დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.04.2000
საქმის ნომერი
2კ-29კოლ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 29კოლ 14 აპრილი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე

მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია

განიხილა საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ რ. გ-შვილის ინტერესების დამცველის ადვოკატ დ. ბ-ის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 2000 წლის 4 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც რ. გ-შვილი, დაბადებული 1969 წელს, ქართველი, ცოლშვილიანი, საშუალო განათლებით, სამართალში არ ყოფილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მეორე პუნქტით თავისუცფლების აღკვეთა 18 წლით გასახლების გარეშე, სკ 228-ე მუხლის მესამე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, სსკ 91-ე მუხლის მესამე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ 40-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელასრულების დაწესებულებაში მოხდით. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით რ. გ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ხელიგნური ქვენაგრძნობით.

მანვე ჩაიდინა ხულიგნობა ე. ი. განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, ისე რომ იხმარა დანა.

მანვე ჩაიდინა ქურდობა ე. ი. სხვისი ქონების ფარული გატაცება საცავში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

გ-შვილმა დანაშაული ჩაიდინა შემდეგ ვითარებაში:

1999 წლის 10 ივნისს გ-შვილი თავის ნათესავთან ზ. თ-ძესთან ერთად იმყოფებოდა ქ. გარდაბანში თ-ძის საყვარლის ნ. ბ-შვილის ბაღში. მუშაობის დამთავრების შემდეგ საღამოს დაახლოებით 20 საათზე გ-შვილმა და თ-ძემ ბ-შვილის ბინაში დალიეს არაყი და 22 საათზე მთავრალ მდგომარეობაში მყოფები დაბრუნდნენ უკან ბაღში.

ბაღში ნ. ბ-შვილსა და ზ. თ-ძეს შორის მომხდარ კამათში, რა დროსაც ისინი ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს, ჩაერივნენ ნ. ბ-შვილის ქალიშვილი ლ. და მისი მეგობარი ლ. ქ-შვილი. ნ. ბ- შვილს გამოესარჩლა ასევე მეზობელი მ. ნ-ძე, რომელიც ხმაურზე შევიდა ბაღში.

აღნიშნულის გამო ნ-ძესა და თ-ძეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა კამათში. ნ. ბ-შვილმა ლ. ბ-შვილმა და ლ. ქ-შვილმა დააწყნარეს მოკამათეები, მაგრამ მათი წესალვის შემდეგ ნ-ძესა და თ-ძეს შორის კამათი კვლავ გაგრძელდა, კამათში თ-ძის სასარგებლოდ ჩაერია გ-შვილი.

მ. ნ-ძე უხსნიდა გ-შვილს, რომ ის და თ-ძე თვითონ გაარკვევდნენ ურთიერთობებს, შეეცადა მის დაწყნარებას, მაგრამ გ-შვილი აგრძელებდა ნ-ძის შეურაცხყოფას, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, კერძოდ იგინებოდა მისი მისამართით, ხელი გაარტყა გულმკერდის არეში, საპასუხოდ ნ-ძემაც შეაგინა გ-შვილს და ხელი გაარტყა სახის არეში, თან უხსნიდა მას რომ მეზობლების კამათში ჩარევა მისი საქმე არ იყო. გ-შვილი მაინც არ წყნარდებოდა აგრძელებდა გინებას ნ-ძის მისამართით მუქარით შევარდა ბაღში, ეზოში მდგარი მაგიდიდან აიღო შავტარიანი დანა, გამოვარდა გარეთ და ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა ნ-ძეს მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში.

ნ-ძე საავადმყოფოში მიყვანიდან ოთხი საათის შემდეგ გარდაიცვალა, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა მ. ნ-ძის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ღვიძლისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით.

გ-შვილს მსჯავრი დაედო ასევე ქურდობისათვის რაც ჩადენილი იქნა შემდეგ გარემოებებში; 1999 წლის 25 იანვარს იგი იმყოფებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოში მან შ-იას საქათმიდან ფარულად გაიტაცა 10 ცალი ინდაური და 30 ცალი ქათამი, რომელიც გაყიდა რუსთავის ბაზარში, რითაც დაზარალებულს მიაყენა 850 ლარის ზიანი.

მსჯავრდებულ გ-შვილის ადვოკატი დ. ბ-ი თავის საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ გ-შვილს არ ჰქონია ნ-ძის მოკვლის განზრახვა, არც ხულიგნობა არ ჩაუდენია. ამდენად, ადვოკატი ითხოვს გ-შვილის ქმედება ნ-ძის მკვლელობის ეპიზოდში გადაკვალიფიცირდეს სსკ 108-ე მუხლზე, ხოლო სსკ 228-ე მუხლის მესამე ნაწილით მსჯავრდება მოეხსნას, რამდენადაც გ-შვილი თავს ცნობს დამნაშავედ სსკ 91-ე და 108-ე მუხლებით - სასჯელი მას უნდა განესაზღვროს ამ მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ლ. ყ-ი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის დასკვნა, მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გ-შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ - სსკ 91-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, სსკ 104-ე მუხლის მეორე პუნქტით და სსკ 228-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა რომ, ნ-ძის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია დანა დაარტყა მის მოსაშორებლად, ხულიგნობა კი საერთოდ არ ჩაუდენია.

გ-შვილის ეს ვერსია სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენს საფუძვლად დაეუდო შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ბ-შვილის, ქ-შვილის, ო-შვილის, გ-ევის, ლ-ოვის, ძ-უას, თ-იევის ჩვენებები, დაზარალებულ ზ. ნ-ძის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის, კრიმინალისტიკური და სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმის სხვა მასალები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გაანალიზა ზემოთ-მოყვანილი მტკიცებულებები და სწორად შეაფასა ისინი. სასამართლო საფუძვლიანად აბათილებს გ-შვილის ვერსიას გაუფრთხილებლობით ნ-ძის მკვლელობის ეპიზოდში და სწორად აკვალიფიცი რებს მის ქმედებას სსკ 104-ე მუხლის მეორე პუნქტით, პალატა ასევე სწორად მიიჩნევს და ეთანხმება განაჩენს იმის თაობაზე, რომ გ-შვილმა, იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, ჩაიდინა ხულიგნობა, რა დროსაც იხმარა დანა - ე. ი. სსკ 228-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასჯელი გ-შვილს შეფარდებული აქვს სწორად სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა არ ეთანხმება უსაფუძვლობის გამო.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 4 თებერვლის განაჩენი - რ. გ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.