საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.09.2001
საქმის ნომერი
2კ-77დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
20.09.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 77-დად 20 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

განიხილა ა. მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. მ-ძის საჩივარი და ქ. თბილისის სამხედრო პროკურატურის 2001 წლის 30 მაისის დადგენილება ს. დ-შვილისა და ე. ყ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დატოვებულ იქნა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

პროკურატურის მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: ქ.თბილისში, ... ცხოვრობს 1963 წელს დაბადებული ე. ყ-იანი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი ბინის პირდაპირ, ... ბინაში ცხოვრობს 1930 წელს დაბადებული ა. მ-ძე.

ე. ყ-იანსა და ა. მ-ძეს შორის თვეების მანძილზე არის დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ა. მ-ძე ე. ყ-იანს სისტემატურად სთხოვდა, ზოგჯერ კი კატეგორიულად ავალდებულებდა მისი საცხოვრებელი ბინის წინ, სადარბაზოში, უჯრედის დასუფთავებას, რასაც ე. ყ-იანი ეწინააღმდეგებოდა და არ ასრულებდა. აღნიშნულზე ა. მ-ძესა და ე. ყ-იანს შორის ხშირად ხდებოდა უსიამოვნო საუბრები და შელაპარაკებები.

2000 წლის 28 ნოემბერს, დილიდან, ე. ყ-იანი არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მასთან სტუმრად იყო მისი მეგობარი და ყოფილი მეზობელი ი. ხ-ძე. დაახლოებით 11 საათზე შემოესმა ზარის ხმა. ე. ყ-იანმა გააღო კარები და დაინახა, რომ სადარბაზოში იდგა ა. მ-ძე. როგორც შეამჩნია, ის იყო ნასვამი. მისი დანახვისთანავე ა. მ-ძემ უწმაწური სიტყვებით, აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ არ ასუფთავებდა ის მისი ბინის წინა ტერიტორიას, რაზედაც ე. ყ-იანმა უპასუხა, რომ ის არ იყო ვალდებული მისი კარების წინა ტერიტორია დაესუფთავებინა და მიუკეტა კარები. იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე ა. მ-ძე კვლავ მივიდა ე. ყ-იანთან. სახლში როდესაც ამ უკანასკნელმა გააღო კარები, ა. მ-ძემ იმავე ლანძღვა-გინების ტონითა და კილოთი უთხრა “როგორ გაბედე და ჩემი ბრძანება არ შეასრულე და არ დაასუფთავე ჩემი კარების წინ ადგილი” და იმავდროულად გაიწია მისკენ. ე. ყ-იანი მოერიდა მას და თავის დაცვის მიზნით გააღო იმ ოთახის კარები, სადაც იმყოფებოდა მისი მეგობრის ს. დ-შვილის “დოგის” ჯიშის ძაღლი, რომელსაც უვლის და ზრდის ე. ყ-იანი. ძაღლი გამოვარდა ოთახიდან და გაიწია ა. მ-ძისაკენ, მაგრამ ე. ყ-იანმა ჯაჭვით დაიჭირა და არ გაუშვა მისკენ. ეს უკანასკნელი ძაღლის დანახვაზე, შეშინდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისკენ, ჩაირბინა ნახევარი კიბეები, მაგრამ იმის გამო, რომ იყო შეშინებული და ჩქარობდა, დაუსხლტა ფეხი კიბეების ბოლო ოთხ საფეხურზე, დაეცა და ჩავარდა ძირს, ხოლო ე. ყ-იანმა გააფრთხილა ბავშვები, რომ თუ ა. მ-ძე კვლავ შეაწუხებდა მათ, ეთქვათ, რომ ის სახლში არ იყო. დაახლოებით 18 საათზე ა. მ-ძემ კვლავ დარეკა ე. ყ-იანის ბინის კარზე. ე. ყ-იანი არ გამოხმაურებია მას, ხოლო მისმა შვილმა უპასუხა, რომ დედა სახლში არ იყო, რაზედაც ა. მ-ძემ უპასუხა, რომ როდესაც იგი მობრძანდება, გადაეცით ჩემი ბინის წინა ადგილი მიალაგოს, თორემ ზედ თავს გარტყმევინებო. აღნიშნული სიტყვები აღელვებულმა და აცრემლებულმა ბავშვმა გადასცა ე. ყ-იანს.

იმავე დღეს, დაახლოებით 20 საათსა და 50 წუთზე, ა. მ-ძე კვლავ მიადგა ე. ყ-იანის ბინას. ბავშვებმა შიშისგან კარები აღარ გააღეს და ე. ყ-იანი იძულებული გახდა, კარები თვითონ გაეღო. ა. მ-ძემ ლანძღვა-გინებით მიმართა ე. ყ-იანს, თუ რატომ არ დაასუფთავა ადგილი მისი კარის წინ, რაზედაც ე. ყ-იანმა უპასუხა, რომ ის მისი მოახლე არ იყო და არ იყო ვალდებული მისი, ნაგავი ესუფთავებინა. ამ სიტყვებზე ა. მ-ძემ ხელით გაიწია ე. ყ-იანზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა შეძლო მისი მოგერიება. ამ დროს სადარბაზოს ქვედა სართულებიდან შემოესმათ ფეხის ხმა. მათ დაინახეს, რომ კიბეებზე ამოდიოდა ე. ყ-იანის მეგობარი ს. დ-შვილი. მან ე. ყ-იანს ჰკითხა რაში იყო საქმე, გაერკვა სიტუაციაში და ისე, რომ ზედმეტი დაძაბულობა არ შეუქმნია, სთხოვა შესულიყვნენ სახლებში. ა. მ-ძე ისე, რომ მისთვის არავითარი ფიზიკური ზემოქმედება არ მიუყენებიათ, შევიდა სახლში და იქიდან დაიწყო ე. ყ-იანისა და ს. დ-შვილის ლანძღვა, მაგრამ ისინიც აღარ აყვნენ ემოციებს და შევიდნენ სახლში, ხოლო დაახლოებით 10-13 წუთში ს. დ-შვილმა დატოვა ე. ყ-იანის ბინა და წავიდა თავის საქმეზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის სამხედრო პროკურორის თანაშემწის ნ. მ-ძის მიერ 2001 წლის 30 მაისს გამოტანილ იქნა დადგენილება ს. დ-შვილისა და ე. ყ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პროკურატურის აღნიშნული დადგენილება ა. მ-ძემ გაასაჩივრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და ითხოვა პროკურატურის დადგენილების გაუქმება. სასამართლომ საჩივარი განიხილა 2001 წლის 12 ივლისს და თავისი დადგენილებით უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ა. მ-ძე ითხოვს ზემოაღნიშნული დადგენილებების გაუქმებას.

პალატის სხდომაზე ა. მ-ძემ მხარი დაუჭირა თავისი საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს იგი იყო ავად, რის გამოც იმყოფებოდა პოლიკლინიკაში. მას მოკვლევის დროს არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, მის მიერ საჩივრებში მითითებული საკითხები არ იქნა გამოკვლეული. მან პალატის წინაშე იშუამდგომლა, რათა გაუქმებულ იქნეს სამხედრო პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებები და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

პროკურორმა თ. ა-ძემ კანონიერად მიიჩნია სასამართლოს დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოკვლევის მიერ მიჩნეულ იქნა თითქოს შემთხვევის დღეს ა. მ-ძე იყო ნასვამი, მაშინ, როდესაც წარმოდგენილი ცნობიდან ირკვევა, რომ ა. მ-ძე 2000 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა პოლიკლინიკაში, უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, თავის ტკივილს. ამბულატორიულად დაუდგინდა თავბრუსხვევა და ძლიერი საერთო სისუსტე, ტკივილები გულის არეში, დილიდან დაეწყო ღებინება.

პალატა თვლის, რომ მოკვლევის დროს ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული. მოკვლევა დაეყრდნო მხოლოდ ე. ყ-იანის განმარტებას, რომ თითქოს ა. მ-ძე იყო ნასვამი. ამ საკითხის სრულყოფილად გარკვევას კი მნიშვნელობა აქვს საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებათა შეფასებისათვის.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მასალებზე ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საჩივრის ავტორს ა. მ-ძეს არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, მთელი სისრულით არ იქნა შემოწმებული მის საჩივრებში მითითებული გარემოებები, კერძოდ მ-ძე საჩივარში მიუთითებს, რომ მასზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. პალატა თვლის, რომ მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებულია ნაადრევი გადაწყვეტილება.

პალატა თვლის, რომ მასალები საჩივართან ერთად უნდა გადაეცეს პროკურატურას, რომელიც ვალდებულია, სრულყოფილად შეამოწმოს ყველა გარემოება და გადაწყვიტოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სამხედრო პროკურატურის 2001 წლის 30 მაისის დადგენილება ე. ყ-იანის და ს. დ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 ივლისის დადგენილება. მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.