საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 9აპ 23 თებერვალი, 2000 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ლილუაშვილი
მოსამართლეები: მ. ტურავა, გ. ხაბულიანი
განიხილა პროკურორ ო. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც შ. ს-ძე, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, უცოლშვილო, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები თერჯოლის რაიონის სოფელ …
ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მისჯილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ 46-ე მუხლის შესაბამისად შეეცვალა იმავე ვადით პირობითი მსჯავრით.
აღნიშნულით სააპელაციო პალატამ ცვლილება შეიტანა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში, რომლითაც შ. ს-ძეს საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით საბოლოოდ სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საკასაციო პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ხ-ის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით შ. ს-ძეს მსჯავრი ედება იმისათვის, რომ მან 1999 წლის 27 ივლისს თბილისში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 2000 საათზე იპოვა ცეცხლსასროლი იარაღი "ვალტერი“ ¹ 390624 რაც შეინა-ხა თბილისში ასკურავას ქ. ¹ 1-ში, მაგრამ აღნიშნულის შესახებ მას არავისთვის არაფერი უთქვამს. ა. წ. 28 ივლისს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისის ზღვაზე, საიდანაც წამოვიდნენ ტაქსით. დაახლოებით 1800 საათზე მან სთხოვა ტაქსის მძღოლს, … ქუჩასთან შეეჩერებინა მანქანა, ავიდა სახლში, საიდანაც წამოიღო აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, სააბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშორდა თავის მეგობრებს, როდესაც კვლავ ჯდებოდა ტაქსში, გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და დააკავეს, პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ზემოთაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ვალტერი ერთი მჭიდითა და ერთი საბრძოლო ვაზნით.
პროკურორის საკასაციო საჩივარში დასმულია საკითხი იმის შესახებ, რომ განაჩენი შ. ს-ძის მიმართ გაუქმდეს დანიშნული სასჯელის აშკარა ლმობიერების გამო და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ლ. ყ-ის დასკვნა, რომლითაც მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ჟ. ლ-ისა და შ. ს-ძის განმარტებები, რომლითაც შუამდგომლობენ განაჩენის უცვლელად დატოვებას, თვლის, რომ შ. ს-ძის მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო.
საკასაციო პალატა კანონიერად მიიჩნევს განაჩენის მითითებას იმის შესახებ, რომ შ. ს-ძეს 1999 წლის 28 ივლისს დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში წარდგენის დროს აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი "ვალტერი“ ერთი მჭიდითა და ერთი საბრძოლო ვაზნით. აღნიშნული ფაქტის ამსახველი მტკიცებები ეჭვს არ იწვევს, ბრალს თვით შ. ს-ძე აღიარებს და მას საკასაციო საჩივრით არ მიუმართავს, წარმოდგენილ პროკურორის საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას, მისი პიროვნული და ოჯახური მდგომარეობის (იარაღი შემთხვვევით იპოვა წინა დღით, ბრალს აღიარებს, პირველადაა სამართალში, არის ავადმყოფოფი, ეწევა პურით ვაჭრობას და ეხმარება ავადმყოფ მშობლებს) გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შ. ს-ძის ქმედება სწორადაა დაკვალი-ფიცირებული და განაჩენი ამ მხრივ კანონიერია, განაჩენში სათანადო შეფასება აქვს მიცემული მსჯავრდებულის პიროვნულ მვახასიათებლებს და მის ოჯახურ მდგომარეობას, აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის ხარისხსა და ხასიათს.
ასეთ პირობებში შ. ს-ძისათვის დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 3 წლის ვადით პირობითი მსჯავრით შეცვლა არ შეიძლება აშკარა ლმობიერად ჩაითვალოს, ამიტომ პროკურორის საკასაციო საჩივარს მოცემულ საქმეზე უარი უნდა ეთქვას.
საკასაციო პალატამ, აღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 561-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის საკასაციო საჩივარი ამ საქმეზე არ იქნეს დაკმაყოფილებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 დეკემბრის განაჩენი შ. ს-ძის მიმართ დატოვებული იქნეს უცვლელად.
საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლით განსაზღვრული პასუხიგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის გაუქმების და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის უდაო საფუძველია.