სასჯელის აღსრულება გადაევადა გამოჯანმრთელებამდე

სისხლის სამართლის 06.08.2001
საქმის ნომერი
2კ-18შ.-2001
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
06.08.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 18-შ 6 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე განიხილა მსჯავრდებულ ა. ო-ძის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 30 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ა. ო-ძე, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით, 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, ერთობლივად შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 12 იანვრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ა. ო-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1993 წლის ოქტომბრის თვეში სენაკის რაიონის სოფ. ხორშში, გამოძიებიღ დაუდგენელი პირებისაგან უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა საბრძოლო მასალა. “რპგ” ტიპის ორი ხელყუმბარა, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა სახლში და ატარებდა.

1998 წლის 24 აპრილს ა. ო-ძეს თავისი კუთვნილი ტრაქტორით, ახლობლებთან: ა., ტ. და თ. გ-ავებთან ერთად მივიდა სოფლის სასაფლაოზე, სადაც გამართული იყო ამ უკანასკნელის მამის ტ. გ-ავას გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით პანაშვიდი. სასაფლაოზე ყოფნისას, ა. ო-ძემ დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, პანაშვიდის დამთავრების შემდეგ ა. ო-ძემ, ა., თ. და ტ. გ-ავები ტრაქტორით ჩაიყვანა ტ. გ-ავას სახლამდე, სადაც განსვენებულის სახელზე სუფრა იყო გაშლილი. ა. ო-ძემ სუფრასთან დაჯდომამდე, ტრაქტორი მიიყვანა სახლში და შემდგომ ისევ დაბრუნდა ტ. გ-ავას ოჯახში, სადაც ხალხი უკვე დამჯდარი იყო მაგიდასთან. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ო-ძემ, განაწყენებულმა იმით, რომ სუფრა მის მისვლამდე იყო დაწყებული, დატოვა ტ. გ-ავას სახლი და გადაწყვიტა სახლიდან წამოეღო უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარები, რათა ჩაედინა ტ., ა., თ. გ-ავების განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით, დაახლოებით 20 საათზე მან სახლიდან გამოიტანა ორი ცალი ხელყუმბარა, მოხსნა დამცავი რგოლი და გაემართა ტ. გ-ავას სახლისაკენ. გზაზე მისი შეჩერება სცადეს შვილებმა გ. და შ. ო-ძეებმა, მაგრამ იგი არ დაემორჩილა მათ, უფრო მეტიც შესაშინებლად ერთი ხელყუმბარა გადააგდო და ააფეთქა სახლის უკანა მხარეს, რის შემდეგ იგი წავიდა გინებით გ. გ-ავას სახლის მიმართულებით. აფეთქებისა და გინების ხმაზე ტ. გ-ავას სახლიდან გამოვიდა ტ. თ., ა. გ-ავები, გ. ბ-ია და სხვები. ა. ო-ძე იგინებოდა ტ. გ-ავას და მისი ახლობლების მისამართით. მისი ხულიგნური მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით. ხულიგნობის აღვეთას და განსასჯელის დაწყნარებას შეეცადნენ ა. გ-ავა, თ. გ-ავა სხვა მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, ა. ო-ძე არ ემორჩილეოდა და მათ დასაზიანებლად ცდილობდა სპეციალურად მომარჯვებული ხელყუმბარის გამოყენებას. ბოროტი ხულიგნობის დროს, ა. ო-ძემ განაწყენებულმა მასზე, რომ ტ. გ-ავას ოჯახში მის გარეშე დაიწყეს სუფრა, უმნიშვნელო საბაბით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნიდა მრავალ პირთა სიცოცხლეს, განსაკუთრებული სისასტით ახლობლების და შვილების თანდასწრებით ტ., ა., თ. გ-ავების, მ. ჩ-ანის, გ. ბ-იას მოკვლის მიზნით გადააგდო და ააფეთქა ხელყუმბარა, რის შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ტ. გ-ავა, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზანებები მიიღო თ. გ-ავამ, ხოლო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები გ. ბ-იამ, მ. ჩ-ანმა და ა. გ-ავამ. აფეთქების შედეგად დაზიანდა ა. გ-ავას სახლი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიიღო 575 ლარის მატერიალური ზარალი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საჩივრით მსჯავრდბული ა. ო-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და პატიმრობიდან გათავისუფლებას, რითაც უთითებს შემდეგ გარემოებებზე: მას გ-ავას მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა, არამედ ოჯახური სიდუხჭირის გამო უნდოდა საკუთარი თავის აფეთქება, რაშიც ხელი შეუშალეს ნათესავებმა და ხელყუმბარა ხელიდან გააგდებინეს, რამაც გამოიწვია აფეთქება. აფეთქების შედეგად თვითონ მიიღო უმძიმესი დაზინება, გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი და არის ლოგინს მიჯაჭვული. დაზარალებული მხარე არ უჩივის და ითხოვს მის გათავისუფლებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამჟამად არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და სხვათა დახმარების გარშე გადაადგილება არ შეუძლია.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებული ა. ო-ძე ითხოვს პატიმრობიდან გათავისუფლებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ს. უ-ძემ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. ო-ძის საპატიმრო ადგილებში ყოფნა ყოვლად მიზანშეუწონელია, რადგან იგი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, დაპატიმრების დღიდან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. დაზარალებული მხარე შეურიგდა და ითხოვს მის გათავისუფლებას, ამჟამად არის მწოლიარე მდგომარებაში და სხვა პირთა დახმარების გარეშე არ შეუძლია გადაადგილება.

დაზარალებულმა თ. გ-ავამ პალატის წინაშე იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ ა. ო-ძეს შეეცვალოს შეფარდებული სასჯელი და გათავისუფლებულ იქნეს პატიმრობიდან.

პროკურორმა მ. ჯ-ძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ო-ძე არის მძიმე ავადმყოფი, იშუამდგომლა შეფარდებული სასჯელის აღსრულების გადავადება გამოჯანმრთელებამდე და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ო-ძეს განაჩენით შეფარდებული სასჯელის აღსრულება უნდა გადაევადოს გამოჯანმრთელებამდე შემდეგ გარემეობათა გამო: მსჯავრდებულ ა. ო-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც თვით ო-ძის ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებების, ასევე დაზარალებულების ა. გ-ავას, თ. გ-ავას, თ. გ-ავას, მ. ჩ-ანის, მოწმეების ვ. გ-ავას, ნ. გ-ავას ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. ამასთან დადგენილია, რომ მსჯავრდბეული ა. ო-ძე არის მძიმე ავადმყოფი, მასვე დაესვა დიაგნოზი თავისა და ზურგის ტვინის მძიმე დახურული ტრავმის შემდგომი მყარი ნარჩენის მოვლენებით, მარცხენა მხრივი ჰემოპარეზისა და მიელოენცეფალოპათის სახით. ტრავმული ჩირქოვანი მეზოტამპანიტი, მარცხნივ თითქმის მთელი სიყრუით. ფეთქებადი ნივთიერებით მიყენებული მრავლობითი წვრილი ჭრილობების შემდგომი ნაწიბურები მთელი ზურგის უკანა ზედაპირზე, კიდურებზე. მარცხენა მტევნისა და თითების მკვეთრი მოხრითი კონტრაქურა. მე-5 თითის ამპუტანციის შემდგომი დეფექტით. ტრავმის შემდგომი სტრესული სინდრომი, დაზიანებები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათ მძიმე ხარისხს.

საექიმო-სამედეცინო კომისიის დასკვნით ა. ო-ძეს 1999 წლის 24 მაისს მიენიჭება ინვალიდობის პირველი ჯგუფი მუდმივად. ამავე დასკვნაში მითითებული, რომ ა. ო-ძე არის მძიმე ავადმყოფს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ 2001 წლის 23 მარტსა და 2 აგვისტოს გაცემული ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ ა. ო-ძე არის მწოლიარე ავადმყოფი და მას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა, გადაადგილება არ შეუძლია.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ო-ძეს განაჩენით შეფარდებული სასჯელის აღსრულება უნდა გადაევადოს გამოჯანმრთელებამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 680-ე მუხლის მე-12 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლისა სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 30 ივლისის განაჩენში ა. ო-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. მას განაჩენით შეფარდებული სასჯელის აღსრულება გადაევადოს გამოჯანმრთელებამდე და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.