საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 07.09.2000
საქმის ნომერი
2კ-42დად.-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.09.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 42დად 7 სექტემბერი 2000 წელი,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: შ. ასათიანი, მ. ისაევი

განიხილა მოქალაქე ვ. ყ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2000 წლის 18 ივნისის დადგენილება ყ. ჩ-ძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2000 წლის 30 მაისს ვ. ყ-შვილმა განცხადებით მიმართა ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს და მოითხოვა ყ. ჩ-ძის, ნ. ს-ძის და ნ. ზ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრა თაღლითობის მუხლით.

ვ. ყ-შვილის განცხადების საფუძველზე ჩატარებული მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1998 წლის 26 ნოემბერს ავსტრალიის ვიზების გასაკეთებლად ყ-შვილმა ს-ძეს და ზ-ძეს გადასცა 4000 ამერიკული დოლარი, მათ 2000 დოლარი უნდა წაეღოთ თურქეთში, ავსტრალიის საკონსულოში, ვიზების გასაკეთებლად, ხოლო დანარჩენი 2000 დოლარი უნდა წაეღოთ მას შემდეგ, როდესაც ვიზები მზად იქნებოდა, ამ საქმეში თავის წარმომადგენლად და თურქეთში გასაგზავნად ზ-ძემ და ს-ძემ დანიშნა ამ უკანასკნელის მეუღლე ჩ-ძე, რომელსაც ასევე უნდოდა ავსტრალიაში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა, ამიტომ ყ-შვილმა ასესხა 1000 დოლარი, რათა დაეჩქარებინა ვიზების გაკეთება. შემდგომში ყ-შვილმა კიდევ გადასცა ჩ-ძეს 400 დოლარი. სულ ჩ-ძემ მიიღო 5400 აშშ დოლარი.

ჩ-ძე ჩავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გაიცნო თურქი მოქალაქე ო. გ-უზი, რომელიც შეჰპირდა ავსტრალიის ვიზების გაკეთებას, რისთვისაც ჩ-ძემ გადასცა 4350 აშშ დოლარი. გ-უზმა არ გაუკეთა ავსტრალიის ვიზები, ჩ-ძეს თანხა აღარ დაუბრუნა და მიიმალა. მოკვლევის ორგანომ მიიჩნია, რომ დანაშაულებრივ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი და ჩ- ძის მიმართ მიიღო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ვ. ყ-შვილი, რომელმაც მოკვლევის ორგანოს დადგენილება გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ საჩივარი განიხილა 2000 წლის 15 აგვისტოს და თავისი დადგენილებით არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა, ხოლო მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება დატოვა ძალაში უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საჩივრით ვ. ყ-შვილი ითხოვს მოკვლევის ორგანოსა და სასამართლოს დადგენილებების გაუქმებას, მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ამასთან, საჩივარში აღნიშნავს, რომ მის განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდა ძალზე ზერელედ, ფაქტობრივად არ იქნა შემოწმებული განცხადებაში აღნიშნული ფაქტები და დაუსაბუთებლად არ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

პალატის სხდომაზე ვ. ყ-შვილმა მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ყ. ჩ-ძემ, ნ. ს-ძემ და ნ. ზ-ძემ მიიჩნიეს, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მათ არ ჰქონიათ ვ. ყ-შვილის მოტყუებისა და თანხის მითვისების განზრახვა. პროკურორმა ე. ღ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, პროკურორის დასკვნა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სწორია საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ მოკვლევის დროს სრულყოფილად არ იქნა შემოწმებული ვ. ყ-შვილის განცხადებაში აღნიშნული გარემოებები. კერძოდ, ყ-შვილი განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ ზ-ძემ, ს- ძემ და ჩ-ძემ მოატყუეს იგი, გაეკეთებინათ ავსტრალიის ვიზის გაკეთებისათვის გამოართვეს 5400 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომ გადასცეს უცნობ თურქს, მაშინ, როდესაც ჯერ ვიზა უნდა გაეკეთებინა, შემდგომ კი ფული მიეცათ.

ყ-შვილმა ასევე აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნული პირები არ იყვნენ არც ერთი ფირმის წარმომადგენლები, მაგრამ ის დაარწმუნეს, რომ დაარსებდნენ საშუამავლო ფირმას, ამიტომ ენდო და გადასცა მათ დიდი ოდენობის თანხა. მოკვლევამ ეს საკითხი მთელი სისრულით არ გაარკვია და მიიღო ნაადრევი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყ-შვილი მიუთითებდა, რომ ის მოატყუა ზ-ძემ, ს-ძემ და ჩ- ძემ. მოკვლევამ კი ზ-ძისა და ს-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი საერთოდ არ გადაწყვიტა და დატოვა ყოველგვარი რეაგირების გარეშე. ეს საკითხიც მოითხოვს შეფასებასა და გადაწყვეტას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 აგვისტოს დადგენილება და ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მ/შემსრულებლის 2000 წლის 18 ივლისის დადგენილება ყ. ჩ-ძის მიმართ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს ნაძალადევის რაიონის პროკურატურას.