საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 23.06.2000
საქმის ნომერი
2კ-58აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 58აპ 23 ივნისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

წევრები: მ. ისაევი, თ. ყრუაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 აპრილის განაჩენზე.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: ლ. ნ-შვილს,... ექიმს, სსკ-ის 1272-ე მუხლის მეორე, 186-ე მუხლის მე-2 და 213-ე მუხლის მესამე ნაწილებით, ერთობლივად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 13 აპრილს განიხილა აღნიშნული საქმე, ლ. ნ-შვილს წინა განაჩენიდან ამოერიცხა მითითება მისი სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელად დარჩა. რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულნი არიან ასევე მ. მ-ძე, ი. დ-შვილი და ნ. ჯ-ია, რომლებსაც განაჩენი არც სააპელაციო და არც საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის თამარ ყრუაშვილის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენის მიხედვით ლ. ნ-შვილის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილ იქნა შემდეგ გარემოებებში: ლ. ნ-შვილი 1995 წლიდან 1997 წლის 5 სექტემბრამდე მუშაობდა ... პოლიკლინიკის მთავარ ექიმად. 1997 წლის მარტის თვის დასაწყისში იგი სტუმრად იმყოფებოდა აბაშის რაიონის სოფელ ..., ახლობლების ოჯახში, სადაც გაიცნო ნ. ჯ-ია. ამ უკანასკნელმა ლ. ნ-შვილს დასავლეთ საქართველოში ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხისაგან ჩვილი ბავშვების ყიდვის წინადადება მისცა, რომელთა გაშვილებაც შემდგომში ქ. თბილისში მცხოვრებ უშვილო ოჯახებზე შეიძლებოდა. ლ. ნ-შვილი ამ წინადადებას დაეთანხმა.

1997 წლის მარტის თვეში ნ. ჯ-იამ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ჩვილი გოგონა, რომელიც ლ. ნ-შვილს 700 დოლარად მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა კი ბავშვი 1300 დოლარად გადასცა ერთ-ერთ მოქალაქეს, მასვე გამოუწერა ბავშვის დაბადების ყალბი სამედიცინო მოწმობა.

1997 წლის მაისში ნ. ჯ-იამ და მ. მ-ძემ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან იყიდეს ჩვილი გოგონა, ჩამოიყვანეს თბილისში და 700 დოლარად მიჰყიდეს ლ. ნ-შვილს, რომელმაც ბავშვი 1000 დოლარად მიჰყიდა ერთ ქალბატონს, მასვე ყალბი მოწმობა გამოუწერა, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი.

ლ. ნ-შვილს რამდენჯერმე მიმართეს სხვადასხვა მოქალაქეებმა, რომლებსაც დაუდგენელი პირებისაგან ნაყიდი ჰყავდათ ჩვილი ბავშვები და სურდათ დაბადების სამედიცინო ცნობების შეძენა და ლ. ნ-შვილმა გასცა ყალბი ცნობები.

1998 წლის მარტსა თუ აპრილში (ზუსტი თვე დაუდგენელია) მ. მ-ძემ და ნ. ჯ-იამ დასავლეთ საქართველოში 500 ლარად იყიდეს ჩვილი გოგონა და სურდათ გადაეცათ ლ. ნ-შვილისათვის, მაგრამ, იმის გამო, რომ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით ფულის გაყოფის თაობაზე მასთან უსიამოვნება მოუვიდათ, არ უნდოდათ თვითონ გამოჩენილიყვნენ, რის გამოც დაუკავშირდნენ ნაცნობს ი. დ-შვილს და სთხოვეს, რომ ნაყიდი ბავშვი მიეყვანა ლ. ნ-შვილთან, მიეყიდა 600 დოლარად, საიდანაც თავისი წილის სახით მისცემდნენ 100 დოლარს. მხოლოდ ი. დ-შვილს არ უნდა გაემხილა, რომ მათ გააგზავნეს. ი. დ-შვილმა აღნიშნული დავალება შეასრულა. ლ. ნ-შვილმა ფულის მისაღებად იგი სამი დღის შემდეგ დაიბარა. ლ. ნ-შვილმა ჩვილი გაყიდა ერთ-ერთ უშვილო მოქალაქეზე, რომელსაც გამოუწერა ყალბი ცნობა. სულ ლ. ნ-შვილმა იყიდა და გაყიდა რვა ბავშვი, მანვე დაბადების ყალბი სამედიცინო მოწმობა გააკეთა 10 შემთხვევაში.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი (ამჟამად მოქმედი 63-ე მუხლი) - პირობითი მსჯავრი.

საკასაციო პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და განაჩენის კანონიერება, თვლის, რომ განაჩენი არის კანონიერი და ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: ლ. ნ-შვილის ბრალს ჩადენილ დანაშაულში თვითონაც არ უარყოფს. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა კი სრულად გაითვალისწინეს პასუხისმგებლობის ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც მას გააჩნია და რაზეც მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძვლად. კერძოდ, ბრალის აღიარება, მონანიება, ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ ამასთან სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ის, რომ ჩანადენი მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და რომ მისი როლი გამოკვეთილად აქტიურია.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ლ. ნ- შვილის მიმართ სასჯელის სხვა ღონისძიების ან სხვა შეღავათის გავრცელება. ამასთან, სააპელაციო პალატამ განაჩენიდან სავსებით სწორად, კანონზე დაყრდნობით ამორიცხა მითითება სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით მისი მსჯავრდების შესახებ, თუმცა, სასჯელი - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დაუტოვა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის დასაბუთებიდან და თვით საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოიპოვება სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 აპრილის განაჩენი ლ. ნ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.