საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 27-აპ 29 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ე. გ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. დ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ნოემბრის განაჩენში. კერძოდ, ე. გ-შვილს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარი გამოძიების დროს პატიმრობაში ყოფნა ერთი თვისა და 13 დღის განმავლობაში.
ამავე საქმეზე საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით მსჯავრდებულია, აგრეთვე, კ. ა-შვილი, რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლ მ. ისაევის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ე. გ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2000 წლის 14 ივნისს, საღამოს საათებში, ახმეტის რაიონის სოფ. ... ე. გ-შვილმა კ. ა-შვილისაგან შეუმჩნევლად, ამ უკანასკნელის ავტომანქანის ვაზ-2106 საბურავის “დისკზე” დამაგრებულ “კალპაკში” დამალა და შეინახა დიდი ოდენობით _ 2,37 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც შემდგომ იმავე ავტომანქანით გადაზიდა სიღნაღის რაიონის სოფ. ... მიმართულებით. ქ. წნორში ისინი გააჩერეს პოლიციის მუშაკებმა, რომლებმაც გაჩხრიკეს ავტომანქანა და ამოიღეს ე. გ-შვილის მიერ შენახული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ე. გ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. დ-ძე ითხოვს განჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გ-შვილის მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 63-ე მუხლი და განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: ე. გ-შვილი არის 78 წლის მოხუცი, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მონაწილეობდა 1941-1945 წწ დიდ სამამულო ომში, რა დროსაც თავის არეში მიღებული აქვს მძიმე ჭრილობა, იგი ადრე არაა სამართალში ნამყოფი, ხასიათდება დადებითად, სამამულო ომის დროს მიღებული აქვს დიდების მესამე ხარისხის ორდენი და სხვა მრავალი ჯილდო, ამჟამად არის ავადმყოფი _ დაავადებულია ჰიპერტონიით, არის მწოლიარე მდგომარეობაში. მის მიმართ შუამდგომლობა აღძრეს სოფ. ... გამგეობამ, ახმეტისა და თელავის რაიონების ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭომ, რათა გ-შვილს სასჯელად არ შეფარდებოდა საპატიმრო ღონისძიება; პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა, რომ გ-შვილს შეფარდებული სასჯელი შეცვლოდა პირობითი მსჯავრით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. დ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. პალატას წარუდგინა სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ ე. გ-შვილს სამამულო ომში მიღებული აქვს მძიმე დაზიანება შუბლის მარჯვენა მხარეს და აქვს თავის ტვინის კონტუზიის ნარჩენი მოვლენები. ავადმყოფი ამჟამად იმყოფება წოლით რეჟიმში და ამბულატორული მეთვალყურეობის ქვეშ.
პროკურორმა გ. მ-ძემ კანონიერად მიიჩნია სააპელაციო პალატის მიერ გ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ე. გ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული. სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ მიიღო მხედველობაში მისი პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ, მსჯავრდებული ე. გ-შვილი არის 78 წლის ასაკის, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, რა დროსაც თავის არეში მიღებული აქვს დაზიანება, სამამულო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებულია მესამე ხარისხის დიდების ორდენით და სხვა ჯილდოებით, ამჟამად დაავადებულია მეორე ხარისხის ჰიპერტონიით, არის მწოლიარე მდგომარეობაში. მის მიმართ შუამდგომლობა აღძრეს სოფ. ... გამგეობამ, ახმეტისა და თელავის რაიონების ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭომ, რათა გ-შვილს სასჯელად შეფარდებოდა ისე ღონისძიება, რომელიცც არ იქნებოდა პატიმრობასთან დაკავშირებული.
პალატა მხედველობაში იღებს, აგრეთვე, ე. გ-შვილის მიერ შეძენილ და შენახულ ნარკოტიკული საშუალების ოდენობას (რაც სულ შეადგენს 2,37 გრამს), აგრეთვე, იმ ფაქტს, რომ არ მომხდარა ნარკოტიკების გასაღება და რაიმე მძიმე შედეგი არ მოჰყოლია.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ ე. გ-შვილს განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, თანახმად სსკ-ის 63-65-ე მუხლებისა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 იანვრის განაჩენში ე. გ-შვილის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება: მას განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, თანახმად საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლებისა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.