დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.08.2001
საქმის ნომერი
2კ-82აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.08.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 82 აპ 2 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი

განიხილა დაზარალებულ მ. ხ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განაჩენზე ა. და ზ. მ-ძეების მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ა. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის კოდექსი), რაც შეესაბამება მოქმედი სსკ-ის 108-ე მუხლს და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ზ. მ-ძეს, ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი (1960 წლის კოდექსი), მისი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის კოდექსი) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყოთ 1999 წლის 10 ივლისიდან.

დაზარალებულ მ. ხ-შვილის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილებები: ა. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1996 წლის 11 დეკემბრის რედაქციით) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ზ. მ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (1960 წლის კოდექსი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (1960 წლის კოდექსი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის კერძო განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. თელიაშვილისა და რაიონის პროკურორის ყურადღება გამახვილდა ზ. მ-ძის უკანონო პატიმრობაში ყოფნის ფაქტზე.

განაჩენით ა. და ზ. მ-ძეებს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ახალქალაქის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ მამა-შვილ ა. და ზ. მ-ძეებისთვის ნ. კ-შვილისაგან (მეუღლე და დედა) ცნობილი გახდა, რომ იგი გააუპატიურა პ. მ-ძემ. 1999 წლის 9 ივლისს მამა-შვილმა სახლში მიიწვიეს პ. მ-ძე და დარწმუნდნენ, რომ ამ უკანასკნელმა გააუპატიურა ნ. კ-შვილი. მათ გადაწყვიტეს, შური ეძიათ პ. მ-ძეზე. ა. მ-ძემ დაარტყა პ. მ-ძეს, რომელიც წაიქცა და თავი დაარტყა ბეტონის იატაკს, რის შემდეგაც სცემა ჯოხით, ნაჯახის ტარით და პ. მ-ძეს სხეულზე მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რომელთაგანაც თავის არეში მიყენებული დაზიანება იყო სიცოცხლისათვის საშიში, რის შედეგადაც პ. მ-ძე გარდაიცვალა. ზ. მ-ძე ეხმარებოდა მამას და ფეხით სცემდა პ. მ-ძეს. ბოლოს კი ზ. მ-ძე აწყნარებდა განერვიულებულ მამას და ცდილობდა, მოეშორებინა პ. მ-ძისაგან. ზ. მ-ძემ და მეზობელმა ს. მ-ძემ მსჯავრდებულების სახლიდან გამოიყვანეს პ. მ-ძე და დატოვეს იქვე მდებარე წისქვილთან. პ. მ-ძე მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადვოკატი შ. ბენაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ზ. მ-ძის გასამართლებას სსკ-ის 105-ე მუხლით, ხოლო ა. მ-ძის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას იმ მოტივით, რომ მამა-შვილმა ა. და ზ. მ-ძეებმა ჩაიდინეს პ. მ-ძის განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაზარალებულისთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენების შემდეგ არ უცდიათ მისთვის დახმარების აღმოჩენა, რაც მათ რეალურად შეეძლოთ. ამასთან, საჩივრის ავტორი უთითებს, რომ საერთოდ არ არის ჩატარებული გამოძიება იმ მიმართულებით, ჰქონდა თუ არა ადგილი პ. მ-ძის მხრიდან ნ. კ-შვილის გაუპატიურების ფაქტს.

პროკურორი მ. ჯ-ძე არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და განაჩენი ა. და ზ. მ-ძეების მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ზ. მ-ძის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის კოდექსი), რომ მან მამასთან – ა. მ-ძესთან ერთად ჩაიდინა პ. მ-ძის განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით.

საქმის მასალებით, კერძოდ, თვითმხილველი მოწმის ქ. მ-ძის და თავად ზ. მ-ძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. მ-ძემ მხოლოდ ორჯერ დაარტყა ფეხი დაზარალებულ პ. მ-ძეს ბარძაყში. ფეხის დარტყმის შემდეგ მან არათუ შეწყვიტა ცემა, არამედ აკავებდა მამამისს, რომ მასაც გაენებებინა თავი პ. მ-ძისათვის. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ისიც, რომ მამა-შვილი ა. და ზ. მ-ძეები არ შეთანხმებულან პ. მ-ძის მოკვლაზე ან მძიმე დაზიანების მიყენებაზე, ისინი შეთანხმდნენ, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით ეცემათ იგი.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენს ა. მ-ძის ქმედების სსკ-ის 105-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით, დაკვალიფიცირების თაობაზე, რადგანაც, მართალია, მამა-შვილმა გადაწყვიტა პ. მ-ძის ცემა და არა მისი მოკვლა, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. მ-ძე ცემის დროს იყენებდა ჯერ ლურსმნის ჯოხს, ხოლო შემდეგ ნაჯახის ტარს და ურტყამდა მას პ. მ-ძეს სიცოცხლისათვის საშიშ ორგანოში _ თავში, ე.ი. ითვალისწინებდა, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო სიკვდილი და უშვებდა ასეთი შედეგის დადგომას.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პ. მ-ძეს სხეულის მძიმე დაზიანება მიყენებული ჰქონდა თავის არეში, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. სხეულის დანარჩენ ნაწილში კი მას მიყენებული ჰქონდა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

ამდენად, პ. მ-ძე გარდაიცვალა ა. მ-ძის მიერ თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად და არა ზ. მ-ძის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებებით. ზ. მ-ძის ქმედება არ ითვალისწინებდა დაზარალებულის სიკვდილს და არც არაფერი გაუკეთებია მას საამისოდ, პირიქით, იგი მამამისს სთხოვდა, თავი დაენებებინა პ. მ-ძის ცემისათვის. ამრიგად, ზ. მ-ძის ქმედება მოიცავს მხოლოდ დაზარალებულის ცემას შურისძიების მოტივით და მისი ქმედება სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის კოდექსი).

უსაფუძვლოა საჩივრის მოტივი იმის შესახებაც, რომ გამოძიებით დაუდგენელია, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი პ. მ-ძის მხრიდან ნ. კ-შვილის გაუპატიურების ფაქტს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. კ-შვილმა პ. მ-ძესთან დაპირისპირებისას ამხილა იგი მის შეურაცხყოფაში, რაზეც ამ უკანასკნელს ხმა არ ამოუღია და გაფითრდა.

ასევე, ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა საჩივრის მოტივს ა. მ-ძისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რადგანაც მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა როგორც დანაშაულის ხასიათი, ისე მსჯავრდებულის პიროვნება, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუნიშნა შესაბამისი სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 მაისის განაჩენი ა. და ზ. მ-ძეების მიმართ დარჩეს უცვლელად.