განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 12.12.2000
საქმის ნომერი
2კ-118აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 118აპ 12 დეკემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, თ. ყრუაშვილი

განიხილა დაზარალებულ ი. დ-შვილის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე ა. მ-შვილისა და ა. ხ-შვილის ბრალდების საქმეზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. მ-შვილის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 105-ე მუხლით და საქმე ა. ხ-შვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1999 წლის 13 დეკემბერს საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

საბრალდებო დასკვნით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: 1999 წლის 19 მაისს, დაახლოებით 18 საათზე, ზ. დ-შვილი ნათესავთან, ა. ხ-შვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის პროსპექტზე, სადაც კაფე “მალში”, იქვე მყოფ პ. გ-შვილთან და კ. ა-ურთან ერთად შესვეს სამი ბოთლი არაყი. დაახლოებით 20 საათზე კ. ა-ური დასცილდა მათ და წავიდა სახლში, დანარჩენები კი შევიდნენ შენობის თაღის ქვეშ ეზოში ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ამ დროს ეზოში ავტომანქანით შევიდნენ მ. ა-ძე და მ. მ-შვილი, რომელთაც ფეხით მიჰყვნენ ამ დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ა. მ-შვილი, ლ. ჩ-ძე, ზ. ლ-ია და კ. შ-ია. ა. მ-შვილმა და კ. შ-იამ დაინახეს ა. ხ-შვილი და პ. გ-შვილი, რომლებიც ეზოში შარდავდნენ და შენიშვნა მისცეს, რაც იუკადრისა ა. ხ-შვილ-მა და შეაგინა მათ. კ. შ-იამ შეაჩერა ა. მ-შვილი, რომელმაც გასარტყმელად გაიწია. ამის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სიტუაციის გარკვევის მიზნით თაღიდან ქუჩაში გაიყვანა ზ. დ-შვილი, ხოლო პ. გ-შვილმა, შეეცადა რა შექმნილი მდგომარეობის განმუხტვას, ბოდიში მოუხადა კ. შ-იას. ა. ხ-შვილმა გამომწვევად იკითხა - იცით, ვინა ვარო, რაზეც კ. შ-იამ უარყოფითად უპასუხა და წავიდა პროსპექტისაკენ. ამ მომენტისათვის ეზოდან გოგონებიც გასულები იყვნენ და ლ. ჩ-ძეს ესაუბრებოდნენ, ა. მ-შვილი და ზ. დ-შვილი წყნარი საუბრით უკან ბრუნდებოდნენ თაღისაკენ. ა. ხ-შვილმა, რომელიც არ წყნარდებოდა, დედის მისამართით შეაგინა კ. შ-იას და ა. მ-შვილს, რის გამოც ამ უკანასკნელმა ხელი გაარტყა სახეში. კ. შ-ია გაშველების მიზნით მათ შორის ჩადგა, მაგრამ ა. ხ-შვილმა ჯიბიდან ამოიღო “ბაბოჩკის” ტიპის დანა, გაშალა და ქნევა დაიწყო ა. მ-შვილის მიმართულებით. თან იგინებოდა, რასაც ხალხის თავშეყრა მოჰყვა. კ. შ-ია შეეცადა, მაგრამ მას დანა ვერ გააგდებინა. ეს ვერ შეძლო პ. გ-შვილმაც, რომელიც კაფე “ნიკალაში” შევიდა. ა. ხ-შვი-ლის დანის ქნევით მარცხენა ხელში დაიჭრა ა. მ-შვილი - მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მასში გაშველების მიზნით ჩაერივნენ ლ. ჩ-ძე, ზ. ლ-ია და ზ. დ-შვილი. ა. მ-შვილმა ხელზე ჭრილობის მიღებისთანავე ამოიღო ჯიბიდან დანა, გახსნა და შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლის მიზნით მკერდში დაარტყა ზ. დ-შვილს, გულის მარჯვენა პარკუჭზე მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, მასვე მარცხენა ყურის ნიჟარაზე მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ჩხუბის დროს ზ. დ-შვილს ასევე მიადგა ცხვირზე, ტუჩზე და მარცხენა წვივის მიდამოში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.

ამავე დროს კ. შ-იამ და ლ. ჩ-ძემ შესძლეს ა. ხ-შვილის წაქცევა, გააგდებინეს მას დანა ხელიდან და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. დაჭრილი ზ. დ-შვილი ა. ხ-შვილის და პ. გ-შვილის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. შემდგომში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხვადასხვა საავადმყოფოებში იქნა მოთავსებული, მაგრამ მიუხედავად გაწეული დახმარებისა, იგი 1999 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 აპრილის განაჩენით ა. მ-შვილის ქმედება სსკ-ის 105-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 17, 105-ე მუხლზე და მიესაჯა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ხ-შვილს სსკ-ის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველების სააპელაციო საჩივრების საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა. მ-შვილი დამნაშავედ სცნო სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუსაჯა ხუთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. ხ-შვილს, მისჯილი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუცვალა ხუთი წლით პირობითი მსჯავრით.

სააპელაციო პალატამ განაჩენს საფუძვლად დაუდო შემდეგი დასაბუთება: “ა. მ-შვილი 1999 წლის 19 მაისს, დაახლოებით 20 საათზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ¹ 20 შენობასთან. მთვრალი ა. ხ-შვილის არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც თაღიან ეზოში შარდავდა და ამის თაობაზე დაწყებულ ჩხუბში, რა დროსაც ა. ხ-შვილმა ჩაიდინა ხულიგნობა, იხმარა დანა და მსუბუქად დაჭრა ა. მ-შვილი, ამ უკანასკნელმა ამოიღო დანა და იქნევდა მოსაგერიებლად, რა დროსაც არაპირდაპირი (ევენტუალური) არაკონკრეტიზირებული განზრახვით, ჯიბის დანით გულის არეში დაჭრა გამშველებელი ზ. დ-შვილი (ა. ხ-შვილის ახლობელი) და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც ეს უკანასკნელი 1999 წლის 19 მაისიდან მკურნალობდა ქ. თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში და 1999 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სეფსისის ცენტრში. გვამი არ გაკვეთილა და სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია”.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებული, თვლის რა უკანონოდ, მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის. აღნიშნულის დასასაბუთებლად კი მიუთითებს:

შემთხვევის დროს ა. მ-შვილი არ დაჭრილა და საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის აქტი ყალბია; საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე ცრუობს. წინასწარი და სასამართლო გამოძიების პროცესში მიცემული მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია; სასამართლომ არ დაკითხა ფაქტის თვითმხილველი ერთადერთი მოწმე მ. გ-ძე;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ზ. დ-შვილს არ მოუშარდია, არავისთვის არ მიუყენებია სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ის მხოლოდ სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რაც მოჩხუბართა გაშველებაში გამოიხატა, მაგრამ ა. მ-შვილის მიერ დაჭრილი იქნა, რასაც სასამართლოს მიერ არ მიეცა სათანადო შეფასება;

თუ ა. მ-შვილს ზ. დ-შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ამ უკანასკნელმა საიდან მიიღო დაზიანებები, სააპელაციო პალატამ ყურადღება მხოლოდ გულის არეში მიყენებულ დაზიანებებზე გაამახვილა, ხოლო ყურზე არსებულ დაზიანებაზე საერთოდ არ უმსჯელია; სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ ა. მ-შვილი ბრალის აღიარებით გამოცხადდა, სიმართლეს არ შეეფერება, იგი აიძულეს გამოცხადებულიყო პოლიციაში.

განაჩენი ლმობიერია როგორც ა. მ-შვილის, ისე ა. ხ-შვილის მიმართ. ამ უკანასკნელის ქმედება არაეთიკური იყო, მათ თავაშვებულ ქმედებას უდანაშაული ახალგაზრდა შეეწირა.

წარმოდგენილი შესაგებლით მსჯავრდებულ ა. მ-შვილის ინტერესების დამცველი მოითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას და მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს (მხარი დაუჭირა დაზარალებულის მოთხოვნას), დაზარალებულს, მისი და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და განაჩენის კანონიერება, თვლის, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს არ მიუღია ყველა ზომა საქმის გარემოებათა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევისათვის. მისი დასკვნები წინააღმდეგობაშია არათუ საქმეში არსებულ, არამედ თვით სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ გარემოებებთან მიმართებაში. სასამართლოს განაჩენში მხოლოდ ჩამოთვლილია მტკიცებულებები, მაგრამ არავითარი შეფასებები მათ არ მისცემიათ. სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ბრალდების ფორმულირება თავის თავშივე წინააღმდეგობას შეიცავს. სასამართლოს ხან მიაჩნია, რომ ა. მ-შვილი ა. ხ-შვილის ქმედების საპასუხოდ მოსაგერიებლად იქნევდა დანას, ხან დადგენილად თვლის, რომ ევენტუალური განზრახვით გულში დაჭრა გამშველებელი ზ. დ-შვილი.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ გარკვევით უნდა მიუთითოს რა მიაჩნია დადასტურებულად და კერძოდ რა მტკიცებულებათა საფუძველზე.

სასამართლომ უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ძირითადი მოწმის მ. გ-ძის დაკითხვისათვის, რადგანაც თვით მის ჩვენებებს შორისაც არსებითი წინააღმდეგობაა.

შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შესახებ: გაურკვეველია, სასამართლომ ა. მ-შვილის ქმედება იმიტომ დააკვალიფიცირა სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ მას არ ჰქონდა ზ. დ-შვილის მოკვლის განზრახვა, თუ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზ. დ-შვილის სიკვდილის მიზეზია დაუდგენელი. ამასთან, სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს კონფლიქტის გარემოებები, წარმოშობის მიზეზები, მისი მიმდინარეობა, მონაწილეთა ქმედების მიმართულება და როლი, დაზიანებათა მიყენების მექანიზმი. საჭიროა გაირკვეს აწ გარდაცვლილ ზ. დ-შვილის და ა. მ-შვილის ინტერესთა შეუთავსებლობის ის მიზეზი და პირობები, რამაც ამ უკანასკნელს აღუძრა მისი მოკვლის თუ დაზიანების განზრახვა.

სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს თვით ა. მ-შვილზე მიყენებული დაზიანებების ფაქტობრივი გარემოებები, დეტალურად გაანალიზოს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები და გააკეთოს დასაბუთებული დასკვნები. ამასთან, სრულყოფილად შეამოწმოს ა. მ-შვილის ბრალის აღიარებით გამოცხადების გარემოებები, არსებობდა თუ არა სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები მისთვის სასჯელის დანიშვნისას და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

თუ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევით სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-შვილი მოქმედებდა ევენტუალური განზრახვით, მის ქმედებას უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება. ასევე, თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ა. ხ-შვილს ჩადენილი აქვს სსკ-ის 228-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული იმ ვითარებაში, როგორც ეს აღწერილია საბრალდებო დასკვნაში და განაჩენში, მაშინ პალატას მიაჩნია, რომ მისთვის სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გამოყენება აშკარად ლმობიერია.

სასამართლომ სსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა გამოიკვლიოს ყველა მტკიცებულება და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ასევე უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე დადგენილი კერძო განჩინება.

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამარ თლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი და კერძო განჩინება ა. მ-შვილის და ა. ხ-შვილის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.