განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№6461-13 20 მარტი, 2013 წელი
ა-ი გ 6461-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ქ. პ-ს
მსჯავრდებულ - გ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 10 იანვრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 23 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული გ. ა-ი არის წარსულში ნასამართლევი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლით (ძვ.რედაქცია), რისთვისაც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი 2003 წელს პირობით ვადამდე - 1 წლითა და 11 თვით ადრე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ნასამართლობის გაქარწყლებისათვის უნდა გასულიყო 6 წელი, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის დროისათვის გასული იყო. ამდენად, იგი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
ამდენად, მსჯავრდებულ გ. ა-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 10 იანვრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ა-ს გაუნახევრდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 10 იანვრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე