დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 271 24 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა პროკურორ ი. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 მაისის განჩინებაზე, რომლითაც თ. გ-შვილის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ქ. თბილისის პროკურატურას.
აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით თ. გ-შვილს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მან 2000 წლის 14-15 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში გამოძიებით დაუდგენელი ჩეჩენი ეროვნების მამაკაცისაგან 1800 ლარად უკანონოდ, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” 15 ცალი ე.წ. “ჩეკი”, რაც იმავე დღეს გადმოზიდა ქ. თბილისში და შეინახა ... თავის საცხოვრებელ ბინაში. 2000 წლის 27 სექტემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობს, გ. გ-ძეს, რომელზეც იმავე დღეს 160 ლარად გაასაღა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” ერთი ცალი ე.წ. “ჩეკი”; მანვე, 2000 წლის 30 სექტემბერს გ. გ-ძეზე განმეორებით, 320 ლარად გაასაღა 3 ცალი ე.წ. “ჩეკი” ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომლის ნაწილი გ. გ-ძემ მოიხმარა პირადად, დარჩენილი 0,9 გრამი კი ნებაყოფლობით ჩააბარა პოლიციას.
2000 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისში, მეტროს სადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. გ-შვილი დააკავეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა და წარადგინეს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოში, სადაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” 11 ცალი ე.წ. “ჩეკი”, საერთო წონით 12,9 გრამი, რასაც იგი ინახავდა უკანონოდ, შემდგომში გასაღების მიზნით.
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა შემდეგი მითითებებით: საქმეში არსებული ნივთმტკიცების ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ 2000 წლის 2 ოქტომბერს გ. გ-ძემ ვაკე-საბურთალოს რაიონულ შინაგან საქმეთა სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში ნებაყოფლობით ჩააბარა მცირე ზომის ნაჭერში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. ნარკოლოგიის ინსტიტუტის მიერ გაცემული ცნობით კი ირკვევა, რომ წინა დღით, ე.ი. 2000 წლის 1 ოქტომბერს, ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს ინსპექტორმა დ. გ-შვილმა გ. გ-ძე წარადგინა მათთან შესამოწმებლად, იმყოფებოდა თუ არა იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, რა კავშირი ჰქონდა 2000 წლის 1 ოქტომბერს გ. გ-ძეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ პოლიციასთან, კონკრეტულად კი დ. გ-შვილთან, როდესაც ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნებაყოფლობით ჩააბარა 2 ოქტომბერს. უნდა მოიძებნოს და დაიკითხოს გ. გ-ძე, რომლის დაკითხვა სასამართლო გამოძიების დროს ვერ მოხერხდა, რადგან ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მისი სასამართლოში წარმოდგენა. ამავე საკითხზე უნდა დაიკითხონ პოლიციის მუშაკები და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, თუ რატომ მალავდა ნასამართლობას მოწმე პ. ყ-შვილი; გასარკვევია, ასევე მას რაიმე კავშირი ხომ არა აქვს პოლიციასთან. საყურადღებოა მოწმე ბ. მ-შვილის შერაცხადობის საკითხი. საქართველოს სსკ-ის 358-ე მუხლის თანახმად, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულია, დანიშნოს ექსპერტიზა, თუ უნდა დადგინდეს მოწმის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც დამატებითი გამოძიების დროს უნდა შესრულდეს.
დამატებითი გამოძიებით უნდა შემოწმდეს განსასჯელ თ. გ-შვილის ვერსია იმის შესახებ, რომ მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა გ. გ-ძესთან, რაც დაკავშირებული იყო ბენზინთან და დიზელის საწვავთან. მან გ. გ-ძეს მისცა 5 ათასი ამერიკული დოლარი ბენზინის შესაძენად, რომელიც არ მიუტანა და არც ფული დაუბრუნა, ამიტომ გ. გ-ძემ პოლიციელები მიუგზავნა და მოუწყო, რომ თითქოს ნარკოტიკები აღმოაჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით დასმულია საკითხი სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ, მითითებულია, რომ განჩინებაში აღნიშნული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, მით უმეტეს, წინასწარი გამოძიების დროს განსასჯელი თ. გ-შვილი არ უარყოფდა ნარკოტიკული საშუალების “ჰეროინის” გასაღებას.
განსასჯელ თ. გ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. თ-შვილი შესაგებლით ითხოვს განჩინების შეცვლას იმ მიმართებით, რომ თ. გ-შვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, შეეცვალოს სხვა, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-შვილმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ განჩინების მითითებების შესრულება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
ადვოკატმა ზ. თ-შვილმა მხარი არ დაუჭირა პროკურორის საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ საქმე სავსებით კანონიერად იქნა დაბრუნებული დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ამასთან, იშუამდგომლა განსასჯელ თ. გ-შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის სხვა, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ეთანხმება განჩინების მითითებას იმის შესახებ, რომ დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, თუ რა ვითარებაში ჩააბარა გ. გ-ძემ ნებაყოფლობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. როგორც წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, 2000 წლის 30 სექტემბერს მან თ. გ-შვილისაგან შეიძინა 2 “ჩეკი” “ჰეროინი”, ხოლო ერთი “ჩეკი” “ჰეროინი” დამატებით მისცა საჩუქრად. Aამის შემდეგ, 1 ოქტომბერს, გ. გ-ძე 04.25 საათზე ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის მუშაკმა გ-შვილმა ნარკოთრობაზე წარადგინა ნარკოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების “ოპიუმის” ჯგუფის მიღების ფაქტი. გ. გ-ძემ 2 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის მუშაკებს ნებაყოფლობით ჩააბარა პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული “ჰეროინი” და განაცხადა, რომ 30 სექტემბერს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა თ. გ-შვილისაგან.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს ეს საკითხი დეტალურად უნდა შემოწმდეს და შეფასდეს, მით უმეტეს, რომ ბრალდების მხარემ მოწმე გ. გ-ძის სასამართლოში გამოცხადება ვერ უზრუნველყო.
სასამართლო კოლეგიამ სრულიად დასაბუთებულად ჩათვალა საჭიროდ თ. გ-შვილის პირადი ჩხრეკის დამსწრე პირების პ. ყ-შვილისა და ბ. მ-შვილის პიროვნებათა შესწავლა. ამ საკითხის სრულყოფილ გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს მათი ჩვენების რეალობის შემოწმებისა და თ. გ-შვილის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისათვის.
პალატა ეთანხმება განჩინების მითითებას იმის შესახებ, რომ დეტალურად უნდა შემოწმდეს განსასჯელ თ. გ-შვილის ვერსია იმის თაობაზე, რომ მას გ. გ-ძესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, რაც დაკავშირებული იყო დიზელის, ბენზინის საწვავის შეძენასთან, რისთვისაც გ. გ-ძისათვის მიცემული ჰქონდა 500 აშშ დოლარი, მაგრამ რადგან ვერც საწვავი მიუტანა და არც ფული დაუბრუნა, შეგნებულად მოუწყო ნარკოტიკების გასაღების პროვოცირება.
პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული საკითხების შემოწმება სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, რადგან ჩასატარებელია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. ამიტომ საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას თ. გ-შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რადგან მას ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ამ ეტაპზე არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 მაისის განჩინება თ. გ-შვილის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.