საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 10.05.2001
საქმის ნომერი
2კ-8-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 81 10 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწის მ. კ-ძის კერძო _ საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 29 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც შ. ბ-შვილს ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლით დამატებით გამოძიების ჩასატარებლდა დაუბურნა ტყიბულის რაიონის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით შ. ბ-შვილს ბრალი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

2000 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, ტყიბულის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი შ. ბ-შვილი და ამავე განყოფილების მძღოლ-პოლიციელი, პოლიციის სერჟანტი _ თ. ფ-ძე 2000 წლის 19 ივნისის 03 საათამდე იმყოფებოდნენ რა ოპერატიული შემოვლების ჯგუფის შემადგენლობაში და პატრულობდნენ ე.წ. “დაბლა ტყიბულის” ტერიტორიას. შემოვლის დროს გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ¹ 23 საცხოვრებელ სახლსა და ¹ 3 საბავშვო ბაღს შორის მდგარ, მოქ. ნ. კ-იას კუთვნილ “პაზის” მარკის სამგზავრო ავტობუსთან შენიშნეს ქ. ტყიბულის ზონის სოფ. ... მცხოვრები მ. რ-ძე, რომელიც ცდილობდა გაექურდა ხსენებული ავტობუსი. მ. რ-ძემ შენიშნა რა პოლიციის თანამშრომლები, გაიქცა და შეეცადა მიმალვას.

შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში წარსადგენად შეპყრობის მიზნით პოლიციელები შ. ბ-შვილი და თ. ფ-ძე დაედევნენ გაქცეულ მ. რ-ძეს. დევნის დროს თ. ფ-ძე დაეცა რა მიწაზე, ხელიდან გაუვარდა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აიღო შ. ბ-შვილმა და მ. რ-ძის შეპყრობის მიზნით განაგრძო დევნა. მიუხედავად შ. ბ-შვილის მხრიდან რამდენიმე გაფრთხილებული შეძახილისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გამაფრთხილებელი გასროლისა, მ. რ-ძე არ შეჩერდა და სირბილით კვლავ ცდილობდა მიმალვას.

იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ დამნაშავე მ. რ-ძე შეძლებდა მიმალვას, პოლიციელმა შ. ბ-შვილმა დამნაშავე მ. რ-ძის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში წარსადგენად შეპყრობის მიზნით, მიმართა ისეთ ხერხს, რაც ფაქტობრივად აშკარად შეუსაბამო იყო შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და შეპყრობის გარემოებასთან, სახელდობრ: გამსახურდიას ქ. ¹ 27 საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანაშავე მ. რ-ძიდან დაახლოებით 30-40 მეტრით ჩამორჩენილმა პოლიციელმა შ. ბ-შვილმა, იმყოფებოდა რა სტრესულ (აღელვებულ) მდგომარეობაში, შეპყრობის უზრუნველსაყოფად გაქცეული მ. რ-ძის განზრახ დაზიანების მიზნით გამოიყენა ზემოთ აღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც შეგნებულად დაუშვა შესაპყრობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ნებისმიერი სიმძიმის შედეგის დადგომის შესაძლებლობა, რის შედეგად მ. რ-ძემ მიიღო რა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა შემდეგი მითითებით: შ. ბ-შვილის ქმედებაში მოიპოვება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგანაც მკვლელობას დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ადგილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაკავებელ პირს ჩადენილი აქვს მძიმე ან განსაკუთთრებით მძიმე დანაშაული და დაკავების დროს ცდილობს მიმალვას, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში მ. რ-ძის დაკავება შეიძლებოდა მისი სიცოცხლის მოსპობის გარეშეც; პოლიციელ შ. ბ-შვილს არ ჰქონდა გავლილი პირველდაწყებითი მოსამზადებელი კურსები, არ იყო გაცნობილი “პოლიციის შესახებ” კანონს, რის გამოც მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკანონოა და უნდა გათანაბრდეს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ტარების და გამოყენების უფლების არ მქონე სამოქალაქო პირს. საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლის დისპოზიციაში საუბარია მხოლოდ “დამნაშავის” და არა ეჭვმიტანილის შეპყრობაზე. კანონის მიხედვით კი პირი დამნაშავედ შეიძლება ცნობილ იქნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით;

ვინაიდან დაზარალებულ მ. რ-ძის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ არ ეცნობა ზედამხედველ პროკურორს და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ამიტომ აღნიშნული დადგენილება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ, საჭიროა პროკურორის ამ ფაქტზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

საქართვლეოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით იმერეთის საოლქო პროკურორის თანაშემწე ითხოვს სასამართლო კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. მიუთითებს, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ აწ გარდაცვლილ მ. რ-ძეს ჩადენილი ჰქონდა დანაშაული და როდესაც ის შენიშნეს პოლიციის მუშაკებმა გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და შეეცადა მიმალვას, რა დროსაც პოლიციელმა შ. ბ-შვილმა გადააცილა დამნაშავის დაპყრობისათვის აუცილებელ ზომას და ჩაიდინა მ. რ-ძის მკვლელობა. ამდენად, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 114-ე მუხლით. ასევე კანონიერია გამომძიებლის მიერ მ. რ-ძის მიმართ გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რადგან უტყუარად დადგენილია, რომ მ. რ-ძემ ჩაიდინა სხვისი ქონების ქურდობა, მაგრამ მისი გარდაცველბის გამო არ იქნა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. რაც შეეხება შ. ბ-შვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და გამოყენების ფაქტი, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სისხლის სამრათლის კანონით დასჯად ქმედებად.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატმა რ. ა-მ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება წარმოებულია სრულყოფილად, არ არსებობს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ არ არსებობს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: საბრალდებო დასკვნის მოსაზრება შ. ბ-შვილის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, როგორც განზრახი მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, არასწორია. ჩადენილი ქმედების ასეთი კვალიფიკაცია, საკასაციო პალატის აზრით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან პოლიციელის მიერ ეჭვმიტანილის სიცოცხლის განზრახი მოსპობა მატერიალური სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მცდელობის ჩადენისას დაკავების მიზნით, იმ ვითარებაში, როდესაც ამ პირისაგან სხვა პიროვნებას არავითარი სართხე არ ემუქრება, საყოველთაოდ აღიარეუბლი სიცოცხლის უფლების ხელყოფაა და აშკარად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სიკეთის დაცვის სისხლისსამართლებრივ კონცეფციას. დამატებით გამოძიების დროს დეტალურად უნდა შემოწმდეს განჩინებაში ამ მიმართებით აღნიშნული გარემოებები და მიეცეს შეფასება.

დამატებით გამოძიების დროს ასევე სრულყოფილად უნდა შემოწმდეს თუ რამდენად საპროცესო ნორმების დაცვით იქნა გამოტანილი მ. რ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, საჭიროების შემთხვევაში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და შემოწმდეს წამოჭრილი ვერსიები.

პალატა თვლის, რომ სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებების შემოწმებისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებით გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, სასამართლო კოლეგიის მიერ სავსებით კანონიერად იქნა საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნებული და არ არსებობს განჩინების გუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 29 იანვრის განჩინება შ. ბ-შვილის ბრალდების საქმის დამატებით გამოძეიბაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.