დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1445-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14451-13 23 აპრილი, 2013 წელი

ბ-ი ნ., 14451-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 700000 ლარი ჯარიმა, 25-ე,221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით პირობითი სასჯელი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ ნ. ბ-ს განესაზღვრა ჯარიმა – 700000 ლარი და 1 წლით პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ნ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით პირობითი მსჯავრი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 60000 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 16 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით.

2013 წლის 22 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ნ. ბ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25-ე,221-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ უნდა შემცირებულიყო გამოსაცდელი ვადა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ნ. ბ-ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის პირობით მსჯავრად 1 წლისა და 6 თვის განსაზღვრა კანონიერია. რაც შეეხება მისთვის განსაზღვრულ გამოსაცდელ ვადას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის დადგენილი გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი, რაც პროპორციულად ერთი მეოთხედით შემცირების შემთხვევაში არის 9 თვე. შესაბამისად, ნ. ბ-ს გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს პირობით მსჯავრზე 9 თვით მეტი - ანუ 2 წელი და 3 თვე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას გამოსაცდელ ვადად უფრო ნაკლები - 2 წელი განესაზღვრა, ხოლო საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება, რომლითაც ნ. ბ-ს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე