დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№19391–13 26 სექტემბერი, 2013 წელი
ლ-ი ა-ე 1939 1–13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ჭ-ის
ადვოკატ – ზ. ხ-ას
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ლ-ის
თარჯიმან – დ. შ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის–ა. ლ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ქ-ასა და ზ. ხ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 29 დეკემბერს ქ. მოსკოვის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სდაო-ს საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია რფ-ის სსკ-ის 135–ე მუხლის მე–2 ნაწილით.
2013 წლის 16 იანვარს ა. ლ-ს წარედგინა ბრალი რფ-ის სსკ-ის 135–ე მუხლის მე–2 ნაწილით (გარყვნილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ჩერემუშკინის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის დადგენილებით ა. ლ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შინაპატიმრობა – 2013 წლის 16 იანვრიდან იმავე წლის 28 თებერვლამდე ვადით.
ვინაიდან ა. ლ-მა დაარღვია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და დაემალა რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებს, 2013 წლის 8 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ფედერალური ძებნა. ამავე საფუძვლით 2013 წლის 14 მარტს გამოცხადდა ა. ლ-ის საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ჩერემუშკინის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით წინა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის და მიმალვის გამო ა. ლ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
საქართველოს შს სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლის 13 აპრილს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში, სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ა. ლ-ი.
ზემოხსენებულის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ა. ლ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განჩინებით ა. ლ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განჩინება ა. ლ-ის მიმართ 3–თვიანი საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ დარჩა ძალაში.
2013 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორმა ნ. ჭ-მა და ითხოვა საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კიდევ 3 თვით – 2013 წლის 13 ოქტომბრამდე გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ა. ლ-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით – 6 თვემდე, 2013 წლის 13 ოქტომბრამდე.
ა. ლ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2013 წლის 13 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით პროკურორ ნ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. ლ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 135–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინების თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ა. ლ-მა და მისმა ადვოკატებმა – ე. ქ-ამ და ზ. ხ-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორებმა საჩივარში აღნიშნეს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არის პირადი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი; ჰყავს ქართველი მეუღლე; დაავადებულია დიაბეტის მძიმე ფორმით; ექსტრადიციით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რის გამოც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის ექსტრადიციის შესახებ განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ლ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2013 წლის 13 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
რაც შეეხება ექსტრადირებული პირის – ა. ლ-ისა და დაცვის მხარის პოზიციას, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი. შესაბამისად, ექსტრადირებული პირის პოზიცია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული, არის პირადი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ჰყავს ქართველი მეუღლე, დაავადებულია დიაბეტის მძიმე ფორმით, ექსტრადიციით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე - მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, ცნობს და აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. ლ-ის ექსტრადიციის შესახებ, რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ლ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ქ-ასა და ზ. ხ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი