დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.04.2012
საქმის ნომერი
8აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.04.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹8აგ-12 ქ. თბილისი

23 აპრილი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-17,105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით რ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-17,105-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 110-ე მუხლზე და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო თბილისის მე- კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ დაზარალებულ გ. ხ-ის სახელზე 1997 წლის 22 სექტემბერს შედგენილი ავადმყოფის სამედიცინო ბარათი (ექიმი გ-ე, განყოფილების გამგე კ-ე).

რ. ხ-მა საჩივრით მიმართა პროკურორს და მოითხოვა გ-ისა და კ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაზეც პროკურორმა თ. დ-მა 2004 წლის 8 თებერვალს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც რ. ხ-მა გაასაჩივრა იმავე რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა აღნიშნული დადგენილების გაუქმება.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის დადგენილებით რ. ხ-ს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

2004 წლის 7 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა რ. ხ-ის შუამდგომლობა, რომ რიგი საკითხები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მეშვეობით გადაწყვეტილიყო.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2004 წლის 21 ივლისის ¹--- დასკვნით გ. რ-ის ძე ხ-ს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გაიგზავნა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში და გავლენა იქონია 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი. თავის მხრივ, აღნიშნული დასკვნა დაეყრდნო კ. გ-ას მიერ 2004 წლის 16 ივლისს შედგენილ დასკვნას.

რ. ხ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს და მოითხოვა კ. გ-ას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაზეც პროკურორის თანაშემწე ხ. ლ-ამ 2005 წლის 25 მარტს გამოიტანა დადგენილება კ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც რ. ხ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა რ. ხ-ის საჩივრის მოთხოვნა: გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურორის თანაშემწე ხ. ლ-ას 2005 წლის 25 მარტის დადგენილება კ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები გადაეგზავნა შესაბამის პროკურორს წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით.

2008 წლის 26 მაისს ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ყ-მა გამოიტანა დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

2012 წლის 19 მარტს რ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილების გაუქმება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა და საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით რ. ხ-ის შუამდგომლობა წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილების გაუქმებისა და მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

კასატორი _ რ. ხ-ი ითხოვს თავისი საკასაციო საჩივრის განხილვას 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმებას, საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გამოიკვლევს ჯ. მ-ის დადგენილებას და გადაწყვეტს საკითხს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და საქმიდან ამოღების შესახებ; ასევე _ 2012 წლის 19 მარტის საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს მისი საჩივარი უნდა განეხილა 1999 წლის 15 მაისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ: სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილება გადაისინჯება მოქმედი კანონით დადგენილი წესით, რამდენადაც უკვე დასრულებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის სასამართლო განხილვა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა (რაც გულისხმობს კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებას) არც დაწყებულა, მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება, რაც შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

კასატორი შუამდგომლობს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო არა სასამართლო გადაწყვეტილების, არამედ პროკურორის დადგენილების გაუქმებას და მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, რაც არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება მსჯავრდებულ რ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.