საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 02.08.2001
საქმის ნომერი
2კ-76დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
02.08.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 76 დად 2 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჭ-იას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 იანვრის განაჩენით ზ. ჭ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით, რისი აღსრულებაც, სსკ-ის 471-ე მუხლის საფუძველზე, გადაედო 2 წლის ვადით. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის გაწევა დაევალა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს.

2001 წლის 1 ივნისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს წარდგინებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შს სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ჭ-იას მიმართ გადავადებული სასჯელის გაუქმება და საპატიმრო ადგილას შესახლება იმ მოტივით, რომ იგი არ ასრულებდა მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას, არ ცხადდებოდა მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოში რეგისტრაციისათვის, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და წავიდა გაურკვეველი მიმართულებით, რის შესახებაც არ აცნობა პოლიციას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 25 ივნისის დადგენილებით დააკმაყოფილა აღნიშნული წარდგინება: გაუქმდა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადადება და მსჯავრდებული ზ. ჭ-ია 2000 წლის 6 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად გაგზავნილ იქნა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნული დადგენილებით ზ. ჭ-იას მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შს სამმართველოს სს სამძებრო ძებნის ქ/განყოფილების მიერ 2001 წლის 12 ივლისს, 22 საათზე, ქ. თბილისში, ელიავას ქუჩაზე დაკავებულ იქნა ძებნილი ზ. ჭ-ია, რომელიც გადაყვანილ იქნა თბილისის ¹5 საპყრობილეში.

2001 წლის 16 ივლისს მსჯავრდებულმა ზ. ჭ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის საპატიოდ მიჩნევა და მისი აღდგენა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 ივლისის დადგენილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვება მიჩნეულ იქნა საპატიოდ და აღდგა აღნიშნული დადგენილების საკასაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

მსჯავრდებული ზ. ჭ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილების გაუქმებას მის მიმართ სასჯელის აღსრულების გადადების გაუქმების შესახებ იმ მოტივით, რომ მას არასოდეს აურიდებია თავი პოლიციაში გამოცხადებისათვის, სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ შს სამმართველოს მიერ წარდგენილი დოკუმენტით და ახსნა-განმარტებით, სინამდვილეში იგი ყოველთვის დროულად ცხადდებოდა პოლიციაში, მხოლოდ ერთადერთი ახსნა-განმარტება აქვს დაგვიანებით გამოცხადების გამო. საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში პატიოსნად ცხოვრობდა, არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, სწავლობდა მძღოლის კურსებზე, შრომობდა ოჯახში, 2001 წლის ივნისის თვეში გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, საიდანაც აიყვანა შს სამმართველომ; მისთვის არავის შეუტყობინებია, რომ იყო ძებნილი, თორემ თავად გამოცხადდებოდა შს სამმართველოში, რადგან არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და ერთხელ ჩადენილი შეცდომის გამეორებას არ აპირებს.

პროკურორი ე. ქარჩავა ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილებაში მითითებულია, რომ მიუხედავად გატარებული ქმედითი ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა ზ. ჭ-იას ადგილსამყოფლის დადგენა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 იანვრის განაჩენი ზ. ჭ-იას მიმართ მიქცეულიყო აღსასრულებლად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აღნიშნული დადგენილება ზ. ჭ-იას მიმართ სასჯელის აღსრულების გადადების გაუქმებისა და ძებნის გამოცხადების შესახებ მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს გადაეგზავნა 2001 წლის 28 ივნისს, ხოლო ზ. ჭ-ია დაკავებულ იქნა 2001 წლის 12 ივლისს, ე.ი. 14 დღეში. თუკი დადგენილების გამოტანის შემდეგ 14 დღეში მოხერხდა ზ. ჭ-იას ადგილსამყოფლის დადგენა და მსჯავრდებულის დაკავება, გაურკვეველია, მანამდე რა ქმედითი ღონისძიებები იქნა გატარებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ და რატომ ვერ მოხერხდა მისი ადგილსამყოფლის დადგენა.

მსჯავრდებული ზ. ჭ-ია საჩივარში უთითებს, რომ 2001 წლის ივნისში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საიდანაც აიყვანეს იგი. საქმეში მოთავსებულია სამხედრო ნაწილი ¹43718-ის სასწავლო ასეულის მეთაურის უფროსი ლეიტენანტის კ. ქ-ძის მიერ ხელმოწერილი დახასიათება, რომლის თანახმადაც, ზ. ჭ-ია 2001 წლის 27 ივნისიდან 12 ივლისამდე მსახურობდა მითითებულ სასწავლო ასეულში, ხანმოკლე სამსახურის პერიოდში მან თავი გამოიჩინა, როგორც წესიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, ამხანაგებში და უფროსებში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, ყველა დავალებას ასრულებდა ზუსტად და დროულად.

საქმეში, ასევე, მოთავსებულია თბილისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული დახასიათება, რომლის მიხედვითაც, ზ. ჭ-ია 2001 წლის 23 თებერვლიდან 8 მაისამდე სწავლობდა “ბც” კატეგორიის მძღოლის კურსებზე, იგი გამოირჩეოდა წესიერი ყოფაქცევითა და ბეჯითი სწავლით, შეუფერებელ საქციელში შემჩნეული არ ყოფილა, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც ცნობილია, 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს განაჩენის აღსრულების გადადების ინსტიტუტს იმ სახით, როგორითაც იგი მოცემული იყო 1960 წლის კოდექსის სსკ-ის 471-ე მუხლში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ზ. ჭ-იას მიმართ სასჯელის აღსრულების გადადება არ უნდა გაეუქმებინა და განაჩენით დანიშნული სასჯელი, მითითებული მუხლის საფუძველზე, არ უნდა მიექცია აღსასრულებლად, რის გამოც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილება ზ. ჭ-იას მიმართ უნდა გაუქმდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 562-ე, 564-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ჭ-იას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის დადგენილება გაუქმდეს და ზ. ჭ-ია გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განზრახ მკვლელობა