საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 79 დად 11 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, შ. ასათიანი
განიხილა მსჯავრდებულ ბ. ღ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უარყოფილ იქნა რუსთავის ¹ 1 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ბ. ღ-შვილის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 1 აპრილის განაჩენით ბ. ღ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ეპიზოდი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ახალ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილთან და მსჯავრდებულებს ბ. ღ-შვილს, რ. ღ-შვილს, კ. კ-ძეს და ს. ქ-შვილს შეუმცირდათ სასჯელი - თითოთეულ მათგანს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
დანარჩენ ნაწილში მათ მიმართ ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უარყო სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ბ. ღ-შვილის სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული, სასჯელის მოხდის ვადა გასდის 2003 წელს, მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის დიდი ნაწილი. ამდენად, ნაადრევია მისი სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას შემდეგი საფუძვლებით:
ამჟამად მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი, საქმეში მონაწილე მსჯავრდებულები ს. ქ-შვილი და კ. კ-ძე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებულები არიან. ვრცელ მოტივირებულ საფუძვლებს წარმოადგენს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ს-შვილი.
ადვოკატმა ნ. ს-შვილმა პალატის წინაშე იშუამდგომლა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მისი აზრით, საქმეზე არსებობს ყველა საფუძველი საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის, კერძოდ: ბ. ღ-შვილს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ვადის ორი მესამედი, ხასიათდება დადებითად, რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, დადგა გამოსწორების გზაზე, რასაც ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დახასიათება და წარდგინება.
პროკურორი ე. ღ-შვილი მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ბ. ღ-შვილის მიმართ უნდა გაუქმდეს და მასალები ხელახალი განხილვის მიზნით გადაეცეს იმავე სასამართლო სხვა მოსამართლეს, რადგან საქმეზე არ მოიპოვება სასჯელის აღმასრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინება. აღნიშნულით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 610-ე მუხლის მოთხოვნა.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ბ. ღ-შვილის მიმართ უნდა გაუქმდეს და საჩივარი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბ. ღ-შვილი სასჯელს იხდის 1995 წლის 31 ივლისიდან, სასჯელის 2/3 მოიხადა 2000 წლის 1 დეკემბერს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლისთანავე მას განემარტა შინაგანაწესისა და რეჟიმის მოთხოვნები, ასევე უფლება-მოვალეობები, ჩაუტარდა პროფილაქტიკურ აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებები, რამაც მასზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა. შეგნებული აქვს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დამდგარია გამოსწორების გზაზე, შენიშვნებზე ახდენს სწორ რეაგირებას, ურთიერთობა აქვს იმ კატეგორიის მსჯავრდებულებთან, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად, სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, მონაწილეობას ღებულობს რაზმეულის საზოგადოებრივ საქმიანობაში და კეთილსინდისიერად ასრულებს ცალკეულ დავალებებს, რეჟიმისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში თავაზიანია, თავის ბრალს ჩადენილ დანაშაულში აღიარებს და ინანიებს, დასჯილი არ ყოფილა.
პალატა მხედველობაში იღებს არა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ბ. ღ-შვილმა მოიხადა სასჯელის ვადის ის ნაწილი, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტი მოითხოვს, არამედ მის სანიმუშო ყოფაქცევას და ყველა იმ მონაცემებს, რომელნიც საქმეშია და მოწმობენ იმაზე, რომ ბ. ღ-შვილი დადგა გამოსწორების გზაზე. ასეთ პირობებში, პალატა თვლის, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მასალებში წარმოდგენილი არ არის სასჯელის აღმასრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინება, მაგრამ წარდგინებას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ხელს აწერენ: სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი ა. ა-ია; რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი რ. ვ-ძე და სპეცაღრიცხვის უფროსი ინსპექტორი დ. ა-ძე.
საკასაციო პალატამ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისაგან მიიღო ცნობად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასეთი სამეთვალყურეო კომისიები არ არსებობენ, რის გამოც ვერ სრულდება საქართველოს სსსკ-ის 610-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი კომისიის არარსებობის ფაქტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსჯავრდებულის საზიანოდ, ვინაიდან ამით ეზღუდება კანონით მისთვის მინიჭებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება. ამდენად, პალატას საკმარისად მიაჩნია წარმოდგენილ წარდგინება, როგორც საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძველი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 72-ე, სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე, 571-ე და 610-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ბ. ღ-შვილის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
წარმოდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდეს და ბ. ღ-შვილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.