დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 231 3 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე
განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 მაისის განჩინებაზე, რომლითაც გ. თ-ია თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 19 ივნისის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე სრულად იქნა რეაბილიტირებული და ფინანსთა სამინისტროს დაევალა მის სასარგებლოდ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის - 10 000 ლარის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
1994 წლის 23 აპრილს გ. თ-ია დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ ქ. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე და მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 252-ე მუხლის მესამე ნაწილით.
1995 წლის 10 მაისის განაჩენით გ. თ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად შეეფარდა 1 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. წინასწარი პატიმრობა ჩაეთვალა სასჯელის მოხდად და განაჩენის გამოცხადებისთანავე დარბაზიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საკასაციო კოლეგიის 1995 წლის 24 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 4 ივლისის დადგენილებით მითითებული განაჩენი და განჩინება გ. თ-იას მიმართ გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს პროკურატურას.
დამატებითი გამოძიების დასრულების შემდეგ გ. თ-იას წარედგინა იგივე ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს.
თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 11 მარტის განაჩენით გ. თ-იას მოეხსნა წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ბრალდების დაუდასტურებლობის გამო “ტტ” სისტემის პისტოლეტის და მისი 4 ცალი საბრძოლო ვაზნის შენახვის, შეძენის და ტარების ნაწილში. განსასჯელი გ. თ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტისა და 5 საბრძოლო ვაზნის უკანონოდ შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, რისთვისაც შეეფარდა: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელით – 1 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთით და სასჯელის მოხდისაგან “ამნისტიის შესახებ” კანონის თანახმად გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიის 1998 წლის 28 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ვაკის რაიონის სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიის 1998 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე საკასაციო წესით ხელახალი განხილვისათვის გადაეცა კოლეგიის სხვა შემადგენლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიამ 1998 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კვლავ გააუქმა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 11 მარტის განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა ვაკის რაიონის სასამართლოს.
თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის განაჩენით გ. თ-ია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში გამართლებულ იქნა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის განაჩენი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2000 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. თ-ია გაამართლა ბრალად შერაცხულ ქმედებებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2000 წლის 6 აგვისტოს განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოთ მითითებული განაჩენი გ. თ-იას მიმართ დატოვა უცვლელად.
2001 წლის 31 იანვარს მოქ. გ. თ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ და ითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან 500 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ განჩინებით გ. თ-ია ცნო რეაბილიტირებულად გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე.
ამავე განჩინებით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ. თ-იას მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა გ. თ-იას სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხის გადახდა.
საკასაციო საჩივრის ავტორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. წ-შვილმა მოითხოვა სასამართლო განჩინების გაუქმება დაუსაბუთებლობის გამო.
კასატორის მითითებით, სასამართლო კოლეგია დაეყრდნო მხოლოდ გ. თ-იას ზეპირ განცხადებას, და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეში არ არსებობს გ. თ-იას მძიმე სულიერი განცდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-იამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ გ. თ-იას მისი სულიერი განცდების დამადასტურებლად უნდა წარმოედგინა ექიმის ცნობა, რომელიც ასახავდა ამ განცდების ზემოქმედებას მის ჯანმრთელობაზე, რამეთუ სულიერ ტრავმას ყოველთვის ახლავს რაიმე ნერვული დაავადება.
პროკურორმა მ. ქ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია რომ, გ. თ-იამ გამოძიების პერიოდში მათ შორის პატიმრობაში ყოფნის დროს განიცადა მორალური ზიანი.
პროკურორმა მოითხოვა თ-იას სასარგებლოდ დაკისრებული თანხის - 10000 ლარის შემცირება 5000 ლარამდე.
გ. თ-იას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ლ-შვილმა და ი. ღ-ამ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. წ-შვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-იას, პროკურორ მ. ქ-ძეს, გ. თ-იას, მისი ინტერესების დამცველებს, ადვოკატებს ლ. ლ-შვილს და ი. ღ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გ. თ-იას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მის მიერ მიღებული სულიერი განცდისა და მორალური ზიანის თაობაზე.
გ. თ-ია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში 2000 წლის 6 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით გამართლდა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე კი აღძრული იყო 1994 წლის 23 აპრილიდან. თითქმის ექვს წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა წინასწარი და სასამართლო გამოძიება. ამ პერიოდში იგი ერთი წლისა და ჩვიდმეტი დღის მანძილზე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ განხორციელებულმა უკანონო მოქმედებებმა, შებღალა მისი ავტორიტეტი, პირადი ღირსება და რეპუტაცია, რითაც განიცადა მორალური ზიანი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კოლეგიის განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ა” პუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 მაისის განჩინება გ. თ-იასათვის უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დარჩეს უცვლელი.