შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 105 კოლ 8 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),შ. ასათიანი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც შ. ს-ავა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით. ერთობლივად შეეფარდა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 22 იანვრიდან.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით შ. ს-ავას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: იგი 2000 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, მთვრალი, მართავდა ავტომანქანა “ვაზ-2101”. მან დაარღვია გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნები: გადაჭარბებული სიჩქარით _ დაახლოებით 70 კმ/სთ _ მოძრაობისას თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირიდან პ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, მიუახლოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მდებარე გზაჯვარედინს, გადაკვეთა მოძრაობის გამყოფი ორმაგი ღერძულა ხაზი, გადავიდა გზის მარცხენა სავალ ნაწილზე და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ხელოვნურად იყო განათებული, გადაჭარბებული სიჩქარით დაეჯახა მელიქიშვილის გამზირის დასაწყიში ქუჩაში, მომხდარ სხვა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას შეკრებილ პოლიციის თანამშრომლებსა და სხვა მოქალაქეებს. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა ს. ა-შვილი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი _ მ. ს-ძე და ზ. წ-ელი. მოქალაქე ჯ. ხ-ავამ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო დ. ბ-შვილმა და ა. მ-შვილმა მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თვით შ. ს-ავამ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა პალატის სახელზე წარმოქმნილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ შ. ს-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. ყ-შვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნა, რაც გამოიხატა მასში, რომ შ. ს-ავა თვითონ გამოცხადდა ბრალის აღიარებით და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას არ უნდა შეფარდებოდა სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა შ. ს-ავამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ყ-შვილმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ცვლილებით, იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ. მიუთითეს, რომ საქმეზე სასამართლო გამოძიება წარმოებულია არასრულყოფილად, მთელი რიგი საკითხები დაუზუსტებელია რომელთა გარკვევასაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარტების დადგენისათვის.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მიიჩნია, რომ განაჩენი არის კანონიერი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებული შ. ს-ავა მთვრალი მართავდა ავტომანქანა ჟიგულს, დაარღვია გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა სამი პირის სიკვდილი, ერთი პირის მძიმედ დაზიანება, ხოლო ორი პირის _ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
შ. ს-ავას მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი დადგენილია როგორც თვით ს-ავას აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, ასევე, საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ შ. ს-ავას ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღთვევისასთვის, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სოცოცხლის მოსპობა. ესე იგი, იმ შემთხვევაში, როცა ავტოავარიას რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა მოყვება, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით. ამ მუხლის მე-8 ნაწილის დისპოზიცია, ფაქტობრივად, მოიცავს სხვა სამართლებრივ სიკეთის დაზიანებასაც (მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება), ამიტომ, მსჯავრდებულ შ. ს-ავას ქმედებაც უნდა დაკვალიფიცრდეს მხოლოდ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შ. ს-ავა პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის იძულებითი წესით გადაადგილებული პირი, ხასიათდება უაღრესად დადებითად, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩანადენი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და თვლის, რომ მსჯავრდებულ შ. ს-ავას სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი შ. ს-ავას მიმართ შეიცვალოს; შ. ს-ავას ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და ამ ნაწილით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება შ. ს-ავას სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების შესახებ;
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.