განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-599-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5991-13 19 მარტი, 2013 წელი

მ-ე ა 5991-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ნ. ე-ს

მსჯავრდებულ - ა. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან სასჯელი უნდა მოიხადოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული დრო - 2000 წლის 2 აპრილიდან 2002 წლის 29 ოქტომბრამდე, შემდეგ კი პატიმრობა ჩაეთვალოს დაკავების დღიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 4 წელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2000 წლის 2 აპრილიდან 2002 წლის 29 ოქტომბრამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 18 წლით, 5 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 26 ივნისიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 17 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 4 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ ა. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის და 9 თვის ვადით.

მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2002 წლის 2 აპრილიდან 2002 წლის 29 ოქტომბრამდე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წელი, 2 თვე და 3 დღე. მას ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 26 ივნისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ა. მ-ე ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2003 წლის 26 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2000 წლის 2 აპრილიდან 2002 წლის 29 ოქტომბრამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლითა და 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული საბოლოო სასჯელის - 15 წლის, 2 თვისა და 3 დღის - მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2003 წლის 26 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2000 წლის 2 აპრილიდან 2002 წლის 29 ოქტომბრამდე.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია