საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.10.2001
საქმის ნომერი
2კ-33შ.-2001
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
01.10.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33-შ 1 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ნ. სხირტლაძე

განიხილა პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ქ. თბილისის ვაკის ¹2 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული გ. ა-ძის შუამდგომლობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე და 75-ე მუხლების შესაბამისად დეპუტატობის სხვა კანდიდატთა თანაბარი უფლებების განხორციელების შესაძლებლობის მიცემის შესახებ. ანალოგიური თხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა ი. ბ-შვილმა, მ. ჯ-შვილმა და მსჯავრდებულმა გ. ა-ძემ დააკონკრეტეს შუამდგომლობა და ითხოვეს გ. ა-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა პირადი თავდებობით.

პალატის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 17 დეპუტატის ხელმოწერით წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვენ გ. ა-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და კისრულობენ პირად თავდებობას.

წარმოდგენილი იქნა აგრეთვე ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების საკოორდინაციო საბჭოს წერილი, რომელიც მხარს უჭერს შემოსულ შუამდგომლობებს.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ა-ძეს, დაბადებულს .. წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. ..ში, ცოლშვილიანს, ნასამართლობის არმქონეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს განაჩენით მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას განაჩენით, რომელიც გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, მსჯავრი დაედო შემდეგი ბრალდებებით: იგი არის რა საქართველოს მოქალაქე, ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი; მანვე, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით 1998 წლის 9 თებერვალს ჩაიდინა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართ ტერორისტული აქტის მცდელობა; მანვე, ამ ტერორისტული აქტის მცდელობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში, სახელდობრ - ისეთი საშუალებებით, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დაზარალებულთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განზრახ ჩაიდინა რამდენიმე პირის – საქართველოს პრეზიდენტის დაცვის თანამშომელთა მკვლელობის მცდელობა; მანვე, ამ ტერორისტული აქტის მცდელობის დროს, აფეთქებითა და სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით ჩაიდინა სხვისი ნივთის (სახელმწიფო ქონების) განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი; მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი, ანუ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მანვე, წინასწარი შეცნობით შეიძინა და გამოიყენა ყალბი დოკუმენტები.

გ. ა-ძე პატიმრობაში იმყოფება 1998 წლის 19 მარტიდან. საქმის სასამართლო განხილვის დროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს სსსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ძის პატიმრობის ვადა გაგრძელებული არის 2001 წლის 17 ნოემბრამდე.

ზემოაღნიშნულ განაჩენზე გ. ა-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომაზე დანიშნულია 2001 წლის 15 ოქტომბრისათვის.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. ა-ძემ, ადვოკატებმა მ. ჯ-შვილმა და ი. ბარათაშვილმა ითხოვეს შუამდგომლობის დაკმაყოფილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

პროკურორმა გ. ტ-მა მხარი არ დაუჭირა რა შუამდგომლობათა მოთხოვნას, განმარტა: გარდა იმისა, რომ გ. ა-ძე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენით მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით და შეფარდებული აქვს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა, იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ჯგუფურად პატიმრობის ადგილიდან გაქცევისათვის და საქმე განსახილველად წარმართულია რაიონულ სასამართლოში. ამდენად, მის მიმართ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ საკასაციო საჩივრის განხილვამდე, დასაშვებად უნდა ჩაითვალოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ა-ძისა და ზემოთ აღნიშნულ სხვა შუამდგომლობათა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მის მიმართ კანონიერ ძალაში არ შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პალატა საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ შედის გ. ა-ძის მიმართ სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენის კანონიერებისა და შეფარდებული სასჯელის სამართლიანობის შეფასებაში, ვინაიდან საქმის მასალებს არსებითად სწავლობს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა. კონსტანტაციას ვუკეთებთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ის პატიმრობაში იმყოფება საპროცესო ნორმების დაცვით და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით მისჯილი აქვს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც საქმის განმხილველმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, რაც ეფუძნება კონკრეტულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, აუცილებლად ჩათვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

აღნიშნული განაჩენის კანონიერებას უახლოეს პერიოდში, სახელდობრ, 2001 წლის 15 ოქტომბერს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება მსჯავრდებულის ბრალეულობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სავალდებულო წესით არ ითვალისწინებს თავისუფლებააღკვეთილი პირის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ა-ძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული პატიმრობის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის და საქმე განსახილველად გადაგზავნილია სასამართლოში.

პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია ხელი შეეშალოს რაიონულ სასამართლოში და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომაზე გ. ა-ძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეთა განხილვასა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

პალატა იზიარებს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 73-ე მუხლის პირველი პუნქტის სულისკვეთებას საარჩევნო სუბიექტების კანდიდატთა თანასწორი უფლებებით სარგებლობის თაობაზე, მაგრამ ამასთან განმარტავს, რომ მას არა აქვს აბსოლუტური ხასიათი და ის არ გამორიცხავს მისი იმპლიციტური შეზღუდვის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღმკვეთი ღონისძიება არ ზღუდავს პარლამენტის წევრობის კანდიდატის უფლებას იმ ხარისხამდე, რომ მას დაეკარგოს პასიური საარჩევნო უფლების რეალური განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, ასეთი შეზღუდვა არ გამორიცხავს ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას თავისი შეხედულებით აირჩიოს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები (იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 02.03.87 წ. გადაწყვეტილება საქმეზე – მატიე-მოენი (MAთHIEU-MOHIN) და კლერფეიტი (ჩLEღFAYთ) ბელგიის წინააღმდეგ).

გადაწყვეტილების მიღების დროს პალატა მხედველობაში იღებს ,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კრიტერიუმთა შესახებ” პარიზის 1994 წლის 26 მარტის საერთაშორისო დეკლარაციის მესამე თავის მე-7 პუნქტის დებულებას იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამონაკლისის სახით, შეიძლება შეიზღუდოს ეროვნული უშიშროების, ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და მორალის დაცვის, აგრეთვე რიგ სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. ანალოგიურ შეზღუდვათა გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” 1966 წლის საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლი და “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ გამონაკლისის სახით ასეთი შეზღუდვის გამოყენების შესაძლებლობასთან გვაქვს საქმე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ა-ძის შუამდგომლობა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და ამავე საკითხზე შემოსული სხვა შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს მათი უსაფუძვლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.