საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 19 კოლ 1 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ისაევი
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა თბილისის პროკურორის მოადგილე თ. ო-ის საკასაციო სა-ჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცნობილ იქნენ დამნაშავედ:
ლ. ჯ-შვილი, დაბადებული 1968 წელს, ოსი, უპარტიო, სამართალში არყოფილი, საქართველოს სსკ 252-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ 45-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით საერთო რეჟიმის შრომა-გასოწრების კოლონიაში მოხდით.
მ. ბ-ევა, ოსი, საშუალო განთლებით, სამართალში არყოფილი, საქართველოს სსკ 252-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. ფ-შვილი, ქართველი, უპარტიო, საშუალო განათლებით, მარტოხელა, სამართალში ყოფილი, საქართველოს სსკ 252-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისფულების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ლ. ჯ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა განმეორებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა განზრახ შეძენა, შენახვა, გა-დაზიდვა გასაღების მიზნით, აგრეთვე, უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში.
1999 წლის იანვრის თვეში ლ. ჯ-შვილმა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი" და უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში. 1999 წლის იანვრის ბოლოს „ოპიუმი" 0,52 გრამის ოდენობით ლ. ჯ-შვილმა 100 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ. შ-ევაზე.
მანვე, 1999 წლის თებერვალში, ქ. ცხინვალში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 300 ამერიკულ დოლარად შეიძინა 38 ჩეკი ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი". ჩამოიტანა იგი თბილისში და ნაცნობის _ გ. ფ-შვილის დახმარებით გაუკეთა რეალიზაცია 500 ამერიკული დოლარად.
1999 წლის 10 აპრილს ლ. ჯ-შვილმა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა, დაახლოებით 50 გრამამდე, ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი". „ოპიუმი" მან ჩამოიტანა თბილისში და 1 ჩეკი გასასინჯად გადასცა გ. ფ-შვილს, თან მოელაპარაკა მას, რომ დანარჩენ 50 გრამ „ოპიუმს" გადასცემდა საღამოს, მეტრო „ახმეტელთან". აღნიშნულს საფასურად კი ლ. ჯ-შვილს ფ-შვილისაგან უნდა აეღო 2000 ლარი, მაგრამ იგი 1999 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 20 საათზე, მეტრო „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. პირადი ჩხრეკისას ჯ-შვილს აღმოაჩნდა სარეალიზაციოდ გამზადებული 53,9 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი".
გ. ფ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 1999 წლის მარტის ბოლოს, თავისი ნაცნობის _ ლ. ჯ-შვილისაგან უკანონოდ შეიძინა 28 ე. წ. ჩეკი ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი" შემდგომი რეალიზაციისათვის გადასცა ასევე, თავისი ნაცნობს, მ. ბ-ევას. ეს უკანასკნელი 1999 წლის 2 აპრილის დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, ფ-შვილისაგან შეძენილი, მინის ქილაში მოთავსებული ე. წ. 2 ჩეკი ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი" აღმოაჩნდა.
მ. ბ-ევას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, აგრეთვე, უკანონო გასაღება, კერძოდ, 1999 წლის მარტის თვეში ბ-ევამ თავისი ნაცნობის, გ. ფ-შვილისაგან უკანონოდ, 500 დოლარად შეიძინა 28 ჩეკი „ოპიუმი". აქედან 7 ჩეკი გაასაღა თავის ნაცნობ ჯ. ბ-ევზე. დანარჩენის გასაღება კი ვერ მოასწრო, რადგან, 2 აპრილს დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 21 ჩეკი _ 14 გრამი „ოპიუმი".
საკასაციო საჩივარში თბილისის პროკურორის მოადგილე უთითებს, რომ ლ. ჯ-შვილის, გ. ფ-შვილისა და მ. ბ-ევას მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებებთან, თავისი ზომით აშკარად უსამართლოა როგორც მსუბუქი, რისთვისაც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, მოუსმინა საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწეს, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროცესზე მონაწილე პროკურორმა მოითხვა ლ. ჯ-შვილის, გ. ფ-შვილისა და მ. ბ-ევას დამნაშავედ ცნობა წარდგენილი კვალიფიკაციით. ლ. ჯ-შვილის მიმართ საქართველოს სსკ 45-ე მუხლის გამოყენებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო გ. ფ-შვილისა და მ. ბ-ევას მიმართ სსკ 46-ე მუხლის გამოყენება. პროკურორის ეს პოზიცია გაიზიარა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ.
შემოიტანა რა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, თბილისის პროკურორის მოადგილემ დაარღვია საქართველოს სსკ 540-ე მუხლის მოთხოვნა, რაც გამოიხატა შემდეგში: ბრალდების მხარის წარმომადგენელს შეუძლია შეიტანოს საკასაციო საჩივარი უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელს ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და პალატა მას არ იზიარებს, ხოლო განაჩენს მოცემულ საქმეზე ტოვებს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 იანვრის განაჩენი _ ლ. ჯ-შვილის, მ. ბ-ევასა და გ. ფ-შვილის მიმართ.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.