განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 36აპ 26 აპრილი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ისაევი
წევრები: მ. გოგელია, რ. შველიძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორის კ. მ-სა და დაზარალებულის ფ. ფ-შვილის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 მარტის განაჩენზე, რომლითაც ბ. ბ-შვილი, ქართველი, უპარტიო საშუალო განათლებით, ადრე სამართალში არყოფილი, ამჟამად პატიმარი, - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 14 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენით ბ. ბ-შვილი გამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი ახმეტის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში რომ-ლითაც ბ. ბ-შვილი ცნობილი იყო დამნაშავედ სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე ნაწილებით და შეფარდებული ჰქონდა თავი-სუფლების აღკვეთა ცხრა (9) წლის ვადით.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ბ. ბ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ბ. ბ-შვილსა და ვ. ფ-შვილს შორის იყო დაძაბული, მტრული დამოკიდებულება. 1999 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 21 საათზე, ახმეტაში, ... ქუჩაზე ვ. ჩ-შვილის სახლთან ვ. ფ-შვილი ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით თავს დაესხა ბ. ბ-შვილს. გადაუკეტა სამანქანო გზა, მივარდა ბ- შვილის მართვის ქვეშ მყოფ მანქანასთან, მძღოლის ფანჯრიდან მანქანაში შეყო თვითნაკეთი პისტოლეტი - ტყვიამფრქვევი, მაგრამ ბ-შვილმა შეძლო მისი განიარაღება. ამის შემდეგ ფ-შვილმა ამოიღო დანა, გააგრძელა ბ-შვილზე თავდასხმა და ამ უკანასკნელს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ბ-შვილმა ჭიდილში შესძლო დაუფლებოდა მანქანაში ჩავარდნილ ვ. ფ-შვილის კუთვნილ, თვითნაკეთ ავტომატურ იარაღს და თავის დაცვის მიზნით ესროლა იგი ვ. ფ-შვილს. შემდეგ ბ-შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თან წაიღო მკვლელობის იარაღი - პისტოლეტ - ტყვიამფრქვევი, რომელიც ტყვიების გარეშე ნებაყოფლობით წარუდგინა სამართალდამცავ ორგანოებში მოგვიანებით, ნებაყოფლობით გამოცხადებისას.
სააპელაციო პალატამ განაჩენში მიუთითა, რომ სასამართლო ვერ დაეთანხმება წინასწარ გამოძიებასა და ახმეტის რაიონის სასამართლოს, რომ ბ-შვილმა მკვლელობა ჩაიდინა შურისძიების მოტივით, რადგან საქმის მასალებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ვ. ფ- შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა თავდასხმას. ბ-შვილმა გამოიყენა უფლება აუცილებელ მოგერიებაზე, მაგრამ გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. დადასტურებულია, რომ ვ. ფ-შვილის თავდასხმა იყო რეალური, მაგრამ მისი ინტენსივობა შესუსტდა მას შემდეგ, როდესაც ბ-შვილმა ვ. ფ-შვილს ხელიდან დააგდებინა პისტოლეტი. კიდევ უფრო შესუსტდა, როცა ბ-შვილი დაეუფლა ამ იარაღს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ვ. ჩ-შვი-ლი, რომელმაც თავისი ჩარევით (ვ. ფ-შვილის მხარზე ხელის დადებით და ამ უკანასკნელის მისკენ შებრუნებით) შესძლო თავდასხმის თითქმის შეჩერება. მიუ-ხედავად იმისა, რომ ვ. ფ-შვილს კვლავ ხელში ეჭირა დანა, აშკარა გახდა დაცვის შეუსაბამობა ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან. ბ. ბ-შვილმა პისტოლეტიდან გასროლით მაინც მოკლა ვ. ფ-შვილი, რითაც გადააცილა საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ აუცილებელ მოგერიების ფარგლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამძართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. საჩივარში მითითებულია შემდეგ მოტივებზე: სასამართლომ უკანონოდ გაამართლა ბ-შვილი სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე არასწორად გადააკვალიფიცირა მისი ქმედება სსკ-ის 105-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 107-ე მუხლზე, რადგან ამის საფუძველი საქმეში არ მოიპოვებოდა. ანალოგიური მოთხოვნა აქვს დაყენებული თავის საკასაციო საჩივარში დაზარალებულ ფ. ფ- შვილს.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ლ. ყ-ის დასკვნა, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ ყოფილა ახსნილი ვ. ფ-შვილის მკვლელობის მექანიზმი. ამის გარეშე კი შეუძლებელია ბ. ბ-შვილის ქმედების სწორი იურიდიული კვალიფიკაცია.
კერძოდ, წინასწარი გამოძიების მიერ მიჩნეული იქნა, რომ ვ. ფ-შვილსა და ბ. ბ-შვილს მოუხდათ შეკამათება, რა დროსაც მათ ერთმანეთ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განაწყენებულმა ბ. ბ-შვილმა, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, 9 მმ ყალიბის თვითნაკეთი პისტოლეტის - ტყვიამფრქვევის გამოყენებით ჩაიდინა ვ. ფ-შვილის განზრახ მკვლელობა (იხ. საბრალდებო დასკვნა და ბრალდების წარდგენის დადგენილება).
ახმეტის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ფ-შვილი თავისი ავტომანქანით გაეკიდა ბ. ბ- შვილს, რომელიც შეეცადა გაქცევას, მაგრამ უშედეგოდ. ვ. ფ-შვილი წამოეწია მას თელავის ქუჩაზე და მუქარით მოსთხოვა, რომ გადმოსულიყო ავტომანქანიდან. ამ დროს ფ-შვილს ხელში ეკავა უტარო დანა და ახდენდა მის დემონტრირებას შეშინების მიზნით, რა დროსაც ბ. ბ-შვილმა საკუთარი „მაკაროვის“ სისტემის თვითნაკეთი ტყვიამფრქვევით ორჯერ ესროლა ფ-შვილს, რომელიც მიღებულ დაზიანებათა გამო გარდაიცვალა (იხ. განაჩენი).
სააპელაციო სასამართლომ თავისი განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ფ-შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ. ბ-შვილზე თავდასხმას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვ. ჩ-შვილი ჩაერია და ხელის დადებით ვ. ფ-შვილი თავისკენ შეატრიალა, და შეძლო თავდასხმის შეჩერება, ბ-შვილმა პისტოლეტიდან გასროლით მაინც მოკლა ფ-შვილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არც წინასწარი გამოძიების და არც სა-სამართლოს მიერ დეტალურად არაა შემოწმებული მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებები, არ არის ახსნილი მკვლელობის მექანიზმი. კერძოდ, არაა ახსნილი, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მკვლელობის დროს ბ. ბ-შვილი და ვ. ფ-შვილი, რატომ აქვს ფ-შვილს ერთი ტყვია მოხვედრილი გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, იღლიის წინა ხაზზე, ტერფიდან 128 სმ-ზე, ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის ჰორიზანტალურად, ხოლო მეორე ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის მარცხენა გვერდზე, ტერფიდან 135 სმ სიმაღლეზე, იღლიის წინა ხაზზე, ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ წინიდან უკან.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია აგრეთვე, რომ მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე არსებული ჭრილობა „ცეცხლნასროლი შემხები ჭრილობაა“ (ს. ფ. 94-ე), რაც საერთოდ მსჯელობის საგანი არ ყოფილა.
პალატა აღნიშნავს, რომ დამატებით გამოძიების დროს სრულყოფილად უნდა აიხსნას მკვლელობის მექანიზმი, რისთვისაც საჭიროა, ჩატარდეს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა: სამედიცინო ექსპერტიზის დაკითხვა, სპეციალისტთან ერთად შემთხვევის ვითარების აღდგენა, საჭიროების შემთხვევაში კი - კომპლექსური ექსპერტიზა. ამ გარემოებათა სრულყოფილად გარკვევის გარეშე შეუძლებელია ბ. ბ-შვილის ქმედების სწორი იურიდიული კვალიფიკაცია.
2)წინასწარი გამოძიების მიერ არ ყოფილა დაცული საქართველოს სსკ-ის 282-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნები. კერძოდ, დადგენილებაში პირის, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემის შესახებ აღინიშნება ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის და ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. დადგენილებაში ასევე მითითებული უნდა იქნეს მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. ასეთი კი საერთოდ არ ყოფილა დადგენილებაში მითითებული, რითაც გარკვეულწილად შეზღუდული იქნა ბრალდებულის დაცვის უფლება. ეს გარემოებაც დამატებით გამოძიებით უნდა გასწორდეს.
3)საკასაციო საჩივრებში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ გაამართლა ბ. ბ-შვილი სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისინებულ ბრალდებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებით გამოძიების დროს ეს საკითხიც სრულყოფილად უნდა შემოწმდეს, უნდა აღმოიფხვრას არსებული წინააღმდეგობები და ამის შემდეგ გადაწყდეს ამ ნაწილში ბ. ბ-შვილის ბრალეულობის საკითხი.
4)პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საბრალდებო დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 409-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, ამ მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ საბრალდებო დასკვნის აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის გარემოებანი (დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგები და სხვა), მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას, გარემოებანი, რომლებიც ამძიმებენ ან ამსუბუქებენ პასუხისმგებლობას, მოსაზრებანი, რომელიც ბრალდებულს მოჰყავს თავის დასაცავად და მათი გაბათილება.
მოცემულ შემთხვევაში კი საბრალდებო დასკვნის აღწერილობით სამოტივაციო ნაწილში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული მკვლელობის გარემოებებზე, მაშინ მროდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არაა გარკვეული მკვლელობის მექანიზმი და ასეთი არაა გადმოცემული საბრალდებო დასკვნაში; არაა მითითებული, თუ რა გარემოებებში შეხვდნენ შემთხვევის ადგილზე ფ-შვილი და ბ-შვილი ერთმანეთს, როგორ ვითარებაში განვითარდა ურთიერთშეურაცყოფა, ჩხუბი და საბოლოოდ კი - მკვლელობა.
ეს გარემოებაც საქმის დამატებით გამოძიების დროს უნდა გაირკვეს და ასახვა ჰპოვოს საბრალდებო დასკვნაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა შამოწმება სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და ამიტომ საქმე დამატებით გამოძიებაში უნდა იქნეს დაბრუნებული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560, 561, 562, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 მარტის განაჩენი და ახმეტის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ბ. ბ-შვილის მიმართ და საქმე დამატებით გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა დარჩეს უცვლელი. საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ცვლილებით.