საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 18.09.2001
საქმის ნომერი
2კ-29-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.09.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 291 18 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

განიხილა პროკურორ ჯ. ს-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 16 მაისის განჩინებაზე, რომლითაც ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძის, ლ. კ-ძე-ს-იას, ლ. კ-იას, ტ. ხ-იას, ს. ჭ-ავას და ა. ფ-ძის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით და სხვა მუხლებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი:

1998 წლის იანვრიდან ერთმანეთს დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სენაკის საპენსიო ფონდის უფროსი ვ. გ-ია, მთავარი ბუღალტერი ლ. ბ-ავა, რევიზორ-ინსპექტორი ვ. ქ-ავა, შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის უფროსი ე. ა-ძე, ამავე დაწესებულების მთავარი ბუღალტერი ლ. კ-ძე-ს-ია და მოლარე ლ. კ-ია. აღნიშნულმა პირებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს საპენსიო ფონდიდან სენაკის ფოსტაში ჩარიცხული რაიონის პენსიონერებისათვის გასაცემად განკუთვნილი ფულადი საპენსიო თანხების მითვისებისა და ერთმანეთში განაწილების შესახებ.

მოლაპარაკების თანახმად, მითვისებული თანხების 40% უნდა დარჩენილიყო სენაკის ფოსტაში (უფროსი ე. ა-ძე), ხოლო 60% სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში (უფროსი ვ. გ-ია). მითვისებული, სოცუზრუნველყოფის ფონდში გადაცემული თანხის 60% ერთმანეთში უნდა გაენაწილებინათ უფროსს, ვ. გ-იას, მთავარ ბუღალტერ ლ. ბ-ავას და რევიზორ-ინსპექტორ ვ. ქ-ავას, ხოლო ფოსტაში დარჩენილი თანხის 40% კი უფროსს, ე. ა-ძეს, მთავარ ბუღალტერ ლ. კ-ძე-ს-იას და მოლარე ლ. კ-იას.

დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, საპენსიო თანხების მითვისება უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: საპენსიო ფონდიდან ფოსტაში თანხის ჩარიცხვის შემდეგ, სენაკის ფოსტის მთავარ მოლარე ლ. კ-იას, სენაკის ფოსტის უფროსთან ე. ა-ძესთან და მთამარ ბუღალტერ ლ. კ-ძე-ს-იასთან შეთანხმებით, უნდა მოეხსნა თანხის ნაწილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთლიანი თანხა. დარჩენილი თანხა უნდა გაეცა ფოსტის ოპერატორებზე: ნ. ლ-ძეზე, ა. თ-იასა და ლ. ქ-ძეზე, პენსიონერებზე პენსიების შემდგომი გადაცემის მიზნით. პენსიების გაცემის შემდეგ, როდესაც ოპერატორები არსებული წესის მიხედვით წარუდგენდნენ მოლარე ლ. კ-იას ანგარიშს სალაროს დასაბალანსებლად გაცემული პენსიების შესახებ, ფორმა მს-42-ის სახით, მოლარე ლ. კ-იას უნდა გაენადგურებინა სწორი მონაცემებით წარმოდგენილი ოპერატორის საკასო ცნობა და თავისი ხელით, ოპერატორის სახელით, უნდა შეედგინა ახალი, ყალბი მონაცემების შემცველი საკასო ცნობა (მს-42). კერძოდ, ამ ყალბ ცნობაში მას შეჰქონდა როგორც რეალურად პენსიის სახით გაცემული, ასევე მითვისებული თანხის ჯამი, რითაც იგი დააბალანსებდა საბუღალტრო დოკუმენტაციას და სალაროს.

არსებული წესების მიხედვით, ფოსტასა და სოცუზრუნველყოფის განყოფილებას შორის, საპენსიო თანხების გაცემაზე ორმაგი კონტროლის განხორციელების მიზნით, აუცილებელია, ყოველთვიურად გაფორმდეს ურთიერთშედარების აქტები.

ვ. გ-ია, ლ. ბ-ავა, ე. ა-ძე და ლ. კვ-ძე-ს-ია შეთანხმდნენ, რომ ისინი, სამსახურებრივი მდგომარეობის მოთხოვნათა შესაბამისად და მოხსნილი თანხების მიღების სანაცვლოდ, თავის მხრივ, არ გააკონტროლებდნენ საპენსიო თანხების გაცემის სისწორეს და ყოველთვიურად ხელს მოაწერდნენ ურთიერთშედარების აქტებზე, რითაც დაადასტურებდნენ მოცემულ თვეში გაცემული პენსიების სისწორეს.

აღნიშნული ურთიერთშედარების აქტების სისწორეზე ხელს აწერდნენ და ბეჭედს უსვამდნენ, ერთი მხრივ, სოცუზრუნველყოფის და ერთიანი სახელმწიფო საპენსიო ფონდის სენაკის რაიონის განყოფილების უფროსი ვ. გ-ია და მთავარი ბუღალტერი ლ. ბ-ავა და, მეორე მხრივ, სენაკის ფოსტის უფროსი ე. ა-ძე და მთავარი ბუღალტერი ლ. კ-ძე-ს-ია.

ამ პირობის შესრულება, მოქმედი წესების მიხედვით, აუცილებელი იყო, რადგანაც ყოველთვიურად პენსიების გაცემის შემდეგ, პენსიების გამცემი ფოსტის ოპერატორების მიერ რაიონის სოცუზრუნველყოფის და საპენსიო ფონდის განყოფილებებში იგზავნებოდა ფორმა 10-ა რეესტრები, რომლებშიც მითითებული იყო ზუსტი და სწორი მონაცემები თითოეულ პენსიონერზე გაცემული საპენსიო თანხის ჩვენებით და ამ მონაცემების შედარებით ფოსტაში ფაქტობრივად საპენსიოდ ჩარიცხულ თანხასთან, ადვილად გამოჩნდებოდა მითვისებული თანხა და მისი რაოდენობა.

1998 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 1999 წლის იმავე თვეების და 2000 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში შედგენილ იქნა ზემოთ მოყვანილი ფიქტიური ურთიერთშედარების აქტები. მითითებულ პერიოდში ვ.გვასალიას და მისი თანამონაწილე პირების: ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძის, ო. კ-ძე-ს-იას და ლ. კ-იას მიერ მითვისებულ იქნა სენაკის რაიონის პენსიონერებზე გასაცემად განკუთვნილი სახელმწიფო თანხები 255,035,28 ლარის ოდენობით, რაც აღნიშნულმა პირებმა ურთიერთშორის გაინაწილეს.

1997 წლის 1 ივლისს საქართველოს სოცუზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შპს “საქართველოს ფოსტას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფოსტა ვალდებულია, აწარმოოს საპენსიო ფონდიდან ჩარიცხული თანხების პენსიების სახით დარიგება, რისთვისაც სახელმწიფო საპენსიო ფონდი, თავის მხრივ, ვალდებულია, მომსახურებისათვის ფოსტას ჩაურიცხოს დასარიგებელი თანხის 2,3%.

1998 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 1 მაისამდე შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის თანამშრომლებმა საპენსიოდ განკუთვნილი თანხებიდან ადგილზე სხვადასხვა ხარჯისათვის არამიზნობრივად გახარჯეს 40203 ლარი, რისი უფლებაც შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის თანამშრომლებს არ ჰქონდათ, ხოლო სენაკის რაიონის საპენსიო ფონდის თანამშრომლებს ევალებოდათ, კონტროლი გაეწიათ საპენსიო თანხების ხარჯვის კანონიერებაზე, რაც მათ, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არ შეასრულეს.

1998 წლის 30 იანვრის ¹95 ბრძანების შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს კონტროლის პალატის ინსპექტორ ტ. ხ-იას და ამავე ბიუროს მთავარ მრჩეველ ლ. უ-შვილს პენსია-დახმარებების გაცემის მდგომარეობის შესასწავლად დაევალათ შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის განყოფილებაში კომპლექსურ-დოკუმენტური რევიზიის ჩატარება.

სრულყოფილი შემოწმების (რევიზიის) ჩასატარებლად 1998 წლის 1 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატის უფროსმა დაამტკიცა შესაბამისი პროგრამა, რომელიც შედგება 16 საკითხისაგან. მიუხედავად ამისა, რევიზიის დროს ინსპექტორ-რევიზორ ტ. ხ-იას და მთავარ მრჩეველ ლ. უ-შვილის მიერ პროგრამიდან შესწავლილი და შემოწმებული იქნა მხოლოდ 7 საკითხი.

ტ. ხ-იამ და ლ. უ-შვილმა კომპლექსური რევიზიის ჩატარების დროს შეგნებულად არ შეამოწმეს პროგრამით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: 1. სოციალური უზრუნველყოფის ფონდიდან პენსიების გასაცემად ჩამორიცხული თანხების ფილიალებზე გაცემის დროულობა და სისწორე (პროგრამის მე-5 საკითხი); 2. შემოსავლების და ხარჯვის ანალიზი (პროგრამის მე-6 საკითხი); 3. დებიტორ-კრედიტორული დავალიანების წარმოქმნის და რეალობის სისწორე (პროგრამის მე-13 საკითხი). ამ მნიშვნელოვანი საკითხების დეტალური შესწავლის გარეშე შედგა 1998 წლის 20 ივლისის თარიღით დათარიღებული რევიზიის აქტი.

ტ. ხ-იამ და ლ. უ-შვილმა ასევე შეგნებულად დააფიქსირეს შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის მიერ საპენსიო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი. კერძოდ, 1998 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 ივნისამდე სენაკის საპენსიო ფონდის მიერ საფოსტო მომსახურებისათვის ჩარიცხულია 18650 ლარი. სენაკის ფოსტის მიერ კი საპენსიო თანხებიდან სხვადასხვა ხარჯის ასანაზღაურებლად გამოყენებულია 29315 ლარი, ანუ 10665 ლარით მეტი.

ასევე, რევიზორმა ტ. ხ-იამ და მთავარმა მრჩეველმა ლ. უ-შვილმა შეგნებულად დამალეს ის ფაქტი, რომ 1998 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 ივნისამდე გაცემულ საპენსიო თანხებსა და ამ მიზნით ფოსტის ცენტრალური სალაროდან გაცემულად ნაჩვენებ თანხებს შორის სხვაობა დანაკლისის სახით შეადგენს 100624 ლარს. კერძოდ, სენაკის ფოსტას არ გააჩნდა აღნიშნული თანხის გაცემის დამადასტურებელი ფ-10-ა რეესტრები. ეს მაშინ, როცა 1998 წლის 20 ივლისს ტ. ხ-იას და ლ. უ-შვილის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი აქტის მე-3 გვერდზე მითითებულია, რომ: “შემოწმებულ იქნა ფორმა პ-2-თ გაცემული თანხების რეალობა, რომელიც შეუდარდა ფორმა 10-ა რეესტრებს. შედარებით სხვაობები არ გამოვლენილა”. იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი ამ გზით მართლაც შემოწმდებოდა, ყველა შემთხვევაში გამოვლინდებოდა თანხების დანაკლისის (მითვისების) ფაქტები, რაც ტ. ხ-იას და ლ. უ-შვილს შეგნებულად არ გაუკეთებიათ.

იმისათვის, რომ ტ. ხ-იას და ლ. უ-შვილს არ დაეფიქსირებინათ საპენსიო თანხების მითვისების და არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები, მათ 1998 წლის ივლისის შუა რიცხვებში, 1998 წლის 20 ივლისის რევიზიის აქტის შედგენამდე, შპს “საქართველოს ფოსტის” სენაკის ფილიალის უფროსის ე. ა-ძისაგან ქრთამის სახით მიიღეს 100 ლარი.

სარევიზიო შემოწმების შემდეგ, ტ. ხ-იასთან შეთანხმებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატის მთავარმა მრჩეველმა ლ. უ-შვილმა შეადგინა 1998 წლის 11 და 12 აგვისტოს სენაკის რაიონის სოფ. ... საფოსტო განყოფილების შემხვედრი შემოწმების აქტი, 1998 წლის 11 აგვისტოს სენაკის რაიონის სოფ. ... საფოსტო განყოფილების შემხვედრი შემოწმების აქტი და 1998 წლის 13 აგვისტოს სენაკის მე-3 საფოსტო განყოფილების შემხვედრი შემოწმების აქტი. რეალურად არც ლ. უ-შვილს და არც ტ. ხ-იას აღნიშნული შემხვედრი შემოწმებები არ ჩაუტარებიათ და ხსენებული შემოწმების აქტები შედგენილია ყალბად. აღნიშნულ აქტებზე ლ. კ-ძის, ე. ქ-ავას და გ. ტ-ავას ხელმოწერები, რომ თითქოს ისინი მონაწილეობდნენ შემოწმებაში, მათ არ შეუსრულებიათ.

მათ მიერ (ტ. ხ-ია, ლ. უ-შვილი) ასევე ყალბადაა შედგენილი სენაკის ფოსტის უფროსის ე. ა-ძის და მთავარი ბუღალტრის ლ. კ-ძე-ს-იას სახელით საქართველოს კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს უფროსის სახელზე შედგენილი და ხელმოწერილი მოხსენებითი ბარათები.

1999 წლის 30 მარტის ¹15-04/13 ბრძანების შესაბამისად, შპს “საქართველოს ფოსტის” წამყვან სპეციალისტ ა. ფ-ძეს და ბუღალტერ ს. ჭ-ავას დაევალათ სენაკის ფოსტაში საპენსიო და ფულადი გზავნილების მეურნეობისა და სამარკო პროდუქციის შემოწმება.

სენაკის ფოსტაში შემოწმება ჩატარდა 1999 წლის 1-30 აპრილს, რის შემდეგაც შედგა 1999 წლის 30 აპრილის შემოწმების აქტი.

შემოწმება (რევიზია) ს. ჭ-ავამ და ა. ფ-ძემ შეგნებულად ზედაპირულად და ცალმხრივად ჩაატარეს. მათ შეგნებულად არ დააფიქსირეს ის ფაქტი, რომ 1998 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 აპრილამდე პერიოდში სენაკის განყოფილებაში ფ-10-ა რეესტრების მიხედვით გაცემულ საპენსიო თანხებსა და ცენტრალური სალაროდან ამ მიზნით გაცემულად ნაჩვენებ თანხებს შორის სხვაობა დანაკლისის სახით შეადგენდა 125459 ლარს.

ს. ჭ-ავამ და ა. ფ-ძემ 1999 წლის 30 აპრილის რევიზიის აქტში შეგნებულად აღნიშნეს, რომ თითქოს მათ მოახდინეს ფ-10-ა რეესტრების ჯამების შედარება 1998 წლის მარტის და 1999 წლის მარტის ¹1 ორდერებსა და სოც.ფონდის აქტებთან და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მათთვის ცნობილი იყო, რომ 1998 წლის მარტში სხვაობა დანაკლისის სახით შეადგენდა 15036 ლარს, 1999 წლის იმავე თვეში კი 2500 ლარს.

შემოწმების სარევიზიო მომენტისათვის სენაკის ფოსტაში მითვისებული საპენსიო თანხები შეადგენდა 125459 ლარს, რაც რევიზორებმა ს. ჭ-ავამ და ა. ფ-ძემ არ აღმოაჩინეს, ვინაიდან მოსყიდულები იყვნენ სენაკის ფოსტის უფროსის ე. ა-ძის მხრიდან, რომელმაც მათ გადასცა ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნებულ იქნა შემდეგი მითითებებით:

1. წინასწარ გამოძიებას არ დაუკონკრეტებია ლ. კ-ძე-ს-იას მიმართ წარდგენილი ბრალის მოცულობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ უკანასკნელს დამატებით ბრალად არ შეერაცხა სამი ცალი საკასო ცნობის გაყალბება. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვერ გასცდება საქმის განხილვის ფარგლებს და თავისი ინიციატივით ვერ აღმოფხვრის ამ ხარვეზს, კერძოდ, ვერ გაზრდის ლ. კ-ძე-ს-იას ბრალის მოცულობას.

ამასთან, საქმეში მოიპოვება საკმაო მტკიცებულებები თ. ჭ-იას პასუხისგებაში მისაცემად, რომელსაც ამხელენ 5000 ლარის გატაცებაში.

2. წინასწარმა გამოძიებამ ე. ა-ძეს ბრალი დასდო კომერციულ მოსყიდვაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაშინ, როცა გამოძიებას დადგენილად მიაჩნია, რომ მან რევიზორებს სასურველი აქტის მისაღებად ფული გადასცა ლ. კ-ძე_ს-იასთან წინასწარი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მას ბრალად უნდა წარდგენოდა სსკ-ის 221-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტი – კომერციული მოსყიდვა ჯგუფურად.

3. ცალკეულ პირთა მიმართ წაყენებული ბრალდებები დაუსაბუთებელია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კერძოდ, ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას და ვ. ქ-ავას უსაფუძვლოდ აქვთ შერაცხული სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილი), რადგან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რაიმე მოტივი ვერ დადგინდა. ასეთ შემთხვევაში სახეზეა დაუდევრობა. ლ. ბ-ავას ბრალი ედება ანგარებით და სხვა პირადი მოტივით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, ხოლო ვ. გ-იას და ვ. ქ-ავას იმავე მოქმედების უმოტივოდ ჩადენაში. ხსენებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი მათ ერთნაირი მოტივი შეიძლება ჰქონოდათ.

4. წინასწარმა გამოძიებამ ნაჩქარევად დასდო ბრალი ტ. ხ-იას ქრთამის აღებაში, ისე, რომ ბრალდების წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ მოუპოვებია. კოლეგიას მიაჩნია, რომ კიდევ ერთხელ საფუძვლიანად უნდა დაიკითხონ: ტ. ხ-ია, ე. ა-ძე, ლ. კ-ძე-ს-ია და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ობიექტურად და სამართლიანად გადაწყდეს ტ. ხ-იას პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, დადასტურებული არ არის ტ. ხ-იას მიერ ყალბი დოკუმენტების შედგენის ნაწილში შერაცხული ბრალდება, რის გამოც დამატებითმა გამოძიებამ უნდა ჩაატაროს გრაფიკული ექსპერტიზა.

5. წინასწარი გამოძიების მიერ დარღვეულ იქნა საპროცესო კანონი, რაც იმაში გამოიხატა, რომ გამოძიებას ლ. კ-ძე-ს-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება უნდა გამოეტანა არა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, არამედ ქმედითი მონანიების გამო, რამდენადაც ბრალდებულმა ნებაყოფლობით განაცხადა ქრთამის მიცემის შესახებ.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ჯ.ს-ძემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატებმა ნ. წ-იამ, თ. რ-შვილმა, მ. ი-მა, ბ. წ-იამ, ა. ჭ-ამ, ასევე განსასჯელებმა: ვ. გ-იამ, ლ. ბ-ავამ, ვ. ქ-ავამ, ლ. კ-ძე-ს-იამ, ლ. კ-იამ, ტ. ხ-იამ, ა. ფ-ძემ და ს. ჭ-ავამ მხარი არ დაუჭირეს საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ. ადვოკატმა ბ.წ-იამ, ასევე, იშუამდგომლა, რომ განსასჯელ ე. ა-ძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა _ შეეცვალოს სხვა, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ეთანხმება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგია გასცდა სსსკ-ის 450-ე მუხლით დადგენილ საქმის განხილვის ფარგლებს და თავისთავზე აიღო სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია, როდესაც განჩინებაში მიუთითა, რომ ლ. კ-ძე-ს-იას დამატებით უნდა შეერაცხოს სამი საკასო ცნობის გაყალბება, რითაც გაიზრდება მისი ბრალის მოცულობა; ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს თ. ჭ-ია. აღნიშნული საკითხები ბრალდების მხარეს არ დაუყენებია, რის გამოც ამ მოტივით სასამართლოს მიერ საქმის გამოძიებაში დაბრუნება არის უსაფუძვლო, თანახმად სსსკ-ის 501-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 420-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებისა.

ასევე, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების მოტივად ვერ გამოდგება მითითება განსასჯელ ე. ა-ძისათვის სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაცვლად იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ბრალის წარდგენის შესახებ, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, თავისი ინიციატივით დაამძიმოს განსასჯელის მდგომარეობა.

სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ცალკეული განსასჯელების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილი). პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგია ვალდებული იყო, გამოეკვლია ეს საკითხი და მიეცა შეფასება. ამ მოტივით გამოძიებაში დაბრუნება არის უსაფუძვლო, რადგან ასეთი მოტივით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

ანალოგიური მდგომარეობაა განსასჯელ ტ. ხ-იას მიმართაც, კერძოდ, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ წინასწარმა გამოძიებამ ნაჩქარევად დასდო ბრალი ტ. ხ-იას ქრთამის აღებაში, ისე, რომ ბრალდების წარსადგენად საკმაო მტკიცებულებები არ მოუპოვებია.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიას სრულყოფილად უნდა ჩაეტარებინა სასამართლო გამოძიება და თუკი არ დადგინდებოდა ტ. ხ-იას მიერ ქრთამის აღების ფაქტი, ამის თაობაზე უნდა ემსჯელა და მიეცა შეფასება.

ასევე, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძვლად ვერ გამოდგება ლ. კ-ძე-ს-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის საფუძვლის შეცვლა. ჯერ ერთი, აღნიშნული დადგენილება არ ყოფილა თავის დროზე გასაჩივრებული და არც ერთ მხარეს არ გაუხდია სადავოდ, მით უმეტეს, მითითებული დადგენილება გამოტანილია მარეაბილიტირებელი საფუძვლით.

პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატ ბ. წ-იას შუამდგომლობას განსასჯელ ე. ა-ძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რადგან მოცემულ საქმეზე საჭიროა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, გამოკვლეულ იქნეს ყველა წამოჭრილი ვერსია და ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 16 მაისის განჩინება ვ. გ-იას, ლ. ბ-ავას, ვ. ქ-ავას, ე. ა-ძის, ლ. კ-ძე-ს-იას, ლ. კ-იას, ტ. ხ-იას, ს. ჭ-ავას და ა. ფ-ძის მიმართ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

აღკვეთის ღონისძიება ყველა განსასჯელის მიმართ დარჩეს უცვლელად.