საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.03.2000
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22აპ 24 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე

მოსამართლეები: გ. ხაბულიანი, რ. შველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 იანვრის განაჩენზე, რომლითაც: ი. ბ-შვილი, ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე, სტუდენტი, უცოლშვილო, უპარტიო, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით ი. ბ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ 1998 წლის 03 საათზე თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ "ბადაგში" თავში ბოთლი ჩაარტყა ლ-შვილს და მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

საკასაციო საჩივარში, მსჯავრდებულ ი. ბ-შვილის ადვოკატი გ. გ-ე უთითებს, რომ ი. ბ-შვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, პირველადაა სამართლაში, სტუდენტია, არის 20 წლის ახლაგაზრდა, ცუდ საქციელში არასოდეს შემჩნეული არ ყოფილა, რაც იძლევა საფუძველს მის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისა სსკ 46-ე მუხლის გამოყენებით.

პროკურორი ლ. ყ-ი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას. მსჯავრდებული ი. ბ-შვილი და მისი ადვოკატი გ. გ-ე ითხოვენ სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის შემსუბუქებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ არის საფუძველი ი. ბ-შვილის მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ 46-ე მუხლი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

ი. ბ-შვილი პირველადაა სამართალში, არის 20 წლის ახალგაზრდა, დადებითად ხასიათდება საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სასწავლო ცენტრიდან, სადაც სწავლობს პირველ კურსზე, ასევე დადებითად ხასიათდება 31-ე სა-შუალო სკოლის კოლექტივისაგან, რომლის კურსდამთავრებულიცაა, თბილისის ... ქუჩის მცხოვრებლები, მისი მეზობლები, მას დადებითად ახასიათებენ როგორც წესიერ ახალგაზრდას.

პალატა ითვალისწინებს, აგრეთვე, იმასაც, რომ ი. ბ-შვილი 7 თვე პატიმარია, სსკ 111-ე მუხლი ალტერნატიულად ითვალისწინებს სასჯელის არასაპატიმრო ღონისძიებასაც. აგრეთვე, იმასაც, რომ სსკ 111-ე მუხლი არ განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, მისი დადებითი პიროვნეული მახასიათებლებიდან და დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, არის საფუძველი მის მიმართ სსკ 46-ე მუხლის _ პირობითი მსჯავრდების _ გამოყენებისა.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ-შვილის ადვოკატის გ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 იანვრის განაჩენში _ ი. ბ-შვილის მიმართ _ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

მსჯავრდებული ი. ბ-შვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ის ფაქტი, რომ დამნაშავეს მიმალვაში ყოფნის პერიოდში ახალი დანაშაული არ ჩაუდენია, არ არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება.