საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.03.2001
საქმის ნომერი
2კ-13კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 13კოლ 29 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 იანვრის განაჩენზე, რომლითაც: გ. თ-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” პუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით გ. თ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2000 წლის 16 მაისს ახმეტის რ-ნის სოფ. ... იგი შეხვდა ახმეტის რ-ნის, სოფ. ... მცხოვრებ ვინმე “ოთარს”, რომელსაც მოელაპარაკა, რომ მისგან შეიძენდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”. 2000 წლის 21 მაისს დაბრუნდა ქ. თბილისში, ... სადაც დროებით ცხოვრობდა თავის შორეულ ნათესავ ნ. ა-ძესთან. ხსენებული ბინის ტელეფონის ნომერი მან დაუტოვა ვინმე “ოთარს”, რომელსაც უნდა ჩამოეტანა “ჰეროინი”.

2000 წლის 22 მაისს მას დაურეკა “ოთარმა”, უთხრა, რომ ჩამოტანილი ჰქონდა “ჰეროინი” და დაუთქვა შეხვედრა 14 საათზე ქ. თბილისში, მეტრო “სამგორთან”. დათქმულ დროს იგი შეხვდა მას და გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით _ 8 ცალი ცელოფნის პაკეტი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და შეპირდა, რომ ერთი პაკეტს გაასაღებდა 100 ამერიკულ დოლარად. აღნიშნული ნარკოტიკები მან უკანონოდ გადაზიდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ქ. თბილისში, ი. ა-ძის ბინაში, სადაც ასევე, უკანონოდ შეინახა. იმავე დღეს, დაახლოებით 17 საათზე, მას დაუკავშირდა ნაცნობი ა. ქ-ძე, რომელსაც შეხვდა 2 საათის შემდეგ მეტრო “ახმეტელთან” და მასზე 200 ამერიკული დოლარად გაასაღა 2 პაკეტი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. მეორე დღეს, ე.ი. 23 მაისს, დაახლოებით 19 სთ-ზე, იმავე მეტრო “ახმეტელთან” განმეორებით უკანონოდ გაასაღა 100 ამერიკულ დოლარად 1 პაკეტი წონით 0,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც ამ უკანასკნელმა 2000 წლის 24 მაისს ნებაყოფლობით ჩააბარა შს სამინისტროს თანამშრომლებს.

2000 წლის 24 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, იგი დააკავეს ქ. თბილისში, მეტრო “ახმეტელთან”, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა შს სამინისტროში, სადაც პირადი ჩხრეკისას ქურთუკის მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა სარეალიზაციოდ გამიზნული დიდი ოდენობით _ 5 პაკეტი წონით 4,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. თ-შვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მას შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: იგი პირველადაა სამართალში მიცემული, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირობა მძიმე ეკონომიურმა და ოჯახურმა მდგომარეობამ, აღსაზრდელი ჰყავს ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი, მის კმაყოფაზეა ავადმყოფი დედა, პირველი ჯგუფის ინვალიდი _ უსინათლო მამინაცვალი, თვითონაც ავადმყოფია _ დაავადებულია ჰიპერტონია-ნევრასთენიით.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. თ-შვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ. კ-შვილმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა გ. მ-ძემ კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ გ. თ-შვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და გასაღების ფაქტი საქმის მასალებით დადგენილია. ამასთან, მას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტი ზედმეტად აქვს წარდგენილი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ-შვილმა ქ-ძეს ორჯერ მიჰყიდა “ჰეროინი”, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ შეიძლება განხილული იქნეს მის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების არაერთგზის გასაღებად, რადგან თ-შვილმა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა გასაღების მიზნით და მის მიერ ერთსა და იმავე პირზე ნარკოტიკების ნაწილ-ნაწილ გასაღება არ შეიძლება გახდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტით დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა ერთიანი განზრახვა. პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, თ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდეს.

რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტს, მისი ქმედება ამ ნაწილით სწორადაა დაკვალიფიცირებული. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. თ-შვილის მიმართ არსებობს განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები და არაა მიზანშეწონილი მისი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდა შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული გ. თ-შვილი პირველადაა სამართლაში მიცემული, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის ქალი, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, გააჩნია მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი დედა, პირველი ჯგუფის ინვალიდი _ უსინათლო მამინაცვალი, თვითონაც დაავადებულია დიაგნოზით ნევრასთენია-ჰიპერსთენიური ფორმით. პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ თ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარკვეულწილად, განაპირობა მძიმე ეკონომიკურმა და ოჯახურმა მდგომარეობამ. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არის გ. თ-შვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გ. თ-შვილის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 იანვრის განაჩენში გ. თ-შვილის მიმართ შეტანილი იქნეს ცვლილება. კერძოდ, განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში წარმოებით შეწყდეს. იმავე განაჩენის სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ თანახმად სსკ-ის 63-65-ე მუხლებისა, შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გ. თ-შვილის გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი.

მსჯავრდებულ გ. თ-შვილს დაეკისროს მოვალეობა, რომ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.