დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1916I-13 ქ. თბილისი
მ-ი ა., 1916I-13 2 აგვისტო, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. კ-ის
ადვოკატ _ დ. ბ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. მ-ის
თარჯიმან _ გ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ.ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 3 დეკემბერს ქ. ერევნის კენტრონის საგამოძიებო განყოფილებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე № ა. მ-ისა და სხვათა მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გატაცების მიზნით ყაჩაღობის ფაქტზე (სომხეთის სსკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტი).
2005 წლის 14 ივნისს № სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ა. მ-ის მიმართ და გაგრძელდა გამოძიება № –ით.
2005 წლის 12 ოქტომბერს ა. ბ-ის ძე მ-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და ცნობილ იქნა ბრალეულად სომხეთის სსკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით.
ქ. ერევნის კენტრონისა და ნორკ მარაშის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით ა. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. იმავე დღეს გამოცხადდა ძებნა. 2005 წლის 30 დეკემბერს ა. მ-ის მიმართ დაზუსტდა ბრალდება.
2008 წლის 16 ოქტომბერს ა. მ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა წითელი ცირკულარით.
2013 წლის 8 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. მ-ი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. 2013 წლის 17 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობისა და თანდართული შესაბამისი საექსტრადიციო მასალების ასლები ა. მ-ის ექსტრადიციის შესახებ.
2013 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ–პროკურორმა თ. ხ-მა და ითხოვა ა. მ-ის ექსტრადიციისათვის სომხეთის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა სომხეთის სსკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი სომხეთის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. მ-ის ექსტრადიციის შესახებ, სომხეთის სსკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ა. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმებას და პატიმრობიდან გათავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. მ-ს სომხეთის რესპუბლიკაში არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია; მისთვის წაყენებული ბრალდება სიცრუე და აბსურდია; 2004 წლის დეკემბრიდან იგი ცხოვრობს საქართველოში; მან არ იცოდა, რომ იძებნებოდა, მუშაობდა მშენებლობაზე, დაოჯახდა და შეეძინა შვილი; არ ჩაუდენია არც ერთი კანონდარღვევა; ა. მ-ს მოსწონს საქართველოს კანონმდებლობა, სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და არ უნდა სომხეთში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. მ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2013 წლის 8 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა. მ-ისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, პალატა აღნიშნავს, რომ არ იხილავს ა. მ-ის ბრალეულობის საკითხს. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ მოტივით, რომ ა. მ-ს მოსწონს საქართველოს კანონმდებლობა, სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და არ უნდა სომხეთში დაბრუნება - მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, ცნობს და აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი სომხეთის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. მ-ის ექსტრადიციის შესახებ, სომხეთის სსკ-ის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე