დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.03.2013
საქმის ნომერი
2კ-814-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№8141-13 26 მარტი, 2013 წელი

ლ-ე მ., 8141-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ყ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2002 წლის 31 იანვარს, პირობით, 3 თვითა და 13 დღით გამოსაცდელი ვადით.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მ. ლ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 24 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით შეიცვალა: მ. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ლ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ლ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს განჩინების გაუქმებას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მას ბრალად არ ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით. ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისას მ. ლ-ე ნასამართლევი იყო საქართველოს 1960 წელს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 252-ე მუხლით. ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, მ. ლ-ის მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია) არ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე