საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹37-დად 29 სექტემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: მ. ტურავა
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, გ. ბორჩხაძე
განიხილა პროკურორ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თელავის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის დადგენილების გაუქმების თაობაზე. პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თელავის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 2 ივლისის დადგენილებით გააუქმა კახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 13 აპრილის დადგენილება ა. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თელავის რაიონის პროკურატურაში 1998 წლის 5 მაისს, გ. შ-შვილის მოტაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ 133-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმის გამოძიება შეჩერდა ორჯერ: 1998 წლის 3 ოქტომბრიდან იმავე წლის 2 ნოემბრამდე და 1998 წლის 1 დეკემბრიდან 1999 წლის 11 ოქტომბრამდე. 1999 წლის 8 ნოემბერს საქმე გადაეცა კახეთის საოლქო პროკურატურას, რომელმაც 1999 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება გაუქმდა საქართველოს გენერალური პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2000 წლის 22 თებერვლის დადგენილებით და საქმეზე განახლდა გამოძიება. გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი:
1996 წ. ივლისში ყვარლის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა კ. მ-აშვილმა ქ. თბილისში ე. წ. "შავი გედის“ ბაზრობაზე გასაყიდად ჩაიტანა შვიდი ორმოცდაათლიტრიანი ბალონით არაყი, რომელიც ნისიად დაუტოვა თელავის რაიონის სოფელ ... მცხოვრებ გ. შ-შვილს და მის ნათესავს ნ. მ-ძეს, იმ პირობით, რომ ფულის გადახდაზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო გ. შ-შვილი, ვინაიდან მას იცნობდა ახლოს და ენდობოდა. არყის გაყიდვის შემდეგ გ. შ-შვილმა კ. მ-შვილს გადაუხადა თანხის ნაწილი და გადასახდელი დარჩა 208 ლარი. გ. შ-შვილმა დარჩენილი 208 ლარის გადახდა ვერ მოახერხა, რის გამოც ერთი წლის განმავლობაში კ. მ-შვილი აკითხავდა მას და სთხოვდა მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.
1997 წლის მაისში კ. მ-შვილი ნათესავის, ნ. ლ-შვილის მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით ჩავიდა ქ. თბილისში ე. წ. „შავი გედის“ ბაზრობაზე, სადაც შეხვდა გ. შ- შვილს და მოსთხოვა მიეცა მისი კუთვნილი თანხა _ 208 ლარი, რა დროსაც გ. შ-შვილმა უთხრა, რომ აღნიშნული თანხა მისი გადასახდელი არ იყო, უნდა გადაეხადა მის ნათესავს ნ. მ-ძეს. საუბრის დროს მათთან მივიდნენ გ. შ-შვილის და ა. შ-შვილი, და მისი დისშვილი ა. ბ-შვილი. ა. ბ- შვილის შეკითხვაზე, თუ რას სთხოვდა კ. მ-შვილი გ. შ-შვილს, კ. მ-შვილმა უპასუხა, რომ გ. შ- შვილს ჰქონდა მისი ვალი და არ უბრუნებდა, რის გამოც მას წაიყვანდა თავის სახლში, ფულს ჩაუტანდნენ ახლობლები და ამის შემდეგ წამოიყვანდა. ამის შემდეგ კ. მ-შვილმა გ. შ-შვილი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ა. ბ-შვილთან ერთად ქ. თბილისიდან, სამგზავრო ავტობუსით, მგზავრებთან ერთად, წაიყვანა სოფელ ..., ხოლო ა. ბ-შვილი ავტობუსიდან ჩამოვიდა ქ.თბილისში, „სამგორის'' მეტროსთან. კ.მ-შვილმა გ. შ-შვილი მიიყვანა თავისი საცხოვრებელი ბინის ეზოში არსებულ მცირე ზომის საცხოვრებელ ბინაში, სადაც არავინ არ ცხოვრობდა. გ. შ-შვილი სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კ. მ-შვილის საცხოვრებელ ბინაში და ელოდებოდა ნათესავებს რომლებსაც ფული უნდა ჩაეტანათ.
მეოთხე დღეს კ. მ-შვილის სახლში მივიდნენ გ. შ-შვილის ნათესავები - ა. ბ-შვილი და ა. ს-შვილი. მისვლისას კ. მ-შვილი და მისი ოჯახის წევრები სახლში არ დაუხვდათ, სახლში იმყოფებოდა მხოლოდ გ. შ-შვილი, რომელიც ნათესავების დანახვაზე გამოვიდა გარეთ. ვინაიდან კ. მ-შვილი სახლში არ დახვდათ, ისინი გ. შ-შვილთან ერთად მათივე ავტომანქანით, მეზობლის ა. ა-შვილის დახმარებით წავიდნენ კ. მ-შვილის სანახავად, რომელიც იმყოფებოდა მეზობლის ნ. ც- ელის მიწის ნაკვეთში. მისვლისას ა. ბ-შვილმა კ. მ-შვილს გადასცა 100 ლარი, რის შემდეგაც გ. შოშიაშვილი წაიყვანეს სახლში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ივლისის დადგენილებამ გააუქმა კახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 13 აპრილის დადგენილება ა. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ გამოძიების მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული და ერთობლიობაში განხილული საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები; გამოძიებას არ უმსჯელია ფაქტის შემსწრე მოწმეების: ა. შ-შვილის და ა. ბ-შვილის ჩვენებათა მტკიცებულებით ძალაზე, რადგან ისინი მიუთითებენ კ. მ-შვილის მხრიდან ა. შ-შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების ფაქტზე; ასევე არ მიეცა სათანადო შეფასება თვით გ. შ-შვილის ჩვენებებს, რომელიც მიუთითებს რომ ავტობუსში აყვანის დროს იგი მორალურად იყო დათრგუნული და ამიტომ არ უწევდა წინააღმდეგობას; არ იქნა შესრულებული ზემდგომი პროკურის მითითებები და შენიშვნები.
საჩივრით კახეთის საოლქო პროკურორი, გ. ა-ი მოითხოვს თელავის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდა სრულად, გამოძიებამ სრულყოფილად შეაფასა მტკიცებულებები და გამოიტანა დასაბუთებული და კანონიერი დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ.
პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოუსმინა კ. მ-შვილს, პროკურორ ე. ღ-ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საჩივრის მოთხოვნას, დაზარალებულ გ. შ-შვილს, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის დადგენილების ძალაში დატოვება მისი კანონიერების გამო. პალატამ ცნო, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ საქმის გამოძიების დროს გამოკვლეული და შეფასებული იქნა როგორც ბრალდებულის მამხილებელი, ასევე მისი გამა-მართლებელი გარემოებები. გამოძიებამ, მართალია, ერთის მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის ივლისის თვეში კ. მ-შვილმა, ქ. თბილისის ე. წ. "შავი გედის" ბაზრობიდან თავისთან, ყვარლის რაიონის სოფ. ... წაიყვანა გ. შ- შვილი, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა 4 დღის განმავლობაში, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩათვალა, რომ აღნიშნული ქმედებები განხორციელდა გ. შ-შვილის თანხმობით და ამის გამო საქმე არ შეიცავდა სსკ 1331 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს. აღნიშნულის დასასაბუთებლად გამოძიებამ მიუთითა შემდეგ ფაქტებზე:
1. გ. შ-შვილი ,,გედის ბაზრის" ტერიტორიიდან წაყვანილ იქნა ნებაყოფლობით, რაც მტკიცდება შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ვ. მ-ელის, ნ. ლ-შვილის, ნ. ბ-ძის ჩვენებებით. მათი ჩვენებებითვე დგინდება, რომ ეს მოხდა მის ახლობლებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. გ. შ-შვილის და - ა. შ-შვილი და მისი დისშვილი ა. ბ-შვილი აჩვენებენ, რომ მათ გ. შ- შვილის კახეთში წაყვანისთვის რაიმე აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეები ვ. მ-ელი, ნ. ლ-შვილი და ნ. ბ-ძე მიუთითებენ, რომ გ. შ-შვილის კახეთში წაყვანის ინიციატივა სწორედ მისი ნათესავებისგან მოდიოდა.
2. გ. შ-შვილს ავტობუსით მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უმგზავრია: მოწმე ნ. ლ- შვილის ჩვენებით და თვით დაზარალებულ გ. შ-შვილის ჩვენებითაც დგინდება, რომ ამ უკანასკნელს ავტობუსში ყოფნისას, კახეთში წასვლისადმი რაიმე წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. გ. შ-შვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ იგი იყო მორალურად დათრგუნული და შეურაცხყოფილი, რის გამოც საშველად არავისთვის უხმია.Lპალატა თვლის, რომ თუნდაც ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება იქნეს გაზიარებული, იგი უკანონოდ მძევლად აყვანის ფაქტს უშუალოდ მაინც არ ადასტურებს.
3. საქმის გამოძიებისას ვერ იქნა მოპოვებული ვერც ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც გ. შ-შვილის დაბმის ფაქტზე უშუალოდ მიუთითებდა. მეორეს მხრივ, მოწმეების, ი. ჯ- ძის, დ. ლ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ა. ა-შვილის და სხვათა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ. შ-შვილი სახლში ხშირად იმყოფებოდა მარტო, მეზობლებს ეთამაშებოდა ხან ნარდს, ხან შაშს, მათთან ერთად საღამოობით უყურებდა ტელევიზორს. მოწმეებმა თავისი ჩვენება დაადასტურეს გ. შ- შვილთან დაპირისპირების დროსაც, მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგი ამ ფაქტის არსებობას თვით გ. შ-შვილიც ადასტურებს. გამოძიების მსვლელობისას ვერ იქნა მოპოვებული უკანონო თავისუფლების აღკვეთის მადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება - ჯაჭვი. ასევე, შემთხვევის მოხდენიდან დაზარალებულის მიერ განცხადების შეტანამდე (6 თვე) ხანგრძლივი დროის გასვლის გამო ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება გ. შ-შვილის სხეულზე მისი კვალის აღმოსაჩენად.
4. გამომძიებელს საქმის შეწყვეტის დადგენილებაში მნიშვნელოვან მტკიცებულებად მოჰყავს ის ფაქტი, რომ სოფ. ახალსოფელში ჩასვლისას გ. შ-შვილის ნათესავებს ა. ბ-შვილს და ა. ს-შვილს კ. მ-შვილი და მისი ოჯახის წევრები სახლში არ დაუხვდათ. სახლში იმყოფებოდა მხოლოდ გ. შ-შვილი, რომელიც ნათესავების დანახვაზე გამოვიდა გარეთ. ვინაიდან კ. მ-შვილი ვერ ნახეს, ისინი მეზობლის დახმარებით წავიდნენ მის მოსაძებნად და იპოვეს გ. ც-ელის მიწის ნაკვეთში. პალატა იზიარებს დადგენილების საფუძვლებს ამ ნაწილში და თვლის, რომ ეს ფაქტი, რომლის არსებობასაც არც გ. შ-შვილი უარყოფს, დაზარალებულის ქცევის ნებაყოფლობით ხასითზე მიუთითებს.
5. ბოლოს, შეკრებილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოძიება დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ გ. შ-შვილს „შავი გედის" ბაზრობიდან მისი წაყვანიდან სოფ. ... მისი ნათესავების ჩასვლამდე ჰქონდა გაქცევის ან ვინმეს საშველად მოხმობისა შესაძლებლობა, რაც მას არ გამოუყენებია. აღნიშნული, პალატის აზრით, კვლავ დაზარალებულის თანხმობის არსებობაზე მიუთითებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის 2000 წლის 13 აპრილის დადგენილება ა. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია. შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ივლისის დადგენილება უნდა გაუქმდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ. 560-ე, 561-ე მუხლის ,,ე" პუნქტით, 563-ე, 564-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კახეთის საოლქო პროკურორის გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თელავის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის დადგენილება გაუქმდეს.