განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№11051-13 1 აპრილი, 2013 წელი
მ-ი კ., 11051-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - გ. ქ-ს
მსჯავრდებულ - კ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ს საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თბილისის პრობაციის ბიუროდან შემოსული მსჯავრდებულ კ. მ-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განაჩენით კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,208-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (2 წელი თითოეული ეპიზოდისათვის), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დაუწესდა გამოსაცდელი ვადა - 6 წელი. ასევე დაჯარიმდა 5000 ლარით.
ხაშურის რაიონულ სასამართლოში თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ კ. მ-ს პირადი საქმე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული კ. მ-ი გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25,208-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამნისტიის გავრცელების შედეგად დაუდგინდა პირობითი მსჯავრი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და გამოსაცდელი ვადა - 10 თვე და 24 დღე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ კ. მ-ს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული პირობითი სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოსაცდელი ვადის - 10 თვისა და 24 დღის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 13 აპრილიდან, რაც დღეის მდგომარეობით მთლიანად გასულია, იგი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებული კ. მ-ი მთლიანად გათავისუფლდეს პირობითი სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული პირობითი სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოსაცდელი ვადა - 10 თვე და 24 დღე მთლიანად გასულია.
კ. მ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე