დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 2კ 28 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე; გ. ბორჩხაძე
წევრები: მ. ტურავა, მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ტ-ის და დაზარალებულ ლ. ზ-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც: ნ. ჩ-ძე, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 112-ე მუხლის პირველი ნაწილით; ერთობლივად სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე შეეფარდა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 45-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ ნ. ჩ-ძეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით; აღკვეთის ღონისძიება - შინაპატიმრობა შეეცვალა პატიმრობით და სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 15 ოქტომბრიდან. იმის გამო, რომ ნ. ჩ-ძე არ დაესწრო განაჩენის გამოცხადებას, იგი პატიმრაობაში აყვანილი არ ყოფილა.
ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, ამავე სასამართლო კოლეგიის განჩინებით მასალები ნ. ს-ძის მიმართ გაეგზავნა პროკურატურას. აღნიშნული განჩინება უკანონოდ მიიჩნია მოწმე ნ. ს-ძემ, რომელიც წარმოდგენილი საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებას.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ნ. ჩ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1998 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დაახლოებით 22 საათზე, ნ. ჩ-ძემ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით, თავისი მეუღლე - ლ. ზ-ავას დაალევინა კოქტეილში გახსნილი ძილისმომგვრელი პრეპარატები და როდესაც ამ უკანასკნელმა დაიძინა, დაახლოებით 02 საათზე, ლ. ზ-ავას კუთვნილი "სმიტვენსონის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი თავში ჩაარტყა, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, შემდეგ დააჯდა ზურგზე და ბალიშით სასუნთქი გზების გადაკეტვით, შეეცადა მის დახრჩობას, მაგრამ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან გაღვიძებულმა ლ. ზ-ავამ გაუწია აქტიური წინააღმდეგობა, წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და თავი გაითავისუფლა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით 1998 წლის 12 ოქტომბერს თბილისის პროკურატურაში, ი. ღ-ურთან დაპირისპირების დროს, როდესაც ამ უკანასკნელმა ამხილა იგი დანაშაულში, განაწყენებულმა ნ. ჩ-ძემ გაიხმო ი. ღ-ური კიბის უჯრედში და მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს და რასაც შედეგად მოჰყვა ი. ღ-ურის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. ტაბიძე ითხოვს განაჩენის და განჩინების გაუქმებას, ხოლო სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში მითითებულია შემდეგ მოტივებზე:
წინასწარი გამოძიების დროს არ შესრულდა გენერალური პროკურატურის დასკვნაში აღნიშნული მითითებები;
საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ ყოვლად დაუსაბუთებლად სასამართლო სხდომიდან გააძევა ადვოკატი შალვა რჩეულიშვილი;
სასამართლომ არავითარი ყურადღება არ მიაქცია გამოძიების თავდაპირველ ეტაპზე ი. ღ-ურის მიერ მიცემულ ჩვენებებს;
ქმარ-საყვარელის ალიანსი შემთხვევითი არ არის. ქმარი ყველაფერს აკეთებდა თავისი ცოლის საყვარელის გადასარჩენად, რომლის დახმარებით შეძლებდნენ ჩ-ძის დაპატიმრებას და დიდი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაჭრას;
წინასწარი გამოძიების დროს დარღვეული იქნა ჩ-ძის დაცვის უფლება, ამ საქმეს უკანონოდ ჩამოაცილა ჩ-ძის ინტერესების დამცველი ორი ადვოკატი;
სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად მიიღო მტკიცებულებად ვაკის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი ელგენდაშვილისა და სხვა პოლიციელთა ჩვენებები;
განაჩენმა გვერდი აუარა მსჯავრდებულის დედის ლ. ჯ-იას საცხოვრებელ სახლში უკანონო ჩხრეკა-დათვალიერების ფაქტს;
არ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე ლ. ზ-ავას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ასევე ი. ღ-ურის დაჭრისა და ნ. ჩ-ძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე; გამოძიებამ ამ გარემოებებს შეგნებულად გვერდი აუარა;
სასამართლომ, რომ გაემაგრებინა თავისი განაჩენი, დაუსაბუთებლად მიიჩნია, თითქოს ძირითადმა მოწმე ნ. ს-ძემ მისცა ცრუ ჩვენება და მასალები მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გაუგზავნა პროკურატურას;
სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად უარი თქვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე, რიმლითაც ნათელი მოეფინებოდა ლ. ზ-ავას სიცრუეს.
განაჩენში აუხსნელი დარჩა, თუ რა გზითა და ხერხით აღმოჩნდა ი. ღ-ური ზ-ავების ბინაში. ამის ახსნას კი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის;
სასამართლომ განაჩენი დაამყარა ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებზე, ამასთან ყველა გარემოება არ ყოფილა ახსნილი და შეფასებული;
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მტკიცება, თითქოს ნ. ჩ-ძე იყოს ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი. დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ "იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა და იმ ულუფაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა“. ამ საკითხის სრულყოფილად გასარკვევად კომისიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
დაზარალებულ ლ. ზ-ავას ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატი გ. გაბაიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად უსამართლო როგორც მსუბუქი, რადგან საქმეში მის მიმართ სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენების არავითარი კანონიერი საფუძველი არ მოიპოვება. ის გარემოებები, რომლებზეც სასამართლომ მიუთითა, არ იძლეოდა საფუძველს უფრო მსუბუქი სასჯელის ზომა განსაზღვროდა მსჯავრდებულს, ვიდრე ეს სსკ-ის 104-ე მუხლის სანქციითა გათვალისწინებული.
ადვოკატ გ. გ-ის მიერ წერილობით წარმოდგენილია, აგრეთვე, პოზიციები მსჯავრდებულის ნ. ჩ-ძის ადვოკატის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით და საჩივრის ყველა ცალკეულ პუნქტზე გამოთქმულია თავისი მოსაზრება.
მოწმე ნ. ს-ძე თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განჩინების გაუქმებას, მიუთითებს, რომ მას არ მიუცია ცრუ ჩვენება, არამედ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს მოეხსნა მხოლოდ ის, რაც მისთვის იყო ცნობილი.
გაეცნო სისხლის სამართლის პალატა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა; მოისმინა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ტ-ის განმარტება, რომელმაც მხარი დაუჭირა მის საკასაციო საჩივარს და პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენისა და განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე; მოისმინა დაზარალებულ ლ. ზ-ავას ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატის გ. გ-ის განმარტება, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს, ამასთან წარმოადგინა თავისი მოსაზრებები მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივართან დაკავში-რებით; პროკურორმა მ. ჯ-ემ თავის დასკვნაში გაანალიზა საქმის მასალები და პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი და განჩინება კანონიერია, არ არსებობს მათი გაუქმების სა-ფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს განაჩენი და სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში და, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენის უკანონობაში იგულისხმება: სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევები, რომელიც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის სასამართლოს ან რომელიც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; მსჯავრდებულის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია ან სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო სამართლის ნორმების გამოყენებისას დაშვებული შეცდომა; სასჯელის ისეთი სახის ან ზომის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ ნ. ჩ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ძირითადად ეხება არა განაჩენის კანონიერებას, არამედ მის დასაბუთებულობას. უფრო მეტიც, საჩივრის ძირითადი მოტივები მის მიერ სასამართლო გამოძიების დროს წარმოთქმული დაცვითი სიტყვის ანალოგიურია, რაზედაც სასამართლო კოლეგიას ვრცელი მსჯელობა აქვს განაჩენში და მითითებულია იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ უნდა იქნეს ისინი გაზიარებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დეტალურად შეამოწმა საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ადვოკატ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივრის მითითებას, თით-ქოს წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ძის დაცვის უფ-ლება, პალატა ვერ დაეთანხმება. წინასწარი გამოძიების დროს მსჯავრდებული ნ. ჩ-ძე დაცვით იყო უზრუნველყოფილი. ამასთან გამოძიების მიერ ადვოკატების: შ. რ-სა და ზ. ტ-ის მისი დაცვიდან ჩამოცილების შემდეგ ნ. ჩ-ძეს დაენიშნა ადვოკატი ო. ფრანგიშვილი, რომელიც ახორციელებდა დაცვას და სათანადო შუამდგომლობაც დააყენა გამოძიების წინაშე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის უფლება დარღვეული და ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს წინასწარ გამოძიებას არ გადაეწყვიტოს ლ. ზ-ავას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის და ი. ღ-ურის მძიმედ დაჭრის ფაქტი, პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან ამ გარემოებათა შესახებ გამოძიებამ სათანადოდ იმსჯელა. გამოძიებამ და დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის მოტივით გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. (იხ. ტ. 4 ს. ფ. 415-427)
გამოძიებამ ასევე იმსჯელა ი. ღ-ურის ბრალეულობის საკითხზე და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყვიტა ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. (იხ. ტ. 4 ს. ფ. 340-373)
საჩივრის მითითება იმის შესახებ, თითქოს სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლად გააძევა ადვოკატი შ. რჩეულიშვილი სასამართლო სხდომიდან - პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან ამის შესახებ სასამართლო კოლეგიამ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სხვა საკითხები, რომლებიც მითითებულია მსჯავრდებულ ნ. ჩ-ძის ინტე-რესების დამცველი ადვოკატი ზ. ტაბიძის საკასაციო საჩივარში, შეეხება განაჩენის დასაბუთებულობას და არა კანონიერებას, ამის შესახებ კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სათანადოდ იმსჯელა სასამართლო კოლეგიამ და მისცა სწორი შეფასება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია; მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.
პალატა ვერ დაეთანხმება დაზარალებულ ლ. ზ-ავას ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან სასამართლო კოლეგიამ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის ქალი, იგი ადრე სამართალში არაა ნამყოფი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც მის მიმართ სავსებით კანონიერად გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლი და შეუფარდა სსკ-ის 104-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე უფრო დაბალი სასჯელი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე ნ. ს-ძის საჩივრის მოთხოვნას, რადგან საქმეში არ მოიპოვება მისი დაკმაყოფილების ობიექტური საფუძველი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი და განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ნ. ჩ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად. ამავე საქმეზე დადგენილი განჩინება ნ. ს-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. მოწმე ნ. ს-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ, ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სსსკ-ის 593 - 601-ე მუხლებით დადგენილი წესით.
პროკურორის საკასაციო საჩივარს, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულის ქმედების ხასიათთან პირობითი მსჯავრის (სსკ-ის 46-ე მუხლი) გამოყენების შეუსაბამობის გამო, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.