საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.05.2001
საქმის ნომერი
2კ-53დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
22.05.2001

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 53დად 22 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა ხელვაჩაურის რაიონის პროკურორ თ. ჯ-ძისძის საკასაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც ავადმყოფ გ. ლ-ძეს მოეხსნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება საერთო მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ჩაბარდა ახლობლებს შემდგომი მზრუნველობისათვის და დაენიშნა იძულებითი დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა შპს-ის ბათუმის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.

აღწერილობითი ნაწილი:

1994 წლის 11 ოქტომბერს გ. ლ-ძემ, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, თავში ნაჯახის ჩარტყმით, მოკლა ქმარი. სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ლ-ძე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ, რის საფუძველზეც ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 23 აპრილის განჩინებით შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ქ. ფოთის სასამართლოს 1998 წლის 1 აპრილის განჩინებით გ. ლ-ძეს შეეცვალა მკურნალობის რეჟიმი და შემდგომი მკურნალობის გასაგრძელებლად გადაყვანილ იქნა ქუტირის გაძლიერებული რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

2000 წლის 16 აგვისტოს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, ავადმყოფ გ. ლ-ძეს კვლავ შეეცვალა მკურნალობის რეჟიმი და გადაყვანილ იქნა შპს აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საერთო მეთვალყურეობის საავადმყოფოში მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.

შპს აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 2001 წლის 16 მარტის ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნის თანახმად, გ. ლ-ძე დაავადებულია ქრონიკული სულიერი დაავადებით ეპილეფსიის სახით, მნიშვნელოვანი ხასიათობრივი ცვლილებით, ინტელექტის დაქვეითებით და ეპილეფსიქიური გულყრებით (მედიკამენტოზური რემისია); თავისი ფსიქიატრიული მდგომარეობით, გ. ლ-ძე არ წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისათვის, არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას საერთო მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შესაძლებელია მისი გადაყვანა იძულებით დისპანსერულ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (შპს ბათუმის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი) და მისი გაწერა საავადმყოფოდან ახლობლების მეურვეობის ქვეშ.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა გ. ლ-ძის დედის – ფ. ლ-ძის შუამდგომლობა. ავადმყოფ გ. ლ-ძეს მოეხსნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება საერთო მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ჩაბარდა ახლობლებს შემდგომი მზრუნველობისათვის. გ. ლ-ძეს დაენიშნა იძულებითი დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა შპს ბათუმის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.

ხელვაჩაურის რაიონის პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მარტის დადგენილების გაუქმებას ავადმყოფ გ. ლ-ძისათვის სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების მოხსნის თაობაზე შემდეგი მოტივებით: მოსამართლეს დადგენილებაში არასწორადა აქვს მითითებული, რომ საქმეზე წარმოდგენილია შპს აჭარის რესპუბლიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომისიის შემოწმების დასკვნა, საქმეზე კი წარდგენილია მხოლოდ საექიმო კომისიის დასკვნა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა გ. ლ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ასევე, არ გაითვალისწინა გ. ლ-ძის მამამთილ ზ. შ-ძის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ გ. ლ-ძის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი აქვს სისტემატიურ მუქარას ფიზიკური განადგურების თაობაზე.

ადვოკატი მ. ა-ია ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პროკურორი გ. მ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსამართლე გ. ლ-ძის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების მოხსნის საკითხის განხილვისას დაეყრდნო შპს აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნას და არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა გ. ლ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

მოსამართლემ დადგენილებაში სწორად მიუთითა, რომ სსსკ-ის 678-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სასამართლოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ საექიმო კომისიის დასკვნა მხარეების ან სასამართლოს ეჭვს იწვევს, მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ავადმყოფ გ. ლ-ძის მამამთილი ზ. შ-ძე ეჭვქვეშ აყენებდა მისი გამოჯანმრთელების საკითხს, მიუთითებდა, რომ გ. ლ-ძის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ სისტემატურად ჰქონდა ადგილი მუქარას ფიზიკური განადგურების თაობაზე, იგი არ ეთანხმებოდა კომისიის დასკვნას და ითხოვდა გ. ლ-ძის ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაბრუნებას.

ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოების არსებობისას, მოსამართლეს უნდა დაენიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და, სსსკ-ის 662-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გაერკვია, იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ ფსიქიურად დაავადებულ პირს კვლავ ჩაედინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მარტის დადგენილება გ. ლ-ძის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების მოხსნის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა გ. ლ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაწყვიტოს მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 562-ე, 563-ე, 568-ე, 662-ე და 678-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 მარტის დადგენილება ავადმყოფ გ. ლ-ძის სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების მოხსნისა და მის მიმართ იძულებითი დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში დანიშვნის შესახებ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე რაიონის სასამართლოს.