ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.05.2000
საქმის ნომერი
2კ-33-კოლ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33-კოლ 17 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მერაბ ტურავა

წევრები: შ. ასათიანი, მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ელის ინტერესების დამცველი ადვოკატის გივი მ-ის და დაზარალებულ შ. ვ-შვილის საკასაციო საჩივრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 10 მარტის განაჩენზე, რომლითაც: გ. ხ-ელი, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, დროებით უმუშევარი, სამართალში არყოფილი, მცხ. ქ. თბილისში ..., ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, გ. ხ-ელს მსჯავრი დაედო იმისთვის, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის

გარეშე შენახვა და ტარება. მანვე შურისძიების მოტივით, ისეთი საშუალებით და ისეთ ვითარებაში, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, ჩაიდინა განზრახი მკვლელობა. განაჩენის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:

გ. ხ-ელმა 1992 წლის იანვარში ქალაქ თბილისში, "ალექსანდროვის" ბაღში უკანონოდ შეიძინა პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, რასაც უკანონოდ ატარებდა და ინახავდა.

მანვე, 1999 წლის 22 ივლისს, შურისძიების მოტივით, ისეთი საშუალებით და ისეთ ვითარებაში, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, ,,ბრაუნინგის" სისტემის პისტოლეტიდან შვიდი გასროლით ჩაიდინა ნ. ვ-შვილის განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით იგი შეიარაღებული მივიდა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკაში, შეაღო ოთახის კარები და როდესაც ნახა, რომ ნ. ვ-შვილის კაბინეტში უცხო პირები იმყოფებოდნენ, აღარ შევიდა და კორიდორში დაელოდა. ნ. ვ-შვილმა შენიშნა გ. ხ-ელი და რამდენიმე წუთში თვი-თონ გამოვიდა მასთან სალაპარაკოდ. ამ დროს, გ. ხ-ელმა, დაახლოებით 1,5 მეტრი მანძილიდან, მოახდინა შვიდი გასროლა მისაღები ოთახის კარებთან მდგომი ნ. ვ-შვილის მიმართულებით. შვიდივე ტყვია მოხვდა ნ. ვ-შვილს, რის შე-დეგადაც იგი გარდაიცვალა. ერთმა ტყვიამ შეაღწია ნ. ვ-შვილის სამუშაო ოთახ-ში და მოხვდა საწერ მაგიდის უკან კედელზე აკრულ ფიცარს, რითაც რეალური საფრთხე შეუქმნა მისაღებ და სამუშაო ოთახში მყოფი პირების სიცოცხლეს.

ჩადენილი მკვლელობის მიზეზი იყო ის, რომ გ. ხ-ელის დედა - მ. მ- შვილი 1989 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ... პოლიკლინიკაში ექიმ- ინფექციონისტად. ამ პოლიკლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა ნ. ვ-შვილი. გ. ხ-ელისათვის გახდა ცნობილი, რომ პოლიკლინიკის მთავარ ექიმს - ნ. ვ- შვილს დედამისთან ჰქონდა ინტიმური კავშირი. დედამისი სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა, ვინაიდან იგი გასამართლებულ იქნა სსკ-ის 252-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით. ყოველივე ამაში მსჯავრდებული და დედამისი ხედავენ ნ. ვ-შვილის ხელს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მან მოუწყო მ. მ-შვილს დანაშაულის პროვოკაცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, რასაც მიაღწია კიდეც. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გ. ხ-ელისათვის და იგი რამდენიმე ხნის განმავლობაში ფიქრობდა შური ეძია ნ. ვ-შვილზე, რაც სისრულეში მოიყვანა მისი განზრახი მოკვლით.

მსჯავრდებულმა გ. ხ-ელმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ-ემ საკასაციო საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე გამოხატეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 10 მარტის განაჩენი გ. ხ-ხელის მიმართ უკანონოა, ვინაიდან, მათი აზრით, არასწორადაა შეფასებული წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებუ-ლებები და მოითხოვეს განაჩენში ცვლილებების შეტანა. ისინი არ უარყოფენ მსჯავრდებულის მიერ შურისძიების მოტივით ნ. ვ-შვილის მკვლელობას, მაგრამ უარყოფენ განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხულ მკვლელობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, თითქოს მას ამოძრავებდა სუბიექტური ნება - ამ მკვლელობით საფრთხეში ჩაეგდო მრავალ პირთა სიცოცხლე, ესე იგი მსჯავრდებულის განზრახვას მკვლელო-ბის დამამძიმებელი გარემოებისადმი, რაც გვაძლევს სსკ-ის 104-ე მუხლის შემადგენ-ლობას. დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასამტკიცებლად იყენებს იმ არგუმენტს, რომ როცა გ. ხ-ელმა შეიხედა ნ. ვ- შვილის სამუშაო ოთახში, არ მოახდინა გასროლა სწორედ იმიტომ, რომ ოთახში ორი უცხო პიროვნება იყო, რომელთა სიცოცხლესაც გასროლით საფრთხე შეექმნებოდა. გ. ხ-ელმა მხოლოდ მაშინ მოახდინა გასროლა, როცა ნ. ვ-შვილი სამუშაო ოთახიდან გამოვიდა და მიხურა კარები. გ. ხ-ელმა მსხვერპლს მოკლე მანძილიდან ესროლა შვიდჯერ და შვიდივე ტყვია მოახვედრა. ადვოკატის პოზიციით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ამ შვიდი ტყვიიდან ერთ-ერთი რომ მოხვედროდა სხვა პირს, მეორე სასიკვდილო შედეგის დადგომა ვერ დაკვალიფიცირდებოდა განზრახ მკვლელობად, არამედ მისი დაკვალიფიცირება მოხდებოდა როგორც გაუფრთხილებლობითი მკვლელობა.

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც საფუძვლად დაედო 104-ე მუხლით კვალიფიკაციას. განსაკუთრებით მას საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მკვლელობიდან თვენახევრის შემდეგ 9 წლის ბავშვმა გ. ვ-შვილმა მამამისის სამუშაო ოთახში კედელზე შეამჩნია ტყვიის გულა, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ვერ ნახა თვით ჩუღურეთის რაიონის პროკურორმა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და იურიდიული შეფასებების შინაარსის გადმოცემის შემდეგ კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ხ-ელის ქმედებაში არის სსკ-ის 105-ე მუხლით და 238-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებათა ნიშნები და შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა მას მოეხსნას 104-ე მუხლით წაყენებული ბრალდება და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სსკ-ის 45-ე მუხლის საფუძველზე, შეუფარდოს მას სსკ-ის 105-ე მუხლით გათ-ვალისწინებულ მინიმალურ სასჯელზე უფრო დაბალი სასჯელი. მსჯავრდებული დაეთანხმა მისი ადვოკატების პოზიციას და მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაზარალებულმა შ. ვ-შვილმა თავის საკასაციო საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე, ისევე როგორც მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. ბ-მა მიიჩნიეს, რომ ჩადენილი ქმედებები სწორადაა დაკვალიფიცირებული, მაგრამ ლმობიერად ჩათვალეს განაჩენით დადგენილი სასჯელი. ამიტომ მოითხოვეს გ. ხ-ელის მიმართ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გამოხატა პოზიცია, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სავსებით დადასტურებულია. გ. ხ-ელის მიერ ჩადენილ ქმედებათა კვალიფიკაცია ჩათვალა სწორად. ასევე ჩათ-ვალა, რომ მას სასჯელი სწორად აქვს შეფარდებული ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათის, ბრალის ხარისხის და მსჯავრ-დებულის პიროვნების გათვალისწინებით. პროკურორი არ დაეთანხმა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას ქმედების სსკ-ის 105-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ. პროკურორმა ჩათვალა, რომ უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 10 მარტის განაჩენი გ. ხ-ელის მიმართ კანონიერია და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატამ განიხილა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, მოისმინა რა მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, დაზარალებულის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და პროკურორის პოზიცია, საქ-მის მასალებიდან გამომდინარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ხ-ელისადმი წარდგენილი განზრახი მკვლელობის ბრალდებები, საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობით, სავსებით დადასტურებულია. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება ჩადენილი ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა გ. ხ-ელის ქმედება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, როგორც განზრახი მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არაფრით არ გამომდინარეობს, რომ გ. ხ-ელმა თავისი მოქმედებით ობიექტურად საფრთხე შეუქმნა მრავალ პირთა სიცოცხლეს და რომ მკვლელობის ამ მაკვალიფიცირებელი ნიშნით მოცული იყო დამნაშავის სუბიექტური ნება. მსჯავრდებულს ჰქონდა დანაშაულის მსხვერპლისათვის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და სწორედ იმ მიზნით, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლისათვის არ შეექმნა საფრთხე, მის სამუშაო ოთახში კი არ ესროლა, არამედ შეგნებულად დაელოდა მის გარეთ გამოსვლას, სადაც მოკლე მანძილიდან რამდენიმე ტყვია ესროლა, რომელთაგან არც ერთი არ აცდენია მსხვერპლს. მართალია, დანაშაულის ჩადენიდან თვენახევრის გავლის შემდეგ დანაშაულის მსხვერპლის მცირეწლოვანმა შვილმა მამის სამუშაო ოთახის კედელზე აღმოაჩინა ტყვიის გუ-ლა, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს პროკურორმა ვერ დაინახა, მაგრამ ეს ფაქტი არ არის საკმარისი გ. ხ-ელისათვის განზრახი მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების ბრალად შერაცხვისათვის. ასეთი მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვის დროს აუცილებელია ამ გარემოების მიმართ მსჯავრდებულის სუბიექტური დამოკიდებულების დადგენა, კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს განზრახვა, რომ ასეთი საშუალებით ჩადის განზრახ მკვლელობას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომ-დინაარე, არ დგინდება.

ამდენად, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ხ-ელის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს 105-ე მუხლზე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. ხ-ელს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები-სათვის სწორად დაუნიშნა სასჯელი. მსჯავრდებულის ბრალის ხარისხს და პიროვნებას შეესაბამება 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რითაც შეიძლება მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იგი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან არ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო კოლეგია თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ელის მიმართ უნდა შეიცვალოს დანაშაული კვალიფიკაცია, ხოლო განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ- ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ხ-ელის ინტერესების დამცველი ადვოკატის გივი მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაზარალებულ შ. ვ-შვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ იქნეს გაზიარებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 10 მარტის განაჩენში გ. ხ-ელის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 105-ე მუხლზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში, სსსკ-ის 593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით.