საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 48აპ 21 ივნისი 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მერაბ ტურავა
წევრები: მურმანი ისაევი, რუსუდან შველიძე
განიხილა დაზარალებულ ე. ბ-უზის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 აპრილის განაჩენზე, რომლითაც: გ. უ-ელის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი 2000 წლის 9 თებერვლის განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული. ამ განაჩენით გ. უ-ელი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 110-ე მუხ-ლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომელიც სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე ვადით გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით, გ. უ-ელს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ე. ი. სხეულის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 2 ივნისს გორის რაიონის სოფ... მცხოვრები გ. უ-ელი მივიდა ამავე სოფლის საშუალო სკოლის ყოფილ დირექტორთან ე. ბ-უზთან სახლში და მას უკანონოდ მოსთხოვა მისთვის მიეცა საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი. ე. ბ-უზმა აუხსნა მას, რომ ის აღარ იყო სკოლის დირექტორი და ატესტატს ვერ გასცემდა, ამასთან მას არც დაუმთავრებია საშუალო სკოლა. ამის შემდეგ გ. უ-ელმა დაუწყო მას ცემა და გინება, წააქცია ბეტონის ფილებზე და წაქცეულს სცემდა ფეხებით და მუშტებით, რის შედეგადაც ე. ბ-უზმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც გამოიხატა ნეკნების მოტეხილობაში, ქალა ტვინის დახურულ ტრამვაში, ტრამვულ სისხლჩაქცევაში, თავის ტვინის დაჟეჟილობაში და ა. შ. ამდენად, გ. უ-ელმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილით.
საკასაციო საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებული მიიჩნევს, რომ უკანონოა როგორც გორის რაიონული სასამართლოს, ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი გ. უ-ელის მიმართ და მოითხოვს მათ გაუქმებას აშკარა ლმობიერების მოტივით. დაზარალებული ასაჩივრებს როგორც რაიონული, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, მაშინ როდესაც სსსკ-ის 547-ე მუხლის თანახმად, ამ ორი განაჩენიდან საკასაციო გასაჩივრების საგანია მხოლოდ სააპელაციო პალატის განაჩენი.
დაზარალებულის აზრით, განაჩენის ლმობიერება გამოიხატა იმაში, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, სასამართლომ გამოიყენა პირობითი მსჯავრდება. დაზარალებულის თქმით, გ. უ-ელმა მისი ყოფილი პედაგოგის მიმართ გამოიჩინა აშკარად უკანონო ძალადობა, სკოლის დამთავრების გარეშე მოსთხოვა ყოფილ დირექტორს ატესტატის გაცემა და როცა მისგან მიიღო უარი, მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით და ცემით, ტვინის შერყევისა გამო თვეობით დაკარგა შრომისუნარიანობა და ნაწილობრივ მხედველობა. დაზარალებულის თქმით, მსჯავრდებულმა არ მოინანია ჩადენილი ქმედება და არ მოიხადა ბოდიში მის წინაშე.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. დ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. ამასთან, დაზარალებულმა მსჯავრდებულისაგან მოითხოვა წერილობით ბოდიშის მოხდა, როგორც კონპენსაცია მის მიერ მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისა.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ხ-ემ კანონიერად ჩათვალეს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი გ. უ-ელის მიმართ და მოითხოვეს მათი უცვლელად დატოვება. მათ უსაფუძვლოდ ჩათვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რადგან მიიჩნიეს, რომ ე. ბ-უზს არავითარი მორალური უფლება არა აქვს მოითხოვოს მისი ყოფილი მოსწავლის დასჯა, ვინაიდან ე. ბ-უზს წარსულში ჩადენილი აქვს ისეთი სამართალდარღვევები, როგორიცაა მეუღლის მიმართ სხეულის განზრახ დაზიანება, ცემა, წვრილმანი ხულიგნობა. მათი პოზიციით, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ბოდიშს არ უხდიან დაზარალებულს, რადგან ამას, დაზარალებულის პიროვნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა გ. უ-ელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ, განიხილა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროცესზე წარმოდგენილ მხარეთა პოზიციები, ყველა კონკრეტულ გარემოებას ერთობლიობაში მისცა შეფასება და მივიდა დასკვნამდე:
როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა გ. უ-ელის მოქმედება სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილით, როგორც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ბრალდების დასაბუთებას საფუძვლად დაუდო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, საკასაციო პალატას, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიაჩნია გ. უ-ელის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების მი-ზანშეწონილობა, რადგან მას ბრალად ედება განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენა თავისი ყოფილი პედაგოგის და სკოლის დირექტორის მიმართ, რომელსაც მოსთხოვა უკანონო მოქმედების შესრულება, უარყოფითი პასუხის მიღების გამო მიაყენა სი- ცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ამასთან, მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავითარი დასკვნები არ გააკეთა, მიუხედავად დაზარალებულის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნისა, რომელსაც ეს უკანასკნელი აღიქვამდა როგორც მისთვის მიყენებული ზიანისათვის ერთგვარ კომპენსაციას, მსჯავრდებულმა არ მოუხადა ბოდიში არც საკასაციო პალატის სხდომაზე და არც 2-3 კვირის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც საკასაციო პალატის სხდომაზე ამ საქმის მოსმენა იყო გადადებული. მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა შერიგებოდა დაზარალებულს, რაც მისი ბრალის ხარისხის გან-საზღვრაზე იმოქმედებდა, მაგრამ როგორც საკასაციო პალატის სხდომაზე დადგინდა, მსჯავრდებულმა შეგნებულად არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.
საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლად დაზარალებულის პიროვნების ისეთ მახასიათებელ გარემოებაზე მითითება, როგორიცაა მის მიმართ 1985 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით სხეულის განზრახ მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის გამასწორებელი სამუშაოების შეფარდება, რისთვისაც ნასამართლობა მას გაქარწყლებული აქვს.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. უ-ელს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა და თუკი ეს გარემოება საქმის ხელახალი განხილვისას დადასტურდება, მაშინ სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და სასჯელის დანიშვნის დროს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ყველა გარემოების გათვალისწინებით, გ. უ-ელს უნდა დაუნიშნოს მისი ბრალის ხარისხისა და პიროვნების შესაბამისი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხემძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულ ე. ბ-უზის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 აპრილის განაჩენი გ. უ-ელის მიმართ გაუქმდეს და საქ-მე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში.