საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 23.06.2000
საქმის ნომერი
2კ-65აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 65აპ 23 ივნისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასა-მართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 23 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დ. ჯ-ძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით. მას შეფარდებული ჰქონდა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრუ-ლების კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 17 დეკემბრიდან.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით დ. ჯ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ბოროტად აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი შვილების სარჩოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდას. კერძოდ, მას 1996 წლის 1 ივლისიდან 1999 წლის 1 სექტემბრამდე არ გადაუხდია 38 თვის დავალიანება 999 ლარი.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ჯ-ძე ითხოვს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს შეღავათები ოჯახური პირობების გათვალისწინებით, რადგან ახალი კანონით სსკ-ის 124-ე მუხლი გაუქმებულია და თავისუფლების აღკვეთას აღარ ითვალისწინებს.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის ე. ტ-ის მოსაზრება, რომელმაც იშუამდგომლა დ. ჯ-ძის ქმედების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებაზე, სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმის განსაზღვრას და თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლებას, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ დ. ჯ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი, ხოლო მისი ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (ძველი რედაქცია).

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლი ითვა-ლისწინებს ალიმენტის გადახდისაგან ჯიუტად თავის არიდებას. ამიტომ დ. ჯ-ძის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს მოქმედ კანონზე და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი. იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 176-ე მუხლი სასჯელად აღარ ითვალისწინებს აღკვეთას, მსჯავრდებული დ. ჯ-ძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდის ადგილიდან.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 23 მაისის განაჩენში დ. ჯ-ძის მიმართ შეტანილი იქნეს ცვლილება: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლიდან (ძვველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 176-ე მუხლზე და შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები ერთი წლის ვადით; ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული ერთი დღე გამასწორებელი სამუშაოების სამ დღედ და სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

დ. ჯ-ძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.