დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 45აპ 24 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ავას და დაზარალებულ ა. კ-ძის საკასაციო საჩივრები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 მარტის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ნ. მ-ავას მიმართ.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ნ. მ-ავა, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით – 1 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ნ. მ-ავას მსჯავრი დაედო ა. კ-ძისათვის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისათვის, რომელიც ჩადენილი აქვს შემდეგ გარემოებებში:
1998 წლის 23 ივლისს ნ. მ-ავა ავტომანქანით იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ... ჩიხში განთავსებულ ინვალიდთა საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც შელაპარაკება მოუვიდა ამავე საწარმოს დარაჯ ა. კ-ძესთან იმასთან დაკავშირებით, რომ მან დროულად არ გაუღო კარები. ურთიერთშელაპარაკების დროს ნ. მ-ავამ მუშტი ამოარტყა სახეში ა. კ-ძეს, შემდეგ კი წაქცეულს ფეხსაცმლიანი ტერფის დარტყმით მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ნ. მ-ავა ითხოვს განაჩენის გაუქმებას, საქმის წარმოებით შეწყვეტის მიერ ქმედებაში დანაშულის ნიშნების არ არსებობის მოტივით, საჩივარში მიუთითებს, რომ მან ა. კ-ძეს სხეულის დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, როდესაც ეს უკანასკნელი შეეცადა მისთვის ბოქლომის დარტყმას.
საკასაციო საჩივრით დაზარალებული ა. კ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა არ მოინანია დანაშაული, არ აუნაზღაურა ზარალი, იგი კვლავ აგრძელებს ჩივილს უდანაშაულობის შესახებ.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ჯ-ამ კანონიერად მიიჩნია ნ. მ-ავას მიმართ დადგენილი განაჩენი და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, თვლის რომ განაჩენი ნ. მ-ავას მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულ ნ. მ-ავას საკასაციო საჩივარი, თითქოსდა მას ქმედება ჩადენილი აქვს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ამის კანონიერი საფუძველი.
ნ. მ-ავას მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია დაზარალებულ ა. კ-ძის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საქმეში არსებული ბრალდების დამადასტურებელი სხვა მასალებით.
სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ნ. მ-ავა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისათვის განხორციელებულ ბრძოლებში, სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, არის სტუდენტი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
პალატა თვლის რომ ასეთ პირობებში სასამართლოს მიერ ნ. მ-ავას მიმართ პირობითი მსჯავრის დანიშვნა არ არის მეტისმეტად მსუბუქი და უსამართლო. ის გარემოება, რომ იგი დანაშაულს არ აღიარებს და ანაზღაურებული არა აქვს დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალი, განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არის.
დაზარალებულ ა. კ-ძეს უფლება აქვს, ზარალის ანაზღაურების შესახებ მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. მ-ავას და დაზარალებულ ა. კ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ა/რ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 მარტის განაჩენი ნ. მ-ავას მიმართ დარჩეს უცვლელად.