საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 66-დად 17 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე, თ. ლალიაშვილი
განიხილა სამცხე ჯავახეთის პროკურორის საკასაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 9 ივნისის დადგენილება სამსახურებრივ სიყალბის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1992 წლის 12 აგვისტოს საპენსიო ასაკთან დაკავშირებით ახალქალაქის საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ა. რ-იანი, 1992 წლის 11 სექტემბერს, ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე რაიკავშირის თავმჯდომარის ¹ 93 განკარგულებით დაინიშნა ჟ. ს-იანი, მაგრამ იგი ვერ შეუდგა თავის საქმიანობას, რადგან ა. რ-ინმა არ მისცა ამის საშუალება, მან არ გადააბარა ბაზარი; ამის თაობაზე ჟ. ს-იანმა საჩივრით მიმართა რაიონის პროკურატურას, პროკურატურამ ა. რ-იანის თანამდებობიდან გადაყენება მიიჩნია უკანონოდ და რაიკავშირის თავმჯდომარის განკარგულება ბაზრის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სცნო იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად.
პარალელურად ჟ. ს-იანმა იმის შესახებ, რომ ბაზრის ყოფილი დირექტორი ა. რ-იანი მას საშუალებას არ აძლევდა დაეწყო მუშაობა დანიშნულ თანამდებობაზე, რის გამოც ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, საჩივრით მიმართა ახალქალაქის რაიონის სასამართლოს განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 1993 წლის 12 მარტის განჩინებით ჟ. ს-იანის სარჩელი განსახილველად არ მიიღო, იმ მოტივით, რომ მოცემული დავა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ზემდგომი ორგანიზაციის, სახელდობრ “ცეკავშირის” მიერ.
სასამართლოს ეს განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 1993 წ. 11 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. ჟ. ს-იანი რაიონის სამომხმარებლო კავშირის განკარგულებით ბაზრის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა 1993 წლის 28 მაისს. 1994 წლის პირველ თებერვალს იგი აღადგინეს სამუშაოზე იმავე თანამდებობაზე, 1994 წლის 11 ნოემბერს ამავე კავშირის განკარგულებით კვლავ გაანთავისუფლეს სამსახურიდან.
ჟ. ს-იანმა ახალქალაქის რაიონის სასამართლოში შეიტანა სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
1995 წლის 19 მარტს ახალქალაქის რაიონის მოსამართლე ო. მ-იანმა აიცილა სამოქალაქო საქმე იმ საფუძვლით, რომ პროცესში მონაწილე საკოლმეურნეო ბაზრის ყოფილი დირექტორი გ-იანი მისი მეუღლის ახლო ნათესავია.
1995 წლის 22 ნოემბერს აღნიშნული სამოქალაქო საქმე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაექვემდებარა ნინოწმინდის რაიონის სასამართლოს.
ნინოწმინდის რაიონის სასამართლოში საქმე განხილული იქნა სასამართლოს თავმჯდომარის ა. ჩ-იანის მიერ და 1996 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. ს-იანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 27 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
ჟ. ს-იანმა საჩივარ-განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას და მოითხოვა ნინოწმინდის სასამართლოს თავმჯდომარის ა. ჩ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სამსახურებრივ სიყალბის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. მისი განმარტებით ა. ჩ-იანმა გააყალბა როგორც სასამართლო სხდომის ოქმი, ასევე გადაწყვეტილება; ოქმშიც და გადაწყვეტილებაშიც მითითებულია რომ სხდომაზე მოპასუხეებმა, რაიონის სამომხმარებლო კავშირის წარმომადგენელმა, ამავე კავშირის თავმჯდომარე ხ. ა-იანმა და რაიონის გამგეობის იურისტმა მ. კ-იანმა სარჩელი არ სცნეს; რეალურად კი სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს, რისი დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი თვითონ მიიტანა წინა დღით მოსამართლე ა. ჩ-იანთან.
1999 წლის 8 ოქტომბერს ჟ. ს-იანის აღნიშნული განცხადება-საჩივრის საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმეზე ჩატარდა წინასწარი გამოძიება და 2000 წლის 30 აპრილს საქმე წარმოებით იქნა შეწყვეტილი დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო.
2000 წლის 11 მაისს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მიერ გაუქმებული იქნა ზემოდმითითებული დადგენილება და საქმეზე განახლდა გამოძიება.
2000 წლის 9 ივნისს ამავე პროკურატურის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 18 მაისს ჟ. ს-იანის საჩივრის საფუძელზე გააუქმა ზემოდმითითებული დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაუგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას, იმ საფუძვლით, რომ წინასწარ გამოძიებაში უნდა აღმოიფხვრას დაშვებული პროცესუალური დარღვევები და ჩატარდეს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
სასამართლომ, დადგენილებით, სისხლის სამართლის საპროცესო დარღვევად მიიჩნია პროკურატურის მიერ საქმის აღძვრა სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჟ. ს-იანი საქმის აღძვრას ითხოვდა ა. ჩ-იანის მიმართ.
ასევე პროცესუალურ დარღვევად იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული, ის რომ ა. ჩ-იანმა უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, ვიდრე არ იქნებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
სასამართლომ დადგენილებით მიუთითა, რომ წ/გამოძიებამ შეფასება უნდა მისცეს იმ საკითხებს, რის თაობაზეც სამოქალაქო საქმის განხილვისას არ უმსჯელია მოსამართლე ა. ჩ-იანს, კერძოდ კი 1994 წლის 1 თებერვლის ¹ 6 ახალქალაქის სამომხმარებლო კავშირის განკარგულებას, რის საფუძველზეც ა. რ-იანის გათავისუფლება სცნეს კანონიერად, ამავე კავშირის 1993 წლის 1 ივნისის ¹ 35 განკარგულებას, რომელიც ჩაითვალა გაუქმებულად, 1992 წლის 1 სექტემბრის ¹ 93 განკარგულებას, რაც ასევე ჩაითვალა კანონიერად და რასაც საფუძვლად დაედო ახალქალაქის რაიკავშირის გამგეობის 1/1 1994 წლის დადგენილება.
სასამართლო დადგენილებით უთითებს, რომ წ/გამოძიებას არ უმსჯელია და სამართლებრივი შეფასება არ მიუცია საქმეში არსებულ ახალქალაქის სამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარის მიერ 1996 წლის 15 აპრილს გაცემულ ცნობისათვის, რომლითაც კავშირის თავმჯდომარე სარჩელს ცნობს.
რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება წარიმართა ცალმხრივად, რადგან დაიკითხნენ მხოლოდ ის მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ა. ჩ-იანის ჩვენებას. არ არის დაპირისპირებული ა. ჩ-იანი და ხ. ა-იანი.
არ არის გაზიარებული ხ. ა-იანის და მ. კ-იანის ჩვენებები.
მითითებულ გარემოებათა გამო სასამართლომ გააუქმა ზემოაღნიშნული დადგენილება და საქმე გამოძიების განსაახლებლად წარმართა პროკურატურაში.
კერძო საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ზემოდმითითებული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, ვინაიდან წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული იქნა საკმარისი მტკიცებულებები, რითაც უდაოდ დასტურდება, რომ ა. ჩ-იანს სამსახურებრივი სიყალბე არ ჩაუდენია.
ჟ. ს-იანი შესაგებლით ითხოვს სასამართლო განჩინების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს ა. ჩ-იანს, ჟ. ს-იანს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია მოწმის სახით დაკითხულმა ხ. ა-იანმა, როგორც ჟ. ს-იანის სამოქალაქო საქმეში მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, წ/გამოძიებაში უჩვენა, რომ მან სასამართლო სხდომაზე სცნო სარჩელი, რის თაობაზეც 1996 წლის 15 აპრილს რაიონის სამომხმარებლო კავშირის მიერ მისი მითითებით ცნობაც კი იქნა გაცემული, მაგრამ მისი ეს ჩვენება სწორად არ იქნა გაზიარებული წინასწარი გამოძიების მიერ, ყოველგვარ დამაჯერებლობას და ლოგიკას არის მოკლებული, ხ. ა-იანის განმარტება მის მიერ სარჩელის ცნობის ნაწილში, რადგან მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას, ასეთ შემთხვევაში ხ. ა-იანის, როგორც რაიონის სამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარის მიერ ჟ. ს-იანის სარჩელის ცნობას მისი უკანონოდ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ხ. ა-იანის როგორც სამომხარებლო დირექტორის მხრიდან, შედეგად უნდა მოჰყოლოდა ბრძანებით ჟ. ს-იანის სამუშაოზე აღდგენა, ასეთი ბრძანება კი საქმეში არ მოიპოვება, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჟ. ს-იანის სამუშაოზე აღდგენა საერთოდ არ მომხდარა.
სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წ/გამოძიების მიერ მოწმის სახით დაკითხულ სასამართლო სხდომის მდივნის, კ. მ-იანის, პროკურორ რ. ლ-შვილის, მსაჯულ მ. ჯ-იანის, მოსამართლე ა. ჩობანიანის ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს. ზემოთ მითითებულ პირთა ჩვენებების სარწმუნობას განაპირობებს სასამართლოს მიერ ჟ. ს-იანისათვის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ჟ. ს-იანის სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას საფუძვლად არ დასდებია მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა და არც მათ მიერ წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტები; ჟ. ს-იანის გადაწყვეტილებით სარჩელზე უარი ეთქვა _ სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის გამო; გამომდინარე აღნიშნულიდან სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას, ან არ ცნობას;
აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ჟ. ს-იანის მიერ საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 27 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელი.
რაც შეეხება საქმეში რაიონის სამომხმარებლო კავშირის მიერ გაცემული ცნობას, საიდანაც ირკვევა, რომ 1996 წლის 15 აპრილს ხ. ა-იანმა სარჩელი სცნო და ეს ცნობა გასცა ამავე რიცხვში, არ შეესაბამება რეალობას.
საბუთების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2000 წლის 27 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ რაიონის სამომხმარებლო კავშირის გასავლის საბუთების რეგისტრაციის ჟურნალში, 48-ე გვერდზე “28ა” რიგითი ნომრის გასწვრივ განთავსებულ ჩანაწერებში მომხდარია ცვლილება, კერძოდ ჩანაწერში “28 ა” ასო “ა” ჩაწერილია შემდგომში, ციფრობრივ ჩანაწერში “15/IV” თავდაპირველად ეწერა “18/IV”, ხოლო ზემოთ განთავსებული ჩანაწერი - “28 15/IV ნინოწმინდის სახალხო სასამართლო, ცნობა ს-იანი ჟ. (ბოგდანოვკა)” ჩაწერილია შემდგომში, ე.ი. ჩანაწერები 28 და 28 ა ნომრების გასწვრივ შესრულებულია არაერთდროულად.
ამდენად აღნიშნული დასკვნით უარყოფილია ჟ. ს-იანის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ცნობა სარჩელის ცნობის თაობაზე 15 აპრილს წარუდგინა მოსამართლე ა. ჩ-იანს, ამავე დასკვნით დადასტურებულია მოსამართლე ა. ჩ-იანის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ჟ. ს-იანმა ეს ცნობა გადაწყვეტილების გამოცხადების ე.ი. 17 აპრილის შემდეგ წარმოადგინა.
სამომხმარებლო კავშირის გასავლის საბუთების რეგისტრაციის ჟურნალის მონაცემების გაყალბებისათვის ხ. ა-იანის მიმართ წ/გამოძიებაში არ იქნა სისხლის სამართლის საქმე აღძრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხ. ა-იანმა თავის ახსნა-განმარტებით ითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძველზე.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ა. ჩ-იანს არ გაუყალბებია სასამართლო სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე გაუქმებული უნდა იქნეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის დადგენილება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 9 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 მაისის დადგენილება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 9 ივნისის დადგენილების გაუქმების თაობაზე და სამცხე ჯავახეთის პროკურატურის 2000 წლის 9 ივნისის დადგენილება სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დარჩეს უცვლელი.