შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 26.07.2001
საქმის ნომერი
2კ-74დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
26.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 74დად 26 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა ადვოკატ ლ. მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის დადგენილებაზე ვ. ა-იანის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 3 თებერვლის განაჩენით ვ. ა-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

2001 წლის 25 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ვ. ა-იანის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის დადგენილებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ვ. ა-იანის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატი ლ. მ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ვ. ა-იანის პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ იგი არის ახალგაზრდა, ნასამართლობის არმქონე, დანაშაული ჩადენილი აქვს იმ მიზეზის გამო, რომ “დელფინარიუმში”, სადაც იგი მუშაობდა დანაშაულის ჩადენამდე და სადაც მოხდა დანაშაული, არ უხდიდნენ ხელფასს. დანიშნული სასჯელიდან უკვე მოხდილი აქვს 1 წელი და 7 თვე, სამკურნალო დაწესებულების დახასიათებით ირიცხება სამეურნეო საყოფაცხოვრებო რაზმეულში და ცდილობს, შრომით გამოისყიდოს დანაშაული, რომელსაც მთლიანად ინანიებს.

მსჯავრდებული ვ. ა-იანი ითხოვს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

პროკურორი ე. ქ-ვა ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ვ. ა-იანის პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 3 თებერვლის განაჩენით ვ. ა-იანს საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 9 ნოემბრიდან. დღეისათვის ვ. ა-იანს უკვე მოხდილი აქვს 1 წელი, 8 თვე და 17 დღე, ე.ი. დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი.

მსჯავრდებული ვ. ა-იანი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ქ. რუსთავის ¹1 დაწესებულებიდან შეყვანილია 2000 წლის 27 სექტემბერს. სამკურნალო დაწესებულების დახასიათების მიხედვით, იგი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია ორჯერ, ჩარიცხულია დაწესებულების სამეურნეო მომსახურების რაზმეულში, სადაც კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, არის დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვ. ა-იანი არის ახალგაზრდა, ნასამართლობის არმქონე, მის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირობა იმან, რომ დაზარალებულებმა შესრულებული სამუშაოს ფული არ გადაუხადეს.

მართალია, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლი ვ. ა-იანის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების პირობებს ამძიმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პრინციპით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის (1960 წლის რედაქციით) შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ა-იანს დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ვ. ა-იანი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე და 623-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ლ. მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ვ. ა-იანი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებული ვ. ა-იანი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.