს-ძე მუშაობდა ქ. ბათუმში, სპს “გოგიბერიძე და კომპანიაში” ექსპედიტორ-რეალიზატორის თანამდებობაზე და იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, მის მოვალეობაში შედიოდა საზოგადოების მიერ გამოშვებული პროდუქციის _ სპირტიანი სასმელების მიღება, სარეალიზაციოდ მაღაზიებში გადატანა-ჩაბარება, ხოლო ერთი თვის განმავლობაში _ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ანგარიშსწორება ფირმის საამქროს უფროს მ. მ-ძესთან. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისი პასუხისმგებლობით მიიღო რა სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელები, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ნაწილობრივ ჩააბარა მ. მ-ძეს, ნაწილი – 3034 ლარი კი მიითვისა და გაფლანგა.

სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი ზ. ფ-შვილი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ტ. ს-ძისა და მისი მეუღლის ქონების იპოთეკით დატვირთვას გატაცებული თანხების ანაზღაურების საგარანტიოდ. საჩივრის ავტორის აზრით, მართალია, საქმეში არის მსჯავრდებულის მეუღლის ი. დ-ძის ხელწერილი, რომლითაც ის მისი მეუღლის მიერ მითვისებული 4234 ლარის გადახდის ვალდებულებას კისრულობს, მაგრამ რადგანაც საერთო სახლთმფლობელობის ნაწილი, სადაც არის ხელწერილის ავტორის ქონებაც, მამამისის _ ზ. დ-ძის სახელზეა, აღნიშნული დიდ სირთულეებს გამოიწვევს განაჩენის აღსრულებისას. ამასთან, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ტ. ს-ძეს როგორც ქ. ბათუმში, ისე მის გარეთაც, გააჩნია ქონებრივი სიკეთეები. ითხოვს მსჯავრდებულის დასწრებას საქმის საკასაციო განხილვის დროს.

სამოქალაქო მოსარჩელის სპს “გოგიბერიძისა და კომპანიის” წარმომადგენელი უთითებს, რომ 2000 წლის 20 სექტემბრის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შემოწმების აქტით, ინვენტარიზაციისას გამოვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 12252 ლარის ოდენობით. Aაღნიშნული დანაკლისი გამოწვეულია საქონლის ნისიად გაცემით. Aაღნიშნულ თანხაში შედის ტ. ს-ძის მიერ მითვისებული თანხა 4234 ლარიც. თანხის აუნაზღაურებლობის გამო, ბიუჯეტისათვის მიყენებულია ზიანი და სპს-ს ერიცხება შესაბამისი გადასახადები. Aამდენად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ტ. ს-ძეზე დაკისრებული თანხა დასაზუსტებელია. მხარის არაერთგზისი შუამდგომლობის მიუხედავად, არც წინასწარი გამოძიებისა და არც სასამართლოს მიერ ზომები არ ყოფილა მიღებული სარჩელის უზრუნველსაყოფად. საქმეში არსებული ხელწერილით, ტ. ს-ძის მეუღლის ი. დ-ძის პირობით 3034 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2001 წლის 1 აპრილამდე, რაც მხარის მიერ არ შესრულდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსსკ-ის 194-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, განსასჯელ ტ. ს-ძის დაუზუსტებელი ქონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად, მის ქონებაზე დადებული ყადაღა არ არის ის ეფექტური ღონისძიება, რაც სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების რეალური პირობა იქნებოდა მოსარჩელისათვის. ამასთან, განაჩენში ბრალდებულზე შერაცხული მითვისებული თანხა 3034 ლარი და სპს “გოგიბერიძე და კომპანიის” სასარგებლოდ დაკისრებული თანხები _ 4234 ლარი, ერთმანეთს არ ემთხვევა.

სამოქალაქო მოსარჩელე სპს “გოგიბერიძე და კომპანიის” კანონიერი წარმომადგენელი თ. რ-შვილი და ადვოკატი მ. დ-ძე ეთანხმებიან საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორი გ. მ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მასალები, მოწმეთა ჩვენებები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ტ. ს-ძემ 1999 წლის დეკემბრიდან 2000 წლის 6 ივნისამდე, მუშაობდა რა სპს “გოგიბერიძე და კომპანიაში” ექსპედიტორ-რეალიზატორის თანამდებობაზე და იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისა და გაფლანგა საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ნაწილი.

განსასჯელი ტ. ს-ძე პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტავდა, რომ მის მიერ სხვადასხვა ფირმებისათვის ნისიად ჩაბარებული ალკოჰოლური სასამელების რეალიზაციის შემდეგ ფირმა “ბაკურის” საწყობის გამგეს გადასახდელი ჰქონდა _ 1200 ლარი, პუშკინის ქუჩაზე ასაღები ჰქონდა 150 ლარი, 1200 ლარი ამოსაღები ჰქონდა სხვა ფირმებიდან. Bბ-ძეს მისი ვალი ჰქონდა 900 ლარი. იმის შესახებ რომ, ერთ-ერთი ობიექტიდან 1200 ლარი ჰქონდა ამოსაღები ტ. ს-ძეს, იცოდა სამოქალაქო მოსარჩელემაც. ამასვე მიუთითებს სასამართლოზე მოწმე მ. მ-ძე და განმარტავს, რომ აღნიშნულის გარდა ზ. ჩ-ძეს ჰქონდა 800 ლარი გადასახდელი. მსჯავრდებულის ჩვენებით, 4234 ლარიდან 800 ლარი დასაბრუნებელი ჰქონდა ზ. ჩ-ძეს, რომელიც იმ დროს მასთან ერთად მუშაობდა ექსპედიტორ-რეალიზატორად და ამის გამო მისი გადასახდელი თანხა რჩებოდა 3434 ლარი.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ტ. ს-ძეს ბრალი ედებოდა 4234 ლარის მითვისებაში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რაც გაიზიარა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამაც ტ. ს-ძე დამნაშავედ ცნო 3034 ლარის მითვისებაში, ხოლო სამოქალაქო სარჩელის ნაწილში კომპანიის სასარგებლოდ დააკისრა 4234 ლარის გადახდა,Mმაგრამ სასამართლომ არ დაასაბუთა 1200 ლარი, რომელიც სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისას დაუმატა მსჯავრდებულის მიერ მითვისებულ თანხას, რომელი თანხა იყო _ ჩ-ძის ვალი 800 ლარი და კიდევ სხვა თანხა, თუ სხვა რამ, რაც განაჩენით დადგენილი არ არის. სასამართლომ ზოგადად განმარტა, რომ ტ. ს-ძე არის ფირმის წინაშე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და მას ეკისრება ფირმისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელმა სადავო გახადა ზარალის ასანაზღაურებლად განაჩენით დადგენილი თანხა და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების გამოუყენებლობამ და განსასჯელის მიერ თანხის დღემდე გადაუხდელობამ, გამოიწვია სპს “გოგიბერიძე და კომპანიის” დავალიანების გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში საქმის ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის პოზიციების კრიტიკული შეფასების შედეგად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების საკითხი და განსაზღვროს ტ. ს-ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც უნდა დაეკისროს სამოქალაქო მოპასუხეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთან, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს საკასაციო საჩივარში დასმულ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლით, 561-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განაჩენი ტ. ს-ძის მიმართ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.